"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"

"ავარიის დღეს თურმე ჩემს ქმარსა და მის მეგობარს, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ"

ამ ახალი რუბრიკის რესპონდენტი შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანი გახდეს, ვინაიდან საშუალებას გაძლევთ ისაუბროთ საკუთარ ცხოვრებაზე, მიღწევებზე ან უბრალოდ დააფიქსიროთ აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და ა.შ. ახალი რუბრიკა "გზის" მე-8 ნომერში დავაანონსეთ და პირველი რესპონდენტიც გამოჩნდა. მან გადაწყვიტა, ჩვენთვის საკუთარ ცხოვრებაზე მოეთხო. "არაფერი განსხვავებული, ჩვეულებრივი გარეგნობის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დათა გავიცანი. იყო დიდი სიყვარული, ქორწინება, ჩვენი პატარა გოგონა, ჩემი დაბადების დღე (მაშინ 20 წლის გავხდი), ავარია, დათას გარდაცვალება და მას მერე გაგრძელებული ჯოჯოხეთი; ჯოჯოხეთი, რომელსაც ადამიანები თავიანთი უღიმღამო ცხოვრების გასალამაზებლად ყოველდღე მიწყობდნენ", - მომწერა გოგონამ, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, მისი სახელის დაწერის უფლებაც მომცა. ნინოს თავგადასავალი კი მერწმუნეთ, მართლაც არ დაგტოვებთ გულგრილს.

-  წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. აქ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, როცა მომავალი მეუღლე გავიცანი. სასწავლებლის შენობიდან გამოსული მანქანაში ჩავჯექი. მას ავტომობილი ისე ჰყავდა დაყენებული, რომ გასვლაში ხელს მიშლიდა და ამის გამო ვიკამათეთ. როცა სიტუაცია განიმუხტა, შევრიგდით და ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. იმ დღის მერე ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. 6 თვე ვიყავით შეყვარებულები, მერე კი დავქორწინდით.

-  დაქორწინების გადაწყვეტილება სწრაფად მიგიღიათ...

-  სხვათა შორის, ამ 6 თვეში ბევრი რამ მოხდა. დათა აქტიურობდა და სადედამთილო, მამიდამისი, ოჯახის სხვა წევრებიც გამაცნო. აღდგომის დღესასწაულზე კი ქუთაისში ჩამოვიდა, რათა ჩემი მშობლები გაეცნო... არდადეგებზე ქუთაისში რომ წავედი, ერთმანეთი მალე მოგვენატრა. მთხოვა, - ჩამოდიო. დედას ვუთხარი: ერთი გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი და თბილისში უნდა წავიდე-მეთქი. ცხადია, გამომიშვა. რომ ჩამოვედი, ბევრი არ მიფიქრია, - დათას წინადადებას, ცოლად გავყოლოდი, მაშინვე დავთანხმდი.

-  შენი გაპარვა მშობლებმა როგორ მიიღეს?

-  მიუხედავად იმისა, რომ დათას უკვე იცნობდნენ და მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, ცოტა ხნით მაინც გაგვებუტნენ. განსაკუთრებით დედა ბრაზობდა: ასე რატომ აჩქარდი? ისედაც ხომ ვიცოდით, შეყვარებული რომ იყავი და გაპარვა რა საჭირო იყო? ჯერ სწავლა დაგემთავრებინაო...

-  იმ პერიოდში დათაც სტუდენტი იყო?

-  არა, ის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, კონტრაქტით. სხვათა შორის, მამამთილიც იმავე ნაწილში მუშაობდა და დედამთილიც სამხედრო პირია... დათამ პირველად მამიდამისის სახლში მიმიყვანა, მერე კი რაღაც პერიოდი ბებიამისთან, ნახალოვკაში ვიყავით. როგორც დედამთილმა ამიხსნა, სახლში რემონტი ჰქონდათ და დროებით ბებიასთან უნდა გვეცხოვრა. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს ქალური ბედნიერება. დათას ბებია ძალიან მაგარი ქალი იყო. ცდილობდა, მხარში ამომდგომოდა და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან გვასწავლა ცოლქმრობა. შეცდომებზე ორივეს ისე მიგვითითებდა, რომ შეუძლებელი იყო, ეს გწყენოდა. იდილიაში ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა: სახლში რემონტი რომ დამთავრდა, დათას მშობლებთან გადავედით, სადაც ჩვენ გარდა დათას მეორე ბებია (მამის დედა) ცხოვრობდა. მალევე დავფეხმძიმდი და ამის გამო აკადემიურის აღება მომიხდა.

-  მეუღლის ოჯახის წევრებთან ცხოვრებას ვერ შეეგუე?

-  ყველას შევეჩვიე, მაგრამ მამათილის დედის (მას ბებიამთილს ვეძახდი) გული ვერაფრით მოვიგე... დიდი ლილოს დასახლება არის პატარა სოფელი, სადაც ყველა ერთმანეთზე ჭორაობს. გამონაკლისი არც ჩემი ქმრის ბებია გახლდათ. სახლში მეზობლები ისე შემოდიოდნენ, არც კი აკაკუნებდნენ. მე საკუთარი ოთახის დაკეტვა ან მიხურვაც დიდ ცოდვად მეთვლებოდა. მეგობრებთან მარტო არასდროს მტოვებდა. ბებიამთილს და ჰყავდა, რომელიც მოშორებით ცხოვრობდა, მაგრამ თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ჰოდა, დამიჯდებოდნენ ფეხმძიმეს და მიყვებოდნენ, თუ ვინმეს ოდესმე სადმე დაუნის სინდრომიანი ბავშვი შეეძინა, რომ ვიღაცას ხეიბარი ეყოლა და ა.შ. ორსული ქალისთვის ეს მძიმე მოსასმენია, დამერწმუნეთ. კონსულტაციებზე რომ მივდიოდი, ექიმს ისეთ შეკითხვებს ვუსვამდი, გაკვირვებული მიყურებდა. ჰოდა, ერთხელ, როცა თავად ბებიამთილი გამომყვა ექიმთან, მან ლამის კაბინეტიდან გააგდო: ბავშვს ასეთ საშინელებებს როგორ უყვებიო? როცა ჩემი გოგონა ჯანმრთელი დაიბადა, შვებით ამოვისუნთქე.

-  როგორ ფიქრობ, რას გერჩოდა?

-  არ მოვწონდი და ალბათ იმისიც ეშინოდა, მისთვის დიასახლისობა არ წამერთმია. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ყველაფრის გაკეთებას თვითონ ცდილობდა, მე ყველაფერს მიწუნებდა. სარეცხის დარეცხვასაც ვერ ვახერხებდი, ხელიდან მგლეჯდა. მეტსაც გეტყვით: მას მერე, რაც მათ ოჯახში შევედი, არ არსებობდა, ვინმეს კერძში თმა არ ეპოვა. ჰოდა, ბებიამთილი ნიშნისმოგებით ამბობდა, - აქამდე ეს არ ხდებოდაო. ახლა ვფიქრობ, რომ თმას საჭმელში თავად, განგებ ყრიდა, რათა დათას თვალში ცუდი დიასახლისი გამოვჩენილიყავი.

-  დათა ბებიას არაფერს ეუბნებოდა?

-  ვინაიდან სამხედრო იყო, შინ ისედაც იშვიათად მოდიოდა და არ მინდოდა, მისთვის ნერვები მომეშალა. ჰოდა, არაფერს ვეუბნებოდი. სამაგიეროდ, დედამთილი იყო საქმის კურსში. მეუბნებოდა,

- რა ვქნა, რით გიშველო, მეც ასე მამწარებდა, მაგრამ შევეჩვიეო. მამამთილმა კი თქვა: თუ ნინოს უნდა, ჩვენი რძალი იყოს, უნდა აიტანოს. მოხუცია და რა ვქნაო?..

-  შვილთაშვილის დაბადებამ მაინც არ მოულბო გული?

-  ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, დედამთილის ინიციატივით, მე და დათა საცხოვრებლად ცალკე, ქირით გადავედით. ბებიამთილი თვეში ერთხელ "გამოანათებდა" ხოლმე და მაშინაც ახერხებდა ჩემს გამწარებას. მოვიდოდა თუ არა, თეთრეულს მიმოწმებდა. დათას ეკითხებოდა, თუ რამდენ ხანში ერთხელ ვცვლიდი ზეწარს, ქმარს უყურადღებოდ ხომ არ ვტოვებდი, კერძებს ვუმზადებდი თუ არა და ა.შ. ეს იცით, როგორ გავიგე? - ერთხელ, როცა დათამ გაიგო, რომ ბებიამისი უნდა მოსულიყო, კედელზე ფურცელი გააკრა, სადაც მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა გაცემული... ბავშვი ცოტა რომ წამოიზარდა, სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. დათამ შემომთავაზა, - როცა სასწავლებელში წახვალ, პატარას დედაჩემი მოუვლისო. როცა დედამთილი სამსახურში იყო, ჩემს გოგონაზე ბებიამთილი ზრუნავდა. პატარას მართლაც, არაფერს აკლებდა და სხვათა შორის, თითქოს ჩემ მიმართაც დათბა. ბევრი რამ მასწავლა: მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ბავშვს ყურები უნდა "დაუჭირო", თორემ მოეკეცება და ა.შ.

-  აღნიშნე, რომ შენი შვილი 10 თვის იყო, როცა ახალი უბედურება დაგატყდა თავს...

-  ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. დედაჩემი წინადღეს ჩამოვიდა და რაღაც პროდუქტები ჩამომიტანა. დათას თითქოს, ამან თავმოყვარეობა შეულახა, - რა, ამით მაგრძნობინა, რომ დაბადების დღე უნდა გადა­გიხადოო?.. მერე დედამისისთვის დაურეკავს, - ნინოს სიურპრიზი უნდა მოვუწყო, ტორტი და რაღაცები უნდა მივუტანო, მანქანა მჭირდებაო. მას მანქანას არ აძლევდნენ, რადგან სწრაფად სიარული უყვარდა, მაგრამ იმ დღეს ათხოვეს. მეგობრები შევიკრიბეთ და კარგად მოვილხინეთ. უკვე გვიანი იყო, როცა დედიკომ მითხრა: ბავშვი ვერ იძინებს და იქნებ მიხედოო. სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო. ბავშვს ვაჭამე და დავაძინე. ამასობაში, მეც ჩამთვლიმა. ვიგრძენი, რომ ოთახში დათა შემოვიდა და თავზე მაკოცა, მერე ოთახიდან გავიდა... უკვე შუაღამე იყო, როცა დედამ გამაღვიძა: დათა სადღაც წავიდა, შინ არ დაბრუნებულა და დაურეკეო. ვრეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა, მერე ტელეფონი საერთოდ გათიშა. დილამდე ვეძებდი. ვიფიქრე, შეიძლება მანქანას რაღაც დაუზიანდა და მამამისის ეშინია, ტელეფონი ამიტომ გათიშა-მეთქი. ჰოდა, მესიჯი მივწერე: "სადაც უნდა იყო და რაც უნდა გიჭირდეს, არავის ვეტყვი, უბრალოდ, გნახავ". დილით ვიღაც კაცმა დამირეკა დათას ტელეფონით და შეგვატყობინა: ავარიაში მოყვა და "არამიანცში" მოაკითხეთო... უკვე გარდაცვლილი იყო. რომ დავხედე, ვერ ვიცანი. თავი შეხვეული ჰქონდა, თითები - მოკვეთილი... საოცრად დამახინჯებული იყო... მახსოვს, სახლის ეზოში რომ შემიყვანეს, დედამთილი დავინახე, რომელსაც დამტვრეული ბოთლი ეჭირა ხელში და უამრავი ადამიანი აკავებდა, თავი რომ არ მოეკლა. ისიც მახსოვს, გვერდით ბებიამისმა რომ ჩამიარა და მითხრა, - შეიკივლე, შენი ქმარი არ იყოო? კივილი ჩემს ძალებს აღემატებოდა! ამოუთქმელი ტკივილის გამო ცუდად ვხდებოდი და გული ხშირ-ხშირად მიმდიოდა. ჰოდა, ამის გამო ბებიამთილი ხალხის გასაგონად აფერისტს მეძახდა. ამბობდა, რომ ცუდად ყოფნას ვიგონებდი. თუმცა, მისთვის მაშინაც ვერ შევძელი პასუხის გაცემა...

ჩემი ტკივილი გაორმაგდა მას მერე, როცა გავიგე, რომ იმ დღეს დათას და მის მეგობარს, რომელიც ასევე გარდაიცვალა, მანქანაში 2 გოგონა ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მეორე - გადარჩა. დათას ოჯახის წევრები ჩემ გასაგონად ამბობდნენ, რომ თურმე, ულამაზესი გოგონები ისხდნენ მის მანქანაში. როცა სადღეგრძელოში დათას მოსაგონარს ამბობდნენ, გარდაცვლილ გოგოსაც ახსენებდნენ, გარდაჩენილს კი დღეგრძელობას უსურვებდნენ... ეს ყველაფერი როგორღაც, ავიტანე. მეუღლის დაკრძალვის შემდეგ მინდოდა, ქუთაისში წავსულიყავი, მაგრამ დედამთილმა მთხოვა, მისთვის შვილიშვილი არ წამერთმია. დედაჩემმაც მითხრა: მაინც შენი ქმარი იყო და ის სახლი ბავშვის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ცოდოები არიანო.

-  გამოდის, რომ დედამ მსხვერპლის გაღება მოგთხოვა. ამჯობინა, შენ დატანჯულიყავი, ვიდრე შვილმკვდარი დედა...

-  და ამის გამო ქმართან უსიამოვნება მოუვიდა. მამა ეუბნებოდა, - წამოიყვანე, იქ ნუ დატოვებ, თუ არა და, შენც წადი და იქ იყავი, ბავშვს ნურავის დააჩაგვრინებო... სწავლა იძულებით მივატოვე. ყოველდღე მიწევდა უკმეხი სიტყვების მოსმენა, თან - ათასნაირ სისულელეს იგონებდნენ ჩემს გასამწარებლად. დედამთილსაც ბევრი რამ შეეშალა იმ პერიოდში, მაგრამ მის გამართლებას ვცდილობ: ეტყობა, შვილის სიკვდილმა გონება აურია-მეთქი. ერთხელ მითხრა: ახალგაზრდა გოგო ხარ, კიდევ გათხოვდები, მე კი ამ ბავშვის გარდა არავინ დამრჩა და დაწერე ხელწერილი, რომ მის დედობაზე უარს ამბობო. ამას მიჩიჩინებდნენ მისი მეზობლებიც, ნათესავებიც... მღვდელიც მირჩევდა, დედათა მონასტერში წავსულიყავი და შვილი დედამთილისთვის დამეტოვებინა. ვუთხარი, იქ ცხოვრებას ვერ შევძლებ-მეთქი. - ნუ გეშინია, დედაოები შეგაძლებინებენო. დარწმუნებული ვარ, მას დედამთილმა სთხოვა, ჩემთვის ეს ეთქვა. მეუბნებოდა, შენ ქმრისთვის უნდა ილოცოო... ერთხელ მეგობრებთან შესახვედრად წავედი. დათას ნათესავმა დამირეკა, სასწრაფოდ სახლში მოდიო. შინ მისულს, სახლი მათი ნათესავებით დამხვდა სავსე. ნამდვილი სასამართლო მომიწყვეს. თურმე, ბებიამთილს ჩემი დღიური წაუკითხავს, რაღაც ეჭვები გასჩენია და ნათესავები ამიტომაც შეუყრია. ვწერდი ჩემს კურსელზე, ძმაკაცზე, რომელიც მეუბნებოდა: სულელი ხარ, იმ ხალხს თავს რატომ აკვლევინებ? შენებთან წადი, ცხოვრება გრძელდებაო. ჰოდა, იმ ნათესავმა, რომელმაც დამირეკა, ჩუმად ისიც მითხრა: დათას ბებიას უნდა, რაღაც დაგაბრალოს, რათა საბაბი ჰქონდეთ, რომ დედობის უფლება ჩამოგართვანო. მოკლედ, ამ "სასამართლო პროცესზე" თავის მართლება მომიხდა, ეს კი ძალიან დამამცირებელი იყო...

რამდენიმე წელი ვიცხოვრე ამ ჯოჯოხეთში, სიცრუეში, სადაც ყოველდღე ცდილობდნენ, ჩემთვის ტალახი ესროლათ, მაგრამ მერე ნერვებმა მიმტყუნა და ქუთაისში წავედი, სადაც დედამთილი მაკითხავდა ხოლმე. იმისთვის, რომ შვილი მერჩინა, სეზონური სამუშაო ვიშოვე. ვცდილობდი, ჩემი გოგონასთვის არაფერი მომეკლო.

-  ახლა მუშაობ?

-  სკოლის ასაკის ბავშვებს ვამზადებ. ჩემი შემოსავალი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შვილი ფუფუნებაში ვაცხოვრო, მაგრამ ვცდილობ, მას ელემენტარული რაღაცები მაინც არ მოვაკლო. ის უკვე 6 წლის არის. სხვადასხვა წრეზე დამყავს. მე ახლა მისთვის ვცოცხლობ და ვცდილობ, წელში გავიმართო.

-  შვილს მამამისზე ხშირად უყვები? დათას აპატიე, სიკვდილის წინ რომ გიღალატა?

-  ზოგჯერ მგონია, რომ მასზე ისევ ვბრაზობ და ეს სიბრაზე თითქოს, მაძლიერებს. შვილს მამაზე მხოლოდ პოზიტიურ რაღაცებს ვუყვები. აქამდე იცოდა, რომ მამამისი სადღაც გაფრინდა და მეუბნებოდა: სულ რომ დაფრინავს, ხომ იცის, რომ ველოდებით და რატომ არ მოდისო? მერე გაიზარდა და მიხვდა, რომ ადამიანები კვდებიან. ახლა ამბობს, რომ ობოლია, თუმცა ეს სიტყვა მისთვის მე არ მისწავლებია.

-  შენ მითხარი, რომ ამჟამად დედამთილთან ერთად ცხოვრობ.

-  ასეა. ის ქმარმა მიატოვა, - სხვა მიყვარსო, ჰოდა, მარტო დარჩენილმა დედამთილმა მთხოვა, ჩემს გოგონასთან ერთად, საცხოვრებლად მასთან ჩამოვსულიყავი. ვაპატიე ყველაფერი და ახლა მის გაგებას ვცდილობ. მას მარტო ვერ მივატოვებ და საჭირო თუ გახდა, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე მის გვერდით ვიქნები...

-  ეს სტატია თუ წაიკითხა, შეიძლება ეწყინოს...

-  იმიტომ შეგეხმიანეთ, რომ მინდა, ეს ამბავი იმ ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც ჩემთვის ტალახის სროლას, ჩემი სახელის ლაფში ამოსვრას ცდილობდა. ამ ადამიანებისთვის ერთი რამ მაქვს სათქმელი: პატივცემულებო, თქვენ კი ვერ დამთრგუნეთ, არამედ გამაძლიერეთ. ცხოვრების გაგრძელების, ბრძოლის სურვილი გამიღვივეთ და ახლა უკვე თავადაც დარწმუნდით იმაში, რომ სუფთა ვარ! თქვენ ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებთ!

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტები! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან გაქვთ ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც მიგაჩნიათ, რომ სხვებმა უნდა გაიზიარონ, თუ საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ საზოგადოებისთვის ან უბრალოდ, სურვილი გაქვთ, ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ, ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 8(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com. ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ და ჟურნალის გვერდსაც დაგითმობთ. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია