აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდება .

ღარიბაშვილი ვაშინგტონში ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ჩავიდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას გახსნიან. ირაკლი ღარიბაშვილი და ჯონ კერი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორ დანიელ იოჰანესთან, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელებთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველ პირებთან, აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო ცენტრის მკვლევარებთან, ასევე ამერიკელ ბიზნესმენებთან გამართავს.

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და კოლუმბიის უნივერსიტეტში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, მთავრობის საბჭოს ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე შედიან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა