"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში

"საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ" - რა გახდა საზარელი მკვლელობის მიზეზი ავჭალაში

საშინელება მოხდა, ყველანი შოკში ვართ, როგორ შეიძლება მეზობელმა მეზობელი მოკლას, - ასე აღწერენ ავჭალაში, ჩიქვანაიას ქუჩის მცხოვრებნი გუშინ მომხდარ საზარელ მკვლელობას.

გამოძიების ინფორმაციით, ოთხჯერ ნასამართლევმა 34 წლის არსენ ლებანიძემ მეზობელი, 56 წლის ლიანა ბარათაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. ლებანიძე დედასთან ერთად ჩიქვანაიას ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მე-13 სართულზე ცხოვრობდა, ბარათაშვილი კი თავის ვაჟთან ერთად - მე-12-ზე. მკვლელობაში ბრალდებულმა მოკლულს ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ლებანიძე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ის დანაც, რომლითაც ბრალდებულმა ბარათაშვილი მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, მოკლული დედა პირველი საკუთარმა შვილმა ნახა.

"სამსახურიდან დაბრუნებული ჩემთან მოვიდა ლიანას ვაჟი და მწვანილი იყიდა, სახლში აჰქონდა. როდესაც სახლში ავიდა და კარებს არავინ უღებდა, მერე თვითონ გააღო და ასეთი სურათი დახვდა", - აცხადებს მეზობელი, რომელსაც საცხოვრებელ კორპუსთან პატარა ჯიხური აქვს.

გამოძიება მკვლელობის მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, თუმცა მეზობლებს საკუთარი ვერსია აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ ლებანიძეს ეგონა, ან იცოდა, რომ ბარათაშვილის სახლში ფული იყო. ბარათაშვილი ვაჭრობით იყო დაკავებული.

"ეტყობა ფული უნდოდა, მთვრალი იყო, გალეშილი და ალბათ, გაძარცვის მიზნით მივიდა. ნაციხარი იყო და ამიტომ არის, რომ ყველა არ უნდა გამოუშვა ციხიდან", - აცხადებენ მეზობლები.

მათთვის უცნობია, მოახერხა თუ არა მკვლელმა რაიმე თანხის ან ნივთების წაღება.

"ძირითადი ვერსია ყაჩაღობაა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ნივთები სახლში არეული იყო, ალბათ, რაღაცას ეძებდა. შინაური რომ იყო მკვლელი, თავიდანვე მივხვდით, რადგან უცხოს გარდაცვლილი კარებს არ გაუღებდა", - აცხადებენ მეზობლები.

ისინი ლიანა ბარათაშვილს ძალიან დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ბარათაშვილი მათ ხშირად ეხმარებოდა.

რაც შეეხება არსენ ლებანიძეს, მათი თქმით, ბოლო პერიოდში ის ნორმალურად იქცეოდა.

ლიანა ბარათაშვილს ქალ-ვაჟი დარჩა. ვაჟი დაახლოებით 30 წლისაა და საქართველოში მუშაობს, გოგონა კი გერმანიაშია გათხოვილი და სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება ქვეყანაში. ბარათაშვილმა შვილები მარტომ გაზარდა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე გრძელდება.

ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია