ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

მსახიობი და კინორეჟისორი ლევან ბუაძე მაყურებელმა ''ჩვენს ამბავში'' ნიკას როლით გაიცნო. ''ნიკა ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ცოტა დიდი გული ჰქონდა და ბევრი ქალი ეტეოდა მის გულში. პირადად მე ცხოვრებაში ასეთი ''ბაბნიკი'' არ ვარ. მყავს ჩემი ერთადერთი და მისი ერთგული ვარ'', - გვითხრა მსახიობმა.

მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი დაიხურა. შეხვედრისას შევეცადეთ, პირველ რიგში, ამის მიზეზი გაგვერკვია...

- სამწუხაროდ, სერიალი დაიხურა. რამდენადაც მე ვიცი, ''იმედმა'' და ''ღამის შოუს სტუდიამ'' ურთიერთობა შეწყვიტა და ''ღამის შოუს სტუდიამ'' თავისი არხი გააკეთა. რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

- კარგი, მოდი საუბარი წარსულიდან დავიწყოთ. ხელოვანების ოჯახში დაიბადე, დედა, მაია ტურიაშვილი, მსახიობია, მამა - ზაზა ბუაძე, კინორეჟისორი. ალბათ, მსახიობობა ბავშვობიდან გქონდა გადაწყვეტილი...

- სამსახიობოზე ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კინოსარეჟისორო დავამთავრე, ანუ დიპლომით კინორეჟისორი ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან მიწევდა ყურება, როგორ იწერებოდა სცენარი, როგორ მუშაობდა მსახიობი როლზე. დედას ბავშვობიდან დავყავდი თეატრში რეპეტიციებზე, თუ მამა თბილისში იღებდა რამეს და ფილმში დედაჩემი თამაშობდა, მეც მათთან ერთად ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვფიქრობდი, ამ პროფესიას ჟურნალისტიკა ''ეჭიდავებოდა'', მაგრამ 15-16 წლის ვიყავი, როცა საბოლოოდ არჩევანი მსახიობობაზე შევაჩერე. თავიდან დათო ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი გოგი მარგველაშვილთან. ბოლოს კინოსკენ გადავიხარე, ალბათ თეატრს კინოს სიყვარულმა აჯობა.

- არადა, უმრავლეს შემთხვევაში ეს პირიქით ხდება...

- კი, თეატრი მიყვარს, დარწმუნებული ვარ, ჩემი და თეატრის გზები მომავალში გადაიკვეთება, მაგრამ კინო უფრო ჩემია. სულ ვამბობ, რომ გადასაღებ მოედანზე დავიბადე. მამაჩემმა დედა მაშინ გაიცნო, როცა თავის საკურსო ნამუშევარს, ''ჰავაურ ვალსს'' იღებდა და მაია თავის ფილმში ათამაშა. ორ წელიწადში, როცა მამამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ფილმზე ''კედელი'', დედაჩემი ფეხმძიმედ იყო და უზარმაზარი მუცლით თამაშობდა. გადაღებები 1990 წლის ივლისში მიდიოდა და 11 რიცხვში მეც გავჩნდი (იღიმის). კინოში ყველა კუთხით მიმუშავია: როგორც მსახიობს, როგორც რეჟისორს, სცენარისტს და მინდა, რომ სულ ამ სფეროში დავრჩე.

- სცენარებსაც წერ?

- საერთოდ, დრამატურგია და ზოგადად, ლიტერატურა დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ ვწერო, თუმცა როგორ გამომდის, ეს არ ვიცი (იღიმის). მაქვს სცენარები, მოთხრობები, სტატიები სხვადასხვა თემაზე. ძირითადად, ფსიქოლოგიური საკითხებია, რაზეც ადამიანები უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ... შეიძლება, ქვეცნობიერად ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვერბალურად არ გამოვხატავთ. ერთი მოზრდილი ნოველის გამოცემას ვაპირებ, რომელიც 2012 წელს დავწერე. თბილისური ისტორიაა, ავტობიოგრაფიული ჩანართებით, მეგობრების, ნაცნობების ან, უბრალოდ, ვიღაცებზე ყურმოკრული ან ჩემი თვალით ნანახი ფაქტებით. თემა ისაა, რომ ადამიანები სულიერ ამბებს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მეწვრილმანეები ვართ, არადა, კარგი იქნება, თუ უფრო ფართოდ შევხედავთ მოვლენებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება