უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. "როიტერის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების პირველი პირი უკრაინელი სამხედროებისგან მოითხოვს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში არ ჩაერიონ.
ობამას განცხადებით, უკრაინა სერიოზულ შედეგებს მიიღებს, თუკი ქვეყანაში ძალადობა გაგრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩაერთონ. როგორც "კორესპონდენტ.ნეტ" იტყობინება, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: უკრაინის კანონის "ტერორიზმის შესახებ" მე-5 მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მმართველობის ორგანოები, შენაერთები და შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები უზრუნველყოფენ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებით, სამხედროებს კანონი საშუალებას აძლევს, გამოიყენონ იარაღი და სპეცსაშუალებები, დააკავონ და შინაგან საქმეთა ორგანოებში გადაიყვანონ სამართალდამრღვევი პირები, შეუმოწმონ საბუთები მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, დააკავონ პირადობის დადგენამდე.
მომზადებულია ua.korrespondent.net-ის მიხედვით.