24 მარტს, კინოს სახლში ახალგაზრდების ჯგუფმა "ევრაზიული ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო ღონისძიება გააპროტესტეს. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარბაზში შეაღწია და უყურა დოკუმენტურ ფილმს სერბეთში ნატოს სამხედრო ოპერაციის შესახებ. შემდეგ ადგა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიტყვა თხოვა. სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდამ ალიანსის მოქმედებები დაგმო, შემდეგ 2008 წლის საქართველო რუსეთს შორის ომზე ომახიანად დაიწყო საუბარი. დასასრულს ხმას დაუწია და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული მოქმედება ცხინვალში აგრესია კი არა, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ბოლოს იქ მყოფთ მოუწოდა, რომ მოდით ფეხზე წამოვუდგეთ 2008 წლის ომში დაღუპულ რუს გმირებსო. დარბაზში მყოფთა გარკვეული ნაწილი წამოდგა ფეხზე. შემდეგ კი ჩხუბი ატყდა. "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ამ ახალგაზრდას, ალექსანდრე კვახაძეს და "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელ გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.
ალექსანდრე კვახაძე, აქციის მონაწილე:
- მე და ჩემმა ორმა თანამოაზრემ, ცოტნე მამულაშვილმა და ალექსი შოშიკელაშვილმა გავიგეთ, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეები პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებას აპირებდნენ კინოს სახლში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად შეგვეშალა ხელი მტრის პროპაგანდისთვის და წინა ღამეს ვიწრო წრეში დავგეგმეთ სპეცოპერაცია. ჩვენ სამმა ფარულად მოვახდინეთ დარბაზში ინფილტრირება, თუმცა ცოტნე მამულაშვილი პოლიციის თანამშრომელმა ამოიცნო და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დარბაზი. სპეცოპერაცია მოიცავდა დარბაზში ინფილტრირებასა და პრორუსული განცხადების გაკეთებას და ამით იქ მსხდომთა ლუსტრირებას. ამ ყველაფრის კატალიზატორი უნდა ყოფილიყო რუს ტერორისტთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი და შემდეგ ფეხზე ამდგართა მხილება. საბოლოო ჯამში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის სპეცოპერაციები სულ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს თუკი საქართველოში არ დასრულდება ევრაზიის კავშირის იდეების პროპაგანდირება ჩვენ მათ ყველგან დავხდებით.
- კადრებში ჩანს, რომ ვიღაცას სცემდნენ, თქვენ ხომ არ იყავით გამოსვლის შემდეგ მათი აგრესიის ობიექტი?
- არა, ეს მე არ ვყოფილვარ. ფიზიკურად სხვა ახალგაზრდას გაუსწორდნენ, ოღონდ უკვე ფილმის ჩვენების შემდეგ. მე ყველაფერი სუფთად შევასრულე. მომავალშიც ვაპირებთ კანონის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებების გაკეთებას. სხვათაშორის, უნდა აღვნიშნო, რომ პატრულის თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი სპეცოპერაცია, რუსეთუმეებს რომ "ვაჭამე" ამისთვის შემაქეს კიდეც.
- თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ სერბეთში ნატოს მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულებზე. "ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბოლო სიტყვები, რაც რუს სამხედროებს შეეხებოდა, ხმადაბლა წარმოთქვით. ვიდეო მასალაში მართლაც ჩანს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, უკან მსხდომებს თქვენი ბოლო ფრაზები გაეგონათ.
- არა! ისინი ზუსტად იმიტომ ადგნენ, რომ პატივი მიეგოთ საქართველოს დამპყრობლისთვის. მაგალითად, შოთა აფხაიძე, რომელიც ღიად მუშაობს რუსეთის საგარეო დაზვერვაზე , მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტისას იქაურ რუს და ოს ექსპერტებთან საკუთარ სამშობლოს დააბრალა ოსების გენოციდი და ომის დაწყება. ასეთი ადამიანებისგან რუსი ტერორისტებისთვის პატივის მიგება გასაკვირი არ არის.