რა ჯდება სამაშველო ოპერაციები საქართველოში - "უბედური შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება"

რა ჯდება სამაშველო ოპერაციები საქართველოში - "უბედური შემთხვევების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება"

ერთი კვირის წინ სვანეთში უცხოელი ტურისტები დაიღუპნენ. ისინი აქ საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოვიდნენ და სოფელ უშგულში, მთაზე სრიალისას ზვავში მოჰყვნენ. ხუთიდან ოთხი გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი გადარჩა და დახმარებისათვის მაშველებს სწორედ მან მიმართა. როგორც გაირკვა, ექსტრემალი ტურისტები ზვავსაშიშ ტერიტორიაზე სრიალებდნენ, სადაც მათი ყოფნა არ შეიძლებოდა.

როდესაც საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული, თუ ადგილობრივი ტურისტების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მით უმეტეს, ბოლო წლებში ტურისტთა დაკარგვისა და დაღუპვის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა, განსაკუთრებით - მთაში. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ერქომაიშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არაერთი პრობლემაა გადასაჭრელი:

- ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ: რაც უფრო იზრდება ტურისტების რიცხვი, მით მეტი უბედური შემთხვევა ხდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდავს პროფესიონალი გამყოლის, მეგზურის გარეშე მთაში წასვლის მსურველთ. არც ერთი ქვეყნის მთის კურორტზე, თუნდაც ალპები ავიღოთ, ან ტიბეტი, ან თურქეთის მთიანეთი, ნებისმიერ მსურველს არა აქვს უფლება ადგეს და მთაში წავიდეს, ხოლო თუ მიდიან, თვითონ არიან პასუხისმგებელნი საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენს გარდა, ამ საკითხს ყველგან კანონი აწესრიგებს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სამთო ტურიზმია განვითარებული, კანონმდებლობა სასტიკად კრძალავს თავისუფლად ასვლას სახიფათო ადგილებში.

- საინტერესოა, ვინ და როგორ აფინანსებს სამაშველო სამუშაოებს?

- საქართველოში სამაშველო სამუშაოები ჩვენი ჯიბიდან, ანუ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება. წარმოიდგინეთ, ჩამოვიდა აქ უკრაინელი, რუსი, შვეიცარიელი, ან გერმანელი ტურისტი, წავიდა სადღაც მთაში და ფეხი იღრძო, ან მოიტეხა. რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახურში დარეკავს... მარტო ვერტმფრენის გადაფრენა 10 ათასი ლარი ჯდება, არაკომერციულ, ანუ სახელმწიფო ვერტმფრენს საათში 800 დოლარის საწვავი სჭირდება, ხანდახან სამძებრო სამუშაოები გრძელდება 3-დან 10 საათამდე, რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, რომ 7 ათასი დოლარი მარტო საწვავის ფული იხარჯება. ტურისტი ჩამოდის და ქვეყანაში ტოვებს ათას ლარს, ხიფათის შემთხვევაში კი მასზე იხარჯება 30 ათასი დოლარი - ეს ნამდვილად არ არის მომგებიანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. უცხოეთში კი რა ხდება? - როდესაც მთაში მიდიხარ, თუ სადაზღვევო პოლისი არა გაქვს, ვერტმფრენი არ მოგაკითხავს იმიტომ, რომ დაზღვეული არა ხარ და შესაბამისად, ფულიც არ გაქვს გადახდილი. ან თუ მოგაკითხავს, მოგვიანებით მოგიწევს მთელი თანხის ანაზღაურება. შვეიცარიაში ამისათვის 30-ფრანკიანი დაზღვევა არსებობს. ამ ქვეყანას სულაც არ უჭირს, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე უცხოელ ტურისტებს არავინ აფინანსებს. ჩვენთანაც, არ შეიძლება სახელმწიფო ამ საქმეში პენსიონერების ფულს იხდიდეს. აქვე უნდა ვახსენო კიდევ ერთი პრობლემა: ძალიან ბევრ გამყოლს არა აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ ტურისტებს ექსტრემალურ პირობებში გაუძღვეს. ამას ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩვენ გავხსენით სამთო გამყოლთა სკოლა, ეს არის ფაკულტეტი, სადაც სწავლება მსოფლიო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ტურისტებს კვალიფიციურმა, პროფესიონალმა გამყოლებმა უნდა უხელმძღვანელონ.

- თუმცა, ცნობილი გახდა, რომ სვანეთში დაღუპული ტურისტები არც გაფრთხილებას დაემორჩილნენ და არც აკრძალვას.

- რატომ გვიკვირს? დავუშვათ, მე უცხოელი ვარ, ჩავედი მესტიაში და მინდა ავიდე თეთნულდზე, ან შხარაზე, ბუნებრივია, არავის აკრძალვას არ დავუჯერებ. სისტემა არ არსებობს, რომელიც ამას გააკონტროლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია