ფოტორეპორტაჟი ცხოველთა თავშესაფარიდან: რა ბედი ეწევა თავშესაფარში მოხვედრილ ენოტს?! (+9 ფოტო)

ფოტორეპორტაჟი ცხოველთა თავშესაფარიდან: რა ბედი ეწევა თავშესაფარში მოხვედრილ ენოტს?! (+9 ფოტო)

რამდენიმე დღის წინ კოსტავას გამზირზე, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა იშვიათი ჯიშის ცხოველი - ენოტი იპოვეს. საბრალო ცხოველი იმდენად დაღლილი და შეშინებული იყო, რომ ადგილზე მისულ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობაც კი არ გაუწია, როცა ზოოპარკში გადაიყვანეს. თუმცა ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცხოველი მას არ ეკუთვნის. ენოტი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოათავსეს.

იმის გასარკვევად, თუ რა პირობებში იმყოფება ბუნებრივ გარემოს მოწყვეტილი ცხოველი და რა ბედი ეწევა მას, ჭრელაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა თავშესაფარს ვეწვიე. გზად ერთი ახალგაზრდა დამემგზავრა, რომელსაც თურმე წინა დღეს საკუთარი ძაღლი თავშესაფრისთვის გაუმეტებია, რადგან მის წლინახევრის შვილს დაუღრინა და შეაშინა. ახლა კი სინანულისა და დანაშაულის გრძნობით მიეშურებოდა მის დასაბრუნებლად.

ძაღლების ყეფა მამცნობს, რომ თავშესაფარს მივუახლოვდი, შესვლისთანავე ენოტის ბედს ვკითხულობ, რაზეც თანამშრომლებს ეღიმებათ, - რა პოპულარული გახდა ჩვენი ენოტიო. თავშესაფრის რამდენიმე თანამშრომელი მისი დროებითი საცხოვრებლისკენ მიმიძღვის. მისი გალია შენობის გარეთ გაუმწესებიათ. მზის სითბოთი ნასიამოვნები ენოტი იწვა და მშვიდად ეძინა. ჩვენმა მისვლამ ძილი დაუფრთხო და კამერის დანახვისთანავე თავი თათებში ჩარგო.

"ეს იშვიათი ჯიშის გარეული ცხოველი ჩვენთან 18 თებერვალს შემოიყვანეს, ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს. თუ რა ბედი ეწევა, უახლოეს მომავალში გადაწყდება. სავარაუდოდ, მისთვის შესაფერის ადგილს შევარჩევთ და ბუნებაში გავუშვებთ. სხვათა შორის, ჩვენ ადრეც გვყავდა ენოტი, რომელიც ძალიან აგრესიული იყო. ეს კი აბსოლუტურად არ გამოირჩევა აგრესიულობით, რაც იმის ნიშნავს, რომ ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდა. ზარები არ წყდება, მოქალაქეები რეკავენ და გვთხოვენ რომ მივცეთ, მაგრამ ჩვენი აზრით, ენოტისთვის ბუნებაში ყოფნა აჯობებს", - აცხადებს მერიასთან არსებული შინაური და გარეული ცხოველების კონტროლის განყოფილების უფროსი თემურ ფხალაძე.

ენოტს თავშესაფარში მიყვანისთანავე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

"თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფეხი აქვს ნაღრძობი, სრულიად ჯანმრთელია, როგორც ჩანს, ხეზე რაღაცას გამოედო. ძირითადად, ძაღლის საკვებით იკვებება, ხორცის კონსერვიც დააგემოვნა და მოეწონა. ცოტა მოწყენილია, რაც მისი უცხო გარემოში მოხვედრითაა გამოწვეული", - ამბობს ცხოველთა თავშესაფრის ვეტექიმი დავით ომარაშვილი.

როგორც გავარკვიე, ენოტი თავშესაფარში მოხვედრილი ერთადერთი გარეული ცხოველი არ არის, აქ დრო და დრო მელიები, ტურები და დათვებიც კი ხვდებიან. როგორც ბატონი თემური მიყვება, მათ მკურნალობენ და ისევ სახლში - ბუნებაში უშვებენ.

გარდა გარეული ცხოველებისა და ქუჩიდან აყვანილი უპატრონო ძაღლებისა და კატებისა, აქ ჯიშიან, გაწვრთნილ ძაღლებსაც ნახავთ. რამდენიმე კავკასიურ ნაგაზსაც მოვკარი თვალი. უცხო ადამიანის დანახვაზე ძაღლები გალიებს მოაწყდნენ და ყურადღებით მათვალიერეს, რამდენიმე მათგანის მუდარით სავსე თვალებმა კი, რომლებიც მეუბნებოდნენ, წამიყვანეო, გული დამწვა.

მუნიციპალურ თავშესაფარს სოციალურ ქსელში საკუთრი გვერდი აქვს, სადაც ყველა ცხოველის ფოტოებია ატვირთული და ცხოველების მოყვარულებს შეუძლიათ მათთვის სასურველი ცხოველი უსასყიდლოდ წაიყვანონ.

"ჩვენი თავშესაფარი სამასამდე ცხოველს იტევს, დღეში მინიმუმ 10 ცხოველი მაინც შემოჰყავთ, ზოგი სამაშველო სამსახურს, ზოგსაც კი თავად პატრონი აბარებს ჩვენთან. ამას წინათ ერთი საშინლად დაზიანებული ძაღლი მოიყვანა სამაშველომ და სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, ვუმკურნალეთ და მერე ისევ იქ გავუშვით, საიდანაც მაშველებმა მოიყვანეს და მოსახლეობამ მიიკედლა. მაწანწალა ძაღლების გარდა, ჯიშიანი და მოვლილი ძაღლებიც გვყავს, მათი ფოტოები არის ჩვენს "ფეისბუქ" გვერდზე და მსურველებს შეუძლიათ წაიყვანონ. ასეთი ჯიშიანი ძაღლები ჩვენთან იმიტომ ხვდებიან, რომ პატრონი ვეღარ უვლის, მათი შენახვა და მოვლა რთულია. იყო შემთხვევა, რომ ცოლ-ქმარი დაშორდნენ, ცოლმა ქმარს გაუგზავნა ძაღლი მოსავლელად, ქმარმა კი ჩვენთან ჩააბარა. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, ვისაც უყვართ ცხოველები და მიჰყავთ, ახლა ამ ენოტის თაობაზეც ზარები არ წყდება, ბევრს აქვს სურვილი წაიყვანოს და მოუაროს", - ამბობს ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა გოგიჩაიშვილი.

მაკა ქობალია, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია