რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"

რა დაუმტკიცა მეგობრებს "მის საქართველომ"

9 თებერვალს სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრმა" სილამაზის კონკურსი ჩაატარა, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით, "მის საქართველო 2014" 20 წლის ანა ზუბაშვილი გახდა. "გახარებული და ბედნიერი ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი", - ამბობს ის და იმედოვნებს, რომ "მის მსოფლიოზე" საქართველოს ღირსეულად წარადგენს.

-  ჩემი ოჯახი ცხინვალიდან დევნილია. 1991 წელს ჩემს მშობლებს ქალაქის დატოვება მოუხდათ. იმ პერიოდში მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. ცხინვალის დატოვების შემდეგ ჯერ გორში ცხოვრობდნენ, მერე კი, როცა მეექვსე კლასში ვიყავი, თბილისში გადმოვედით და მას შემდეგ აქ ვართ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობ. დედა და მამა ბიოლოგები არიან, მაგრამ პროფესიით არ მუშაობენ.

-  მომავალში ბიზნეს-ლედი გინდა, გახდე?

-  ჩემი სპეციალობა ძალიან მომწონს და მინდა, ამ საქმეს ბოლომდე გავყვე. დიახ, სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის აწყობას ვგეგმავ.

-  რამდენი დედმამიშვილი გყავს?

-  მყავს 14 წლის ძმა და 24 წლის და. ჩემი და ცხინვალშია დაბადებული. 10 თვის იყო, მშობლებთან ერთად იქაურობის დატოვება რომ მოუხდა.

-  სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ვინ გირჩია?

-  "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მირჩიეს. თუმცა, მეგობრებს ეჭვი ეპარებოდათ ამ კონკურსის ობიექტურობაში. მეუბნებოდნენ, - იქ საქმეების ჩაწყობა ხდება და მაინც ვერ გაიმარჯვებო... მინდა, ყველა ლამაზ გოგონას ვურჩიო, რომ ყველანაირი შიშის გარეშე მივიდნენ ამ კონკურსზე. რა იცით, შესაძლოა, შემდეგი "მისი" თქვენ გახდეთ. ჩემს მეგობრებს დავუმტკიცე, რომ ეს ის კონკურსია, სადაც ყველაფერი ობიექტურად ხდება.

-  ამ კონკურსში 28 გოგონა მონაწილეობდა და შესაბამისად, კონკურენციაც დიდი იყო...

-  (მაწყვეტინებს) მართლაც, დიდი კონკურენცია იყო. ბოლო წუთამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, "მის საქართველო" მე გავმხდარიყავი. ეს ყველაფერი თითქოს, სიზმარი გახლდათ. როცა გამარჯვებულად დამასახელეს, ვერ გეტყვით, იმ დროს როგორი ემოცია მქონდა; გამარჯვების სიხარულიც კი ვერ გამოვხატე, დავიბენი... ახლა რომ ვუკვირდები, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდა, რომელიც გაღვიძების შემდეგ მხოლოდ კადრებად გახსოვს. კონკურსზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებს რომ ვუყურებ, ვხვდები, ახლა უფრო დიდ სიხარულსა და ბედნიერებას ვგრძნობ, ვიდრე იმ კონკრეტულ მომენტში ვიგრძენი.

-  როგორ ფიქრობ, გარდა სილამაზისა, ამ კონკურსში მონაწილეობისთვის კიდევ რა არის მთავარი?

-  საჭიროა შინაგანი შარმი, ხასიათი, ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა. თუმცა, თავად ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. ძალიან ბევრი ლამაზი კონკურენტი მყავდა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი ღირსეული "მისი" იქნებოდა.

-  ამ კონკურსისთვის როგორ ემზადებოდი?

-  მოსამზადებელი პერიოდი 2 თვე გაგრძელდა. თითქმის ყოველდღე გვქო­ნდა გადაღებები, გარდა ამისა - ვვარჯიშობდით, ვცეკვავდით.

-  ავტომობილი უკვე გადმოგცეს?

-  არა, უახლესი მოდელის "ტოიოტა რავ 4"-ს მარტის შუა რიცხვებში, საზეიმო ვითარებაში გადმომცემენ.

-  ავტომობილის მართვა იცი?

-  ახლა ვსწავლობ და იმედია, მართვის მოწმობის აღებასაც შევძლებ.

-  ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა გაიგეს, რომ "მის საქართველო" გახდი?

-  ჩემი მშობლებიც დაბნეულები იყვნენ. ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ამხელა წარმატებას მივაღწევდი. ბავშვობაში მამა "პრინცესას" მეძახდა. ამ ამბის შესახებ ნათესავებმა, ახლობლებმა იცოდნენ და ხშირად მეკითხებოდნენ: - "ანა, მამასთვის ვინ ხარ?" მათ ამაყად ვპასუხობდი, - მამას პრინცესა ვარ-მეთქი. ახლა მეგობრები ურეკავენ მამაჩემს და ეუბნებიან: ალბათ გული გიგრძნობდა, რომ უკვე ზრდასრული "მის საქართველო" გახდებოდაო (იღიმის).

-  უკვე პოპულარული გახდი. მზად ხარ იმისთვის, რომ საზოგადოების ზედმეტ ყურადღებას გაუმკლავდე?

-  ფლობდე ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წარვადგინო. ასევე, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ოჯახისა და სააგენტოს წინაშე. მინდა, მათი იმედი გავამართლო. თუ ადრე სარკეში ჩაუხედავად შემეძლო ქუჩაში გასვლა, ახლა ასე ვერ მოვიქცევი - "მის საქართველო" ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

-  თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

-  რა თქმა უნდა, კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, მათთვის ჯერ არ მცალია (იღიმის).

-  შეყვარებული არ გყავს?

-  ჩემი გული თავისუფალია.

-  როგორი მამაკაცები მოგწონს?

-  მამაკაცი პირველ რიგში, ძალიან ვაჟკაცური, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული უნდა იყოს. ამ ყველაფერთან ერთად გარეგნობაც თუ უწყობს ხელს, ეს საუკეთესო ვარიანტია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მამაკაცის გარეგნობას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

-  მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

-  15 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროთი დავინტერესდი და მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სამოდელო კონკურსში, რომელსაც "იმიჯ ცენტრი" ატარებდა. მოვხვდი 20 ულამაზეს გოგონათა შორის. თითქმის ყველა ქართველ დიზაინერთან და ფოტოგრაფთან მიმუშავია. განსაკუთრებულად მომწონს ავთანდილისა და ატელიე "კიკალასთან" თანამშრომლობა.

-  საქართველოში არსებულ სამოდელო ბიზნესზე რას გვეტყვი?

-  საქართველოში სამოდელო ბიზნესი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ევროპის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს სფერო ჰობის დონეზე უფროა.

-  იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, საკვების შეზღუდვა გიწევს?

-  დიეტას არასოდეს ვიცავ, ეს არ მჭირდება. უბრალოდ, ყოველთვის ვვარჯიშობ და ვცდი­ლობ, სწორად ვიკვებო.

-  შენი თმის ფერი ბუნებრივია თუ შეღებილი გაქვს?

-  არასდროს შემიღებავს. ვფიქრობ, თმის ფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ კონკურსში. ჩემი თმის წყალობით სხვებისგან ყოველთვის გამოვირჩეოდი.

-  ჰობი თუ გაქვს?

-  ჩემი ჰობია ხატვა და კითხვა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვხატავ ან ვკითხულობ. ძირითადად, მოდელებს ვხატავ ხოლმე.

-  კერვაც ხომ არ გეხერხება?

-  ბავშვობაში კაბებს თავად ვიკერავდი, მაგრამ კარგა ხანია, ამისთვის დრო აღარ მაქვს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება