რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბანკთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ - აუცილებლად საკითხავი ბანკის კლიენტებისთვის

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბანკთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ - აუცილებლად საკითხავი ბანკის კლიენტებისთვის

რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ბანკთან ხელშეკრულებას (კრედიტი, იპოთეკა და განვადება) ვაფორმებთ. ამ თემაზე ტელე-რადიო "პალიტრის" დილის გადაცემაში, "დილის პალიტრაში" მსმენელს რჩევები ადვოკატმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრმა, გიორგი თითბერიძემ მისცა. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.

- ბატონო გიორგი, პირველ რიგში, რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე კრედიტის აღებას გადავწყვეტთ და რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც ახლა აქვს გადაწყვეტილი ამ ნაბიჯის გადადგმა.

- მინდა აღვნიშნო, რომ საკითხი აქტუალურია. ალბათ, პირველ რიგში ადამიანმა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, როცა გადაწყვეტს საბანკო კრედიტის აღებას. მინდა განვმარტო, რომ საბანკო კრედიტი არის სასყიდლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტი არ იძლევა უპროცენტოდ. ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იმისთვის არის შექმნილი, რომ მან მოგება მიიღოს.

რა თქმა უნდა, რეკლამაც თავის სამსახურს აკეთებს, თუმცა რეკლამის მიმღებმა საღად უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები - რამდენად შეძლებს ის ამ მომსახურებით სარგებლობას, რამდენად შესწევს უნარი, რომ გადაიხადოს საბანკო პროცენტი.

- საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას, სამწუხაროდ, ელშეკრულებებს საერთოდ არც კი ვკითხულობთ და ისე ვაწერთ ხელს. რამდენად საფრთხის შემცველია ეს, არის თუ არა ამ დროს რეკომენდებული იურისტის კონსულტაცია?

- ეს აუცილებელია. ადამიანს, რომელიც არ არის იურისტი, ყოველთვის არ შესწევს უნარი, რომ გააანალიზოს ხელშეკრულების ტექსტში ჩამოყალიბებული იურიდიული ტერმინოლოგია.

- რას გამოყოფდით ყველაზე მნიშვნელოვანს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

- კანონმდებლობამ გაამარტივა შესაძლებლობა, რომ სესხის გამცემმა საჯარიმო, სადამსჯელო ღონისძიებები გამოიყენოს. გათვალისწინებულია კანონმდებლობით მხარეთა შეთანხმებით, საკუთრების პირდაპირ გადაცემაც კი. ან, მაგალითად, აუქციონის ჩატარება ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე.

ადამიანი, როდესაც საბანკო ხელშეკრულებას აწერს ხელს, ალბათ, მისი მოცულობიდან გამომდინარე, (როგორც წესი, რამდენიმე გვერდზეა, თან ისეთი წვრილი შრიფტით არის, ეს ცალკე თემაა, ალბათ, შემთხვევით არ იქნება წვრილი შრიფტით), უყოყმანოდ აწერს ხელს და აი, სწორედ აქ ცდება, იმიტომ რომ, ბევრი ნაღმია ჩადებული, რომლის გაცნობიერების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელი არ მოეწეროს ასეთ ხელშეკრულებას, განსაკუთრებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში.

- რა შემთხვევაში შეიძლება აქ დაზარალდეს ადამიანი, რა შეიძლება იყოს ამის უარყოფითი მხარე.

- ძალიან ბევრ ხელშეკრულებაში არის ასეთი დებულება, რომ საბანკო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი დამატებითი შეთანხმების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ სიტყვაზე, პირობითად 3%-ით გაიცა სესხი, ხვალ ბაზარზე არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, შეიძლება საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს ბანკმა და უკვე გამოდის, რომ წინასწარი თანხმობა აქვს სესხის ამღებს მიცემული. ეს ნაღმი, რა თქმა უნდა, არსებობს.

- კიდევ რა საფრთხეები არსებობს?

- სესხის გაძვირების საფრთხესთან ერთად, არსებობს საკუთრების პირდაპირ გადაცემის საშიშროება, რაც მოგახსენეთ, კანონიდან გამომდინარეა, ანუ თავდაცვის მექანიზმს ადამიანი ხშირად თავადვე ისპობს და იმ შემთხვევაში, თუ სესხი ვერ დაფარა, საშუალებას აძლევს ამა თუ იმ საბანკო დაწესებულებას, რომ პირდაპირ მოახდინოს საკუთრების გადაფორმება.

- ამ შემთხვევაში, ალბათ, სასამართლო დავასაც არ აქვს აზრი.

- დავა შეიძლება უსაგნოც აღმოჩნდეს, ხშირ შემთხვევაში, იმიტომ, რომ საკუთრებაში როდესაც გადავა, თუ არ გამოასახლა ბანკმა ადამიანი, ქირას გადაახდევინებს საბაზრო საფასურიდან გამომდინარე.

- ბატონო გიორგი, იქნებ განვასხვაოთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან აღებული სესხი უფრო სანდოა, თუ ბანკისგან, რა განსხვავებაა მათ შორის?

- კეთილსინდისიერების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ალბათ უფრო ბანკი, არ ეწყინოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ყველას არ ეხება ეს...

- მაინც რაში გამოიხატება ეს არაკეთილსინდისიერება?

- პირდაპირ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთის ბანკთან შედარებით უფრო მეტი ოდენობის დადგენა, უფრო მკაცრი პირობების განსაზღვრა, რაც ვიმეორებ, სესხის აღების დროს შეუმჩნეველია, იმიტომ რომ გაუთვითცნობიერებელია ადამიანი, რომელსაც სასწრაფოდ დაჭირდა ფული. მათი მიმზიდველობა კი გამოიხატება იმაში, რომ ბანკთან შედარებით, უფრო მოკლე დროში გასცემენ სესხს და პირობებია უფრო კაბალური.

- რა შემთხვევაშია შესაძლებელი ადამიანმა მოიგოს დავა. ვგულისხმობ დაზარალებულის მხრიდან წამოჭრილი დავა.

- მაგალითად, ახლა მაქვს წარმოებაში ასეთი საქმე, როცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გასცა კრედიტი არაქმედუნარიან პირზე.

ის არაქმედუნარიანი იყო მისი გონებრივი განვითარებით, მაგრამ მას თავის სახელზე გააჩნდა კერძო საკუთრება, რომელიც იპოთეკით ჩაადებინა და ბანკს სულ არ ანაღვლებდა, ის გადაიხდიდა თუ არა. იმთავითვე, პრინციპში, ადამიანთან გასაუბრებით ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ ის არ იყო თავისი მოქმედებების განმკარგველი და აქედან გამომდინარე, იმდენად მიმზიდველი ქონება გააჩნდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ასეთ ავანტიურაზეც წავიდა. სასამართლომ ეს პირი აღიარა არაქმედუნარიანად და ახლა დავა მიმდინარეობს ასეთი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.

იპოთეკის ხელშეკრულება რადგან ვახსენე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო იპოთეკით დატვირთვის საშიშროება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მსესხებელი არ არის ქონების მეპატრონე და ქონების პატრონი თავდებად უდგება სესხის ამღებს და იპოთეკით ტვირთავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ ბანკის სასარგებლოდ მის სახელზე არსებულ ქონებას. ადამიანთა ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ გაცნობიერებული ის საშიშროება, რაც შეიძლება დაემუქროთ ასეთი მოქმედებით. ხშირად ახლობელს, ნათესავს, მეგობარს კეთილ სამსახურს უწევენ იმისათვის, რომ ამ პირმა აიღოს სესხი ბანკიდან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მათ სახელზე, ანუ არამსესხებლის სახელზე, მსესხებლის ახლობლის სახელზე რიცხულ ბინას ტვირთავენ იპოთეკით, მაგრამ პრობლემა და საშიშროება სწორედ ის არის, რომ ადამიანს, მსესხებელს, რომელსაც საშიშროება შეექმნება, მისი გადასახდელი აღარ ხდება, იპოთეკით დატვირთული ქონებით ხდება ამ თანხის ანაზღაურება და აი აქ, კეთილი საქმის გამკეთებელს, ეს სიკეთე უბრუნდება ბუმერანგად, უარყოფითი დატვირთვით.

- და ბოლოს, რამდენიმე ოქროს რჩევას ხომ ვერ მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ სესხის აღება ახლა ან სამომავლოდ.

- ალბათ, შემაჯამებელი სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ პირველ რიგში, მსესხებლის გადახდისუნარიანობა უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი სესხის აღების დროს; რამდენად შესწევს უნარი სესხის ამღებ პირს, რომ გადაიხადოს ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი ძირითად თანხასთან ერთად. ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ როგორც კი დაირღვევა სესხის გადახდის გრაფიკი, საჯარიმო სანქციები ერთვება, ანუ დამატებითი სანქცია, დამატებითი ფულადი თანხაც ხდება გადასახდელი.

- და სწორედ ასე ხდება ე.წ. კლიენტის გაშავება?

- დიახ, და თუ ვერ გადაიხადა, მერე შავ სიაში შეაქვს ბანკს, რაც იმას ნიშნავს, გარდა იმისა, რომ თანხა აუცილებლად გადასახდელია, სხვა საბანკო დაწესებულება უკვე ვეღარ გასცემს ასეთ პირზე ახალ კრედიტს.

იხილეთ ინტერვიუს ვიდეოვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია