როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი

როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა უკვე წლებია, ავტომობილს მართავს. როგორც თავად მითხრა, - ცოტა არ იყოს, ხულიგანი მძღოლია და საჭესთან მჯდომი პარალელურად, უამრავ რამეს აკეთებს.

- როგორ ფიქრობ, კარგი მძღოლი ხარ?

- ცოტა ხულიგანი, მაგრამ მთლიანობაში, კარგი მძღოლი ვარ. მიყვარს მანევრირება და სწრაფი სიარული. თუმცა, როცა მანქანაში ბავშვები მყვანან, ძალიან ფრთხილი ვხდები, სიჩქარესაც არ ვუმატებ.

- ფეხმძიმედ ხარ, მესამე შვილს ელოდები. ამ მდგომარეობაში ალბათ, იშვიათად დადიხარ სწრაფად, არა?

- უნდა გითხრა, რომ ფეხმძიმობა სულაც არ მიშლის ხელს იმაში, რომ სურვილები დავიკმაყოფილო. ახლაც დავქრივარ, მაგრამ ცხადია, უფრო მეტად მობილიზებული ვარ... ერთხელ მე და ჩემი დაქალი მანქანით ბათუმში წავედით. მთელი გზა შეშინებული მიყურებდა. გული უსკდებოდა, - ასე სწრაფად ნუ მიდიხარ, შეანელეო. ბათუმში რომ ჩავედით, უკვე წნევა აღარ ესინჯებოდა.

- პირველად საჭეს რომ მიუჯექი, რამდენი წლის იყავი?

- 25-ის. ყოველთვის მინდოდა, მანქანის მართვა მცოდნოდა, მაგრამ ეს 25 წლამდე ვერ მოვახერხე. პირველი კვირა ავტომობილში არავის ვისვამდი, რადგან არ მინდოდა, ვინმე დამელეწა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობია­ნად ჩაიარა... მინდა გითხრათ, რომ სხვებისგან გან­სხვავებით, საჭეს პირველად რომ მივუჯექი, სულ არ ვნერვიულობდი. უბრალოდ, წინ მიმავალ მანქანას მივდევდი უკან და სადაც ის მიდიოდა, მეც იქ ამოვყოფდი ხოლმე თავს (იცინის). მართვის მოწმობა მანქანის შეძენიდან ერთი თვის შემდეგ ავიღე.

- ალბათ შენი პირველი ავტომანქანა ძალიან მოგწონდა, არა?

- შავი "ჯეტა" მყავდა, ნომრებით - XAT-008. მახსოვს, ქუჩაში მოძრაობისას პატრული რუპორში ყოველთვის სახელით მომმართავდა: "ხატია, ნელა იარე"; "ხატია, მოუჩქარე!" "ხატია, მანქანა გადააყენე" და ასე შემდეგ. "ჯეტას" შემდეგ ორი ავტომობილი გამოვიცვალე. ახლა "კია სპორტაჟი" მყავს.

- ავტომანქანის შეძენისას პირველ რიგში, ყურადღებას რას აქცევ?

- მანქანასთან დაკავშირებული ჩემი ერთადერთი კაპრიზი ის გახლავთ, რომ ავტომობილი აუცილებლად, ჯიპი უნდა იყოს. სხვა დეტალებს არ ვუღრმავდები. მას მერე, რაც გავთხოვდი, მანქანას რამაზი მირჩევს. მას უყვარს სიურპრიზების მოწყობა.

- ავტომანქანის მართვის დროს რა გაღიზიანებს?

- "მძინარე" მძღოლები და დიდხანს ანთებული წითელი შუქნიშანი მაღიზიანებს. როცა ჩემ წინ მანქანა ზოზინით მიდის, ნერვები არ მყოფნის, რომ მას უკან ვდიო და ხანდახან, ამის გამო მოძრაობის წესებსაც ვარღვევ. ასევე ვერ ვიტან მანქანაში ზედმეტ საგნებს და სიბინძურეს. მიყვარს, როცა ავტომობილში სასიამოვნო სუნი და სისუფთავეა, როცა მძღოლს გემოვნებიანი მუსიკა აქვს ჩართული. თუ მეუღლესთან ერთად ვმგზავრობ, მის საყვარელ სიმღერას ვრთავ, ხოლო როცა შვილებთან ერთად ვარ, "ბასტი-ბუბუს" ვუსმენთ.

- კაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალი საჭესთან - ეს უკვე საფრთხეა...

- მართლაც, ზოგიერთი ქალი ავარიულ სიტუაციას ხშირად ქმნის, მაგრამ მათ ამ მხრივ, არც კაცები ჩამორჩებიან. ასე რომ, ცუდი მძღოლი შეიძლება, ქალიც იყოს და მამაკაციც.

- საჭესთან მჯდომი, მობილური ტელეფონით თუ ლაპარაკობ ხოლმე?

- მობილური სულ ხელში მაქვს, რადგან სულ ვიღაც მირეკავს ან მე მაქვს ახლობლისთვის რაღაც სათქმელი. ასევე ხშირ-ხშირად ვიხედები სარკეში, გასაპრანჭად და შიგადაშიგ ყავასაც ვსვამ ხოლმე (იცინის). მოკლედ, აუტანელი მძღოლი ვარ.

- ასეთ დროს მეუღლე შენიშვნებს არ გაძლევს?

- რამაზთან ერთად ხშირად მიწევს მგზავრობა. მას ძალიან ვუყვარვარ. იცის, როგორი მძღოლიც ვარ და სულ ეშინია, რომ მანქანა სწრაფად არ ვატარო ან ავარიული სიტუაცია არ შევქმნა. ისე, როცა გვერდით მეუღლე მიზის, ჭკვიანი მძღოლი ვხდები და საშიშს არაფერს ვაკეთებ (იღიმის).

- მანქანა რომ გაგიფუჭდეს, მის შეკეთებას შეძლებ?

- არაფრის შეკეთება არ მეხერხება. როცა მანქანას რაიმე უფუჭდება, დახმარებას ხელოსნებს ვთხოვ ხოლმე; ერთ-ერთ ცენტრში ვრეკავ და ისინიც დასახმა­რებლად სწრაფად მოდიან.

- ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?

- ვიდრე საკუთარს შევიძენდი, მეგობრის მანქანით ვმოძრაობდი. ჰოდა, აღდგომა ღამეს ავარია მოგვი­ვიდა: საჭესთან ჩამეძინა და სიკვდილს ორივე სასწაულებრივად გადავურჩით.

- საინტერესოა, "ხულიგანკა" მძღოლს პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ხშირად გაჯარიმებენ?

- რა თქმა უნდა, როცა წესებს დავარღვევ, ჯარიმებს მიწერენ. როცა ძალიან მეჩქარება, წესებს ძირითადად, მაშინ ვარღვევ. ისე, არსებობენ პატრულის თანამშრომლები, რომლებიც რუპორის წყალობით უბრალოდ, გვესალმებიან და ისინი ძალიან დიდ სიმპათიას იწვევენ ჩემში.

- ამბობენ, საჭე ქალსაც კი ცუდი სიტყვების თქმას აჩვევსო...

- დიახ, ეს ნამდვილად ასეა (იცინის). მაგრამ როცა ბავშვებთან ერთად ვმგზავრობ, ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო თავი.

- ფეხით მოსიარულეს გზას თუ უთმობ ხოლმე?

- ის კომფორტიც მყოფნის, რაც მანქანაში მაქვს, ამიტომ ფეხით მოსიარულეს გზას ყოველთვის ვუთმობ. ჩემ გამო დისკომფორტს არ შევუქმნი. რაც შეეხება რამაზს: მას შუა ქუჩაში მანქანა ბევრჯერ გაუჩერებია იმისთვის, რომ მოხუცი გზაზე გადაეყვანა.

- ვინმემ რომ გთხოვოს, შენი ავტომობილი მათხოვეო, რას უპასუხებ?

- ერთადერთი ადამიანი, ვისაც მანქანას ვათხოვებ, ჩემი მეუღლეა. თუმცა, რამაზმაც იცის, რომ ეს ამბავი არ მსიამოვნებს, ამიტომ ურჩევნია, არ მთხოვოს. ასეთ დროს ის ავტომობილს "მპარავს", უკითხავად მიჰყავს. სამა­გიეროდ, თავის მანქანას მიტოვებს ხოლმე. ზოგჯერ, ამის გამო ვბრაზდები, მაგრამ ამას დიდად არ განიცდის: იცის, რომ ძალიან მიყვარს და მალევე შევურიგდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება