ცნობილმა ტელესახემ ზოოპარკში გადაინაცვლა - ქალბატონი, რომელმაც ცხოველების ენა იცის (+6 ფოტო)

ცნობილმა ტელესახემ ზოოპარკში გადაინაცვლა - ქალბატონი, რომელმაც ცხოველების ენა იცის (+6 ფოტო)

მზია შარაშიძე თბილისის ზოოპარკში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. დიდი ხანი არ არის, რაც იქ მუშაობს, მაგრამ როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ცხოველები უზომოდ უყვარს (ალბათ, გახსოვთ, ერთი პერიოდი ტელესახეც იყო, მისი ეკრანული სახელი კი - ლუკა).

- სულ ვამბობდი, ზოოპარკში მინდა მუშაობა-მეთქი, ცხოველებთან ახლო ურთიერთობა რომ მქონოდა. ისე, არც "დისქავერიზე", "ენიმალ პლანეტზე" და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე" მუშაობაზე ვიტყოდი უარს. მოკლედ, "რედიქსიდან" რომ წამოვედი, პიარისა და მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანიის დაარსება დავიწყე, ანუ სხვადასხვა კომპანიას უნდა მოვემსახურო.

- მერე დაარსე უკვე კომპანია?

- ჯერჯერობით კომპანიებს დამოუკიდებელ პიარ-კონსულტაციებს ვუწევ. თუმცა მინდოდა, ჯერ დამეარსებინა და კონსულტირება მერე დამეწყო, მაგრამ პირიქით მოხდა. მოკლედ, იმდენი კლიენტი მყავს, რომ ვეღარ ვიცლი, რომ კომპანიის საქმე საბოლოოდ დავასრულო. ერთხელაც "ფეისბუქზე" აღმოვაჩინე, რომ ზოოპარკში ვაკანსია იყო (ანუ პოზიცია, რაზეც ახლა ვმუშაობ). ახალ სამსახურს არ ვგეგმავდი, არც მჭირდებოდა, თან, იმ განცხადებების მიღების ვადაც ამოწურული იყო, მაგრამ ჩემი სივი მაინც გავგზავნე, რასაც აფრიკაში გადაღებული ფოტოებიც დავურთე. მეორე დღესვე დამირეკეს და გასაუბრებაზე მივედი. ბოლოს მითხრეს, ჩვენი თანამშრომელი ხარო.

- ისე, ზოოპარკში მუშაობა კარგ პერიოდში მოგიწია. გამრავლდა ლომი, ვეფხვი, ზებრა... როგორ არიან ახლა "ჩვილები?"

- კარგად არიან "ბავშვები". ორი დღის წინ გარე ვოლიერში გადავიყვანეთ ჩვენი ყველაზე პოპულარული თეთრი ლომის ბოკვერი. ლომმა 4 ბოკვერი გააჩინა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, რადგანაც დედამ არ მიხედა. სამ თვემდე იზოლირებულად, შენობაში იყო, მაგრამ რადგანაც გამოთბა, მისი გარეთ გამოყვანა უკვე შესაძლებელია. თან, ბოკვერის ნახვას შიგნით ნაკლებად ახერხებდნენ, ახლა კი ყველა მოინახულებს.

- ვიცი, რომ ცხოველებთან ახლოს მიდიხარ, ბოკვერები ხელში აგყავს, გველსაც უშინაურდები. არ გეშინია?

- ადამიანს შიში გაქვს მაშინ, როცა ცხოველი რაღაც საფრთხეს შეიცავს. მაგრამ გააზრებული რომ გაქვს, რეალურად საფრთხე არ არსებობს, აღარ გეშინია. საერთოდ, ცხოველების მიმართ უაზრო შიში არც მქონია. ბავშვობიდან მათი  დიდი სიყვარული მქონდა. მყოლია კატა, ჩიტები ახლაც მყავს, მაქვს თევზების აკვარიუმი, ჩვენთან სახლში დიდი ძაღლი, გერმანული ნაგაზი ცხოვრობს.

- მგონი, ახალმა სამსახურმა მეტი შანსი მოგცა, შენს საყვარელ ცხოველებს (ლომი, ვეფხვი, მგელი...) მიახლოებოდი.

- მე და ჩემი მეუღლე დიდი მოგზაურები ვართ. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩავსულიყავით, ყველგან ჯერ ზოოპარკში მივდიოდით. მის დათვალიერებას მთელ დღეს ვუთმობდით. ერთხელაც, 2008 წელს აფრიკაში წავედით. შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო, გვინდოდა, გვენახა ზოოპარკი ღია ცის ქვეშ. ჰოდა, იმ ბუნებაში მივუახლოვდი პირველად ლომს, სპილოს, ჟირაფს...

ახლა კი, ყველა ბოკვერი ლომისაც და ვეფხვისაც ხელში მყავს აყვანილი. რომ გაიზრდებიან, ვოლიერში ვეღარ შევალ მათთან, მაგრამ სათქმელი მექნება, პატარა რომ იყო, ხელში ამიყვანია-მეთქი. აქ მუშაობით მართალაც მათთან ურთიერთობის უნიკალური შესაძლებლობა მომეცა...

მინდა, გითხრათ, რომ ზოოპარკში შიგნიდან უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია და ზოგადად გარედან ჩანს. ამას კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის ვამბობ. აკრიტიკებენ აქაურობას და ზოგიერთი მათგანი ჩვენთან 10 წელია, არც ყოფილა. მოარული აზრი, რომ ზოოპარკში ცხოველები ცუდ მდგომარეობაში არიან: არ აჭმევენ, არ უვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთან ყველა ცდილობს, რომ საუკეთესო პირობები შეუქმნას მათ. დიდი დაფინანსება რომ არსებობდეს, ბევრად კარგი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ იმ პირობებით, რისი საშუალებაც გვაქვს, კარგი მდგომარეობაა შექმნილი. ეს აისახება იმაზეც, რომ ჩვენი ცხოველები მრავლდებიან. მსოფლიო ზოოპარკების ისტორიაში თეთრი ლომების გამრავლებას სულ ცდილობენ და ეს ჩვენთანაც გახდა შესაძლებელი.

- მოკლედ, ხარ ადამიანი, რომელსაც ცხოველის ენა ესმის და გვითხარი, რა უნდათ ცხოველებს?

- ცხოველებს უნდათ კარგი მოპყრობა. ისე გააჩნია, - ზოგს სითბო და ალერსი უნდა, ზოგს სულ არ აინტერესებს ეს. მაგალითად, ჩემს ძაღლს მხოლოდ სეირნობა და გარეთ ყოფნა სურს. თითოეულ ცხოველს მისთვის დამახასიათებელი თვისებები და ხასიათი აქვს. ისე, ზოოპარკში მომვლელებმა ყველაზე კარგად იციან, რა უნდათ ცხოველებს!

- როდის იკბინებიან და აგრესიას როდის ავლენს?

- თავდაცვის მომენტში... კბენა მათთვის ძირითადად თავდაცვის გამოვლინებაა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია