ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა

ოზურგეთის გამგებელმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტს აგინა

ოზურგეთის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" ჟურნალისტს, ჟანა მეგრელიშვილს საკუთარ კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამგებელთან მისული ჟურნალისტი შეეცადა, მიეღო კომენტარი გამგებლის გურიის გუბენატორთან დაპირისპირების შესახებ და ასევე დაიწყო თუ არა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტში 2013 წელს გახორციელებული სოფლის პროექტების შემოწმება სწორედ გუბერნატორის მოთხოვნით.

როგორც ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი ამბობს, შარაშენიძე ილანძღებოდა და ბოლოს გინებაზეც გადავიდა.

"შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო, მიყვიროდა, რატომ მიწერ ასეთ რაღაცეებს, რას ახარებ ამ "ნაგავ ხალხს", ან რა გინდა ამ სოფლებში რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდება.  რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო - ხმამაღლა მესაუბრებოდა და დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, უკვე დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად. რადგანაც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი" ,- აცხადებს ჟურნალისტი.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, შარაშენიძემ ჟურნალისტსა და გამოცემას ბოდიში მოუხადა.

"მე სრულად მაქვს გააზრებული ჩემი ქმედების სიმძიმე, რასაც არანაირად არ ამართლებს ის წინაპირობები, რაც ამ ჩანაწერის გაკეთებას უძღოდა. მათ შორის, არც ის გარემოება, რომ ამ გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ დასახელებული ე.წ. წყაროა და ნამდვილად არ არის კონკრეტული ჟურნალისტი, მით უმეტეს, რედაქცია. არც ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ამონარიდია საკმაოდ ემოციური და ხანგრძლივი საუბრისა, რომლის დეტალებზე ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას ზოგადად მედიის, მათ შორის "გურია ნიუსის", მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მიმართ და ბოდიშს ვიხდი ჩემი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური საქციელის გამო", - ნათქვამია გამგებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კონსტანტინე შარაშენიძის სახელთან დაკავშირებული ეს პირველი ინციდენტი არ არის, ანალოგიურ შემხვევებზე გამოცემა ადრეც წერდა. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნებისთვის" შარაშენიძე ხელშეუხებელია.

იხილეთ ვრცლად ”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა