საქართველოს საგარეო უწყება კიევში განვითარებულ მოვლენებს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება კიევში განვითარებულ მოვლენებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში განვითარებულ მოვლენებს გმობს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სასტიკად ვგმობთ ძალის გამოყენების ფაქტს და უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ 18 თებერვალს კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან.

ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგმულ იქნას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში.

ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზეც გამოეხმაურა. მან პარლამენტის ტრიბუნიდან უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

"მინდა ღრმა შეშფოთება, ღრმა მწუხარე გამოვხატო იმ მოვლენების გამო, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ვითარება ნელ-ნელა კონტროლიდან გადის. ეს უაღესად სამწუხურო ფაქტია. ჩვენ უკრაინის მოვლენებს გამოვეხმაურეთ პარლამენტის მიერ ორი განცხადების მიღებით, ძალიან ბევრი გამოსვლით - ჩვენი პოზიცია და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის უცვლელი. ჩვენი მიმართვა უკრაინის პოლიტიკური წრეების და ასევე საერთაშორო თანამეგობრობის მიმართ რჩება უცვლელი, რომ მიღებული იყოს ყველა შესაბამისი ზომა ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად და საკითხის დიალოგის გზით გადასაწყვეტად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სესიის გახსნისას.

კიევში, მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გუშინ განახლდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა