ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი

ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი

სერიალის - "ჩვენი ამბავი" მსახიობი ნინო შავგულიძე რამდენიმე ადგილას მუშაობს. ის რეალურ ცხოვრებაში ორმაგად მხიარული და აქტიურია, ვიდრე სერიალში ჩანს. ნინოს არ უყვარს იმიჯის ხშირი ცვლა. ის უპირატესობას თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს. მიაჩნია, რომ ბავშვობის შემდეგ გარეგნულად დიდად არ შეცვლილა.

- სურათების გადაღება გიყვარს?

- ფოტოს გადაღება მიყვარს მაშინ, როცა მინდა, რომ კონკრეტული სასიამოვნო მომენტი სამუდამოდ დამამახსოვრდეს. საოჯახო ალბომიც გვაქვს, რომელშიც სურათები ძირითადად, ჩაწებებულია. რატომ? - ვინაიდან მე და ჩემმა დამ პატარაობისას თითქმის ყველა ფოტო დავჭერით, ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ, ფოტოები ალბომში ჩაეწებებინათ. არადა, როცა მათ ვჭრიდით, გვეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდით. მახსოვს, ამის გამო ერთხელ სამაგალითოდ დავისაჯეთ (იცინის). ბავშვობის დროინდელი ყველა ფოტო მიყვარს.

- როგორი ბავშვი იყავი? თანატოლებისაგან რით გამოირჩეოდი?

- აქტიური და მოუსვენარი გახლდით. თანატოლებისგან იმით გამოვირჩეოდი, რომ ყველა მიყვარდა და ყველასთან ვმეგობრობდი.

ყურები იმ პერიოდში გამიხვრიტეს, როცა ბაღში დავდიოდი და მახსოვს, იქ საყურეებით რომ მივედი, თავი პრინცესა მეგონა. პირველი სიყვარულიც საბავშვო ბაღში მეწვია: ჩემი შეყვარებული გიორგი მაისურაძე იყო და მას "მაიკას" ვეძახდი. ის სურათები, სადაც ადამიანურად ვარ ჩაცმული, სწორედ ბაღშია გადაღებული (იცინის).

- ამ სურათზე მშობლებთან ერთად ხარ, არა?

- ძალიან კარგი მშობლები მყავს. ორივე ხელს მიწყობს და მეხმარება ჩემს საქმიანობაში. თავიდან დედას არ უნდოდა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ახლა ამაყობს ჩემით. მამა კი თავიდანვე ხელს მიწყობდა, მოსწონდა ჩემი არჩევანი. საერთოდ, ძალიან ვგავარ მამას.

- ეს სურათი სად არის გადაღებული?

- კიკეთში. მთელი ბავშვობა მეგობრებთან ერთად, კიკეთში მაქვს გატარებული და აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი მოგონებები სწორედ ამ ადგილს უკავშირდება. იქ ყოველ წელს 15 ოჯახი მაინც ავდიოდით დასასვენებლად და ფანტასტიკურ, დაუვიწყარ სამ თვეს ვატარებდით. მშობლები "კინგს" თამაშობდნენ, ჩვენ - ბავშვები კი თავს რით აღარ ვირთობდით. ბოლოს, საკუთარი შესაძლებლობები რომ ამოვწურეთ და გასართობი ვერაფერი ვიპოვეთ, ძლიერი სიცხისგან დახოცილი სინდიოფალები დავასაფლავეთ და პანაშვიდი გადავუხადეთ (იცინის).

- სკოლის პერიოდზე რას იტყვი, მოსწავლე როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს ფოტო, სადაც თეთრი საყელო მიკეთია, სკოლის პერიოდშია გადაღებული.

- სასკოლო ფორმა გაცვია?

- არა, მაშინ ფორმა აღარავის ეცვა. ეს ის პერიოდი იყო, როცა არც გათბობა გვქონდა, არც - შუქი და ხანდახან არც გაკვეთილები გვიტარდებოდა. რომ გითხრათ, - სკოლაში სიარული მიყვარდა-მეთქი, მოგატყუებთ. საერთოდ, დილით გაღვიძების პრობლემა მქონდა მანამ, ვიდრე არ გავიზარდე. არ მესმის, საშინელ სიცივეში, წვიმაში, თოვაში გასვლის ან გაყინულ ცივ საკლასო ოთახში ჯდომის სურვილი რატომ უნდა მქონოდა? ერთადერთი, რისთვისაც სკოლაში მისვლა მიხაროდა, ის იყო, რომ იქ კლასელებს ვნახულობდი. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ეს დღემდე ასეა.

- შენს ფოტოალბომში ბაბუასთან ერთად გადაღებული სურათიც არის.

- ეს ფოტო ბათუმშია გადაღებული. ბაბუა ძალიან მიყვარდა. მკაცრი და სამართლიანი კაცი იყო. მასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მას მე და ჩემი და თითქმის ყოველ კვირას, თავის დასთან დავყავდით. იქ ცოტას დალევდა და გზაში სულ ერთსა და იმავე ამბავს გვიყვებოდა: როგორ დაეცა ამ გზაზე და როგორ დაებნა კარალიოკი. შემდეგ გამოცდას გვიწყობდა. გვეკითხებოდა: აბა, ის ადგილი მანახვეთ, სადაც კარალიოკი დამებნაო. ვინც პირველი ვიტყოდით, რაიმეთი გვაჯილდოებდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტობისას როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს სტუდენტობის დროს გადაღებული ფოტოა. უნდა გითხრათ, რომ როგორი "კოპლებიანი კაბაც" ვიყავი, ისეთივე დავრჩი (იცინის). საერთოდ, იშვიათად ვიპრანჭები... 7 წლის ასაკში ნათლიამ ხუმრობით, მაკიაჟი გამიკეთა. მახსოვს, მაშინ დედა ორივეს გაგვიბრაზდა და სახე საპნით დამაბანინა... სერიოზული მაკიაჟი 15-16 წლის ასაკში გავიკეთე, მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი. მომწონს, როცა ცოტაოდენი პუდრი და თვალის ჩრდილი მისვია; ხანდახან პომადის წასმაც მიყვარს.

- როგორც ვატყობ, ბავშვობის შემდეგ თმა აღარ შეგიჭრია...

- ერთხელ კარე მქონდა შეჭრილი. ვფიქრობ, მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ყველა აღნიშნავდა, - გრძელი თმა უფრო მეტად გიხდებაო. ჰოდა, ამიტომაც, შეჭრას ვერიდები. თმა არასოდეს შემიღებავს. რატომღაც, ასეთი ექსპერიმენტები მაშინებს (იღიმის).

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამ?

- არ მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თუ აუცილებელი არ არის, არც ვიცვამ. ბავშვობაში უფრო მიყვარდა "ქუსლებზე" "აწოწვა". ახლა, ოღონდ კედები მეცვას და სხვა არაფერი მინდა.

- ჩაცმის თავისუფალ სტილს ანიჭებ უპირატესობას, არა?

- შოპინგის მოყვარული ადამიანი ვარ. ჩემი გარდერობი ყოველდღიური, თავისუფალი სტილის სამოსით არის სავსე. ჩემთვის მთავარია, რეპეტიციებზე სამოსში კომფორტულად ვგრძნობდე თავს. თუმცა, მაქვს კლასიკური სტილის ტანსაცმელიც, რომლის ჩაცმას ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ ვახერხებ.

- აქსესუარები გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს. საყურე და საათი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია.

- ამ სურათიდან ჩანს, რომ მანქანის შეკეთება გეხერხება. ასეა?

- ჩემს ალბომში ბევრ ასეთ ფოტოს ნახავთ (იცინის). უკვე 5 წელია, საკუთარი ავტომობილი მყავს და მის შეკეთებაში ხშირად ვეხმარები ხოლმე ხელოსნებს, რომლებიც უკვე კარგად მიცნობენ. ნომრიდან და სერიიდან გამომდინარე, ჩემს მანქანას "ციცინო" დავარქვი. ჰოდა, ციცინოს რატომღაც, ყოველთვის საბურავების პრობლემა აქვს და ხშირად მიწევს ვულკანიზაციაში მისი მიყვანა.

- როგორი მძღოლი ხარ? პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 5 წელია, საჭეს ვმართავ და არც ერთი ჯარიმა არ მომსვლია, ვფიქრობ, კარგი მძღოლი ვარ. რაც შეეხება პატრულს: მათთან ვმეგობრობ. "სულ ჩემები, სულ კაები" არიან (იცინის) და პატარ-პატარა დარღვევებს მპატიობენ ხოლმე.

- მაყურებელმა სერიალით გაგიცნო. შენი გმირი - თამუნა ძალიან ენერგიული და მხიარულია. რეალურ ცხოვრებაში როგორი ხარ?

- უნდა გითხრათ, რომ რეალურად ორმაგად ენერგიული და მხიარული ვარ. სერიალზე კარგი ჯგუფი მუშაობს. ჩემი პარტნიორი - როლანდი ამ სერიალის წყალობით გავიცანი. მასთან მუშაობა ცოტა რთულია, მაგრამ ეს ამხელა კაცი ყველაზე საყვარელი ბუზღუნაა. როლანდი ხან წერტილას მეძახის, ხანაც - კოღოს, მე კი დევი-კაცი შევარქვი. ვერ შევაგნებინე, რომ მე კი არ ვარ დაბალი, არამედ ის არის ზედმეტად მაღალი (იცინის).

- სურათები ია სუხიტაშვილთან და გიორგი ყიფშიძესთან ერთად გაქვს გადაღებული...

- იასთან და გიორგისთან მუშაობა მომიხდა იმ პერიოდში, როცა იღებდნენ ფილმს - "თბილისო, მე შენ მიყვარხარ" და ეს ფოტოებიც მაშინ არის გადაღებული. უნდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა ძალიან მომეწონა. ფილმის რეჟისორი ლევან ღლონტი გახლდათ. ამ ფილმში ასევე, თამაშობდა პაატა პაპუაშვილი. ფილმის პრემიერა 20 თებერვალს, საქართველოს კინოთეატრებში გაიმართება და ყველას გელოდებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნამუშევარი მაყურებლის მოწონებას დაიმსახურებს.

- სურათებიდან ჩანს, რომ სამზარეულოში ტრიალი მოგწონს...

- ნამდვილად ასეა. ახალი კერძე­ბის გამოგონება და მომზადება მიყვარს. ერთ-ერთ ტელევიზიაში კუ­ლინარიული გადაცემის წამყვანი ვი­ყავი და გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, თბილისის საუკეთესო რესტორნებში მიწევდა მისვლა, სადაც მზარეულები საფირმო კერძებს ამზადებდნენ. ჰოდა, მეც სწორედ მაშინ ვისწავლე ბევრი "გემრიელობის" გაკეთება.

- გარდა იმისა, რომ სერიალში მონაწილეობ, კიდევ რას საქმიანობ?

- რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვარ. ასევე, დაკავებული გახლავართ თეატრში და მუშაობას ვიწყებ ახალ არხზეც - "ტვ 11", სადაც ერთ-ერთ გადაცემას წავიყვან. მოკლედ, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ.

- პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. შეყვარებული გყავს?

- პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. შეყვარებული არ მყავს, ამჟამად სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ.

- როგორი მამაკაცები იმსახურებენ შენს სიმპათიას?

- სერიოზული და ყურადღებიანი მამაკაცები მომწონს.

- სერიალში შენი გმირი ძალიან ეჭვიანია. შენ თუ ხარ ეჭვიანი?

- სინამდვილეშიც ეჭვიანი ვარ, მაგრამ თამუნას ნამდვილად ვერ შევედრები (იცინის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება