ვინ ასუფთავებს უნიტაზებს და ვის აქვს დამცირების თმენის ვალდებულება - ყველაფერი ქართული ოჯახების შესახებ

ვინ ასუფთავებს უნიტაზებს და ვის აქვს დამცირების თმენის ვალდებულება - ყველაფერი ქართული ოჯახების შესახებ

საქართველოში მამების 82% სკოლამდელი ასაკის შვილებს არ უკითხავს წიგნებს, არ უმზადებს საჭმელს, არ მიჰყავს სკოლაში ან გასართობად. 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მამების 93% არ ესაუბრება მათ მასწავლებლებს, არ უმზადებს საჭმელს, არ უკითხავს წიგნებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კაცების 54% ფიქრობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს - ეს 2013 წელს საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" შედეგებია.

კვლევის მიზანი გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულების გამოვლენაა. საქართველოს 11 რეგიონში 2408 რესპონდენტის ( 18 წლის და უფროსი ასაკის ქალები და მამაკაცები) გამოკითხვის შედეგად, მათი საოჯახო საქმეებში ჩართულობის, პარტნიორთან/მეუღლესთან თანაცხოვრებისა და გამოცდილების გაცნობა გახდა შესაძლებელი, რაც საერთო ჯამში გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებსა და ქალებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მიმართ.

კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახში კაცები ყველაზე ნაკლებად ჰიგიენური ნორმების დაცვაში იღებენ მონაწილეობას, ყველაზე მეტად კი ჩართულნი არიან საოჯახო ნივთების შეკეთებაში (ამაზე მიუთითებს კაცების 90% და ქალების 84%), გადასახადების გადახდასა და საჭმლის ყიდვაში.

როგორც კაცების, ისე ქალების მონათხრობიდან ირკვევა, რომ საოჯახო საქმეებიდან ყველაზე ნაკლებად "მამაკაცურ საქმედ" აბაზანისა და საპირფარეშოს დასუფთავება მიიჩნევა. ჰიგიენასთან დაკავშირებულ საქმეში მამაკაცისა და ქალის თანაბარ ჩართულობაზე გამოკითხული ქალების 11, ხოლო მამაკაცების 18% მიუთითებს.

აშკარაა, რომ საოჯახო საქმეები სქესის ნიშნით ე.წ. "კაცურ" და "ქალურ" საქმეებად ჯგუფდება. ტანსაცმლის გარეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ბავშვ(ებ)ის მოვლა "ქალური" საქმეებია.

რამდენად დაცულია ქალსა და კაცს შორის თანასწორობა ოჯახში ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით?

აღნიშნული კითხვა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის ფულის ხარჯვა ოჯახისთვის საჭმლისა და ტანსაცმლის შესაძენად, აგრეთვე საოჯახო ნივთების შეძენა, ბავშვებისთვის განათლების მიცემის გადაწყვეტილება, მათი სპორტით დაკავება და ა.შ.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეუღლეები ერთობლივად მონაწილეობენ.

დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, რესპონდენტთა 89% ეთანხმება. თავად ქალების 86% კი ოჯახზე ზრუნვას სავსებით, ან ნაწილობრივ მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად.

კაცების მხოლოდ 14% და ქალების 10% ეთანხმება, რომ "ქალმა უნდა მოითმინოს ფიზიკური შეურაცხყოფა, რათა შეინარჩუნოს ოჯახი". თუმცა ვითარება გაცილებით იცვლება, როდესაც საქმე სიტყვიერ ( ფსიქოლოგიურ) შეურაცხყოფას ეხება: კაცების 65% და ქალების 53% ეთანხმება დებულებას, რომ "ქალმა უნდა მოითმინოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს".

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მშობლების უმეტესობა (83%) არ ესაუბრება 18 წლამდე შვილებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მაშინ, როცა 18 წლამდე სქესობრივი კავშირი ჰქონია გამოკითხული მამაკაცების 69 და ქალების 16%-ს.

აღნიშნული კვლევა საკმაოდ ვრცელია და ბევრ საინტერესო ასპექტს მოიცავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო აბორტის თემაა. პარტნიორთან ან მეუღლესთან მცხოვრები ქალების 34% ამბობს, რომ ნაყოფი მოუშორებია, ხოლო 9% აღიარებს, რომ აბორტი სქესის შერჩევის მიზნით გაიკეთა.

კვლევა განხორციელდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ, გაერო მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით. კვლევის ფარგლებში მომზადდა საინტერესო ანიმაცია "კაცების ჩართულობა ოჯახში", რომელიც კვლევის შედეგების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს.

იხილეთ ვიდეო

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია