"ოპერაციის შედეგად აბსოლუტურად განვიკურნები" - გადავარჩინოთ თემურ ნადირაშვილის სიცოცხლე

"ოპერაციის შედეგად აბსოლუტურად განვიკურნები" - გადავარჩინოთ თემურ ნადირაშვილის სიცოცხლე

23 წლის თემურ ნადირაშვილი ლეიკემიით არის დაავადებული და სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 7 წლის წინ, მას "ხოჩკინის ლიმფომა" დაუდგინეს და ამ ხნის განმავლობაში, საქართველოში არაერთი სახის მკურნალობის ხანგრძლივი კურსი გაიარა, თუმცა - ამაოდ. საგრძნობი შედეგი მხოლოდ ისრაელში ჩატარებულმა ქიმიოთერაპიულმა კურსმა გამოიღო, რომლის გასაგრძელებლად და ურთულესი ოპერაციის ჩასატარებლად - ძვლის ტვინის სასწრაფოდ გადასანერგად თემოს 320 ათასი აშშ დოლარი ესაჭიროება. მას ხალხის გულისხმიერების დიდი იმედი აქვს და რაც მთავარია, თავისი რწმენითა და შემართებით, სხვებსაც მაგალითს აძლევს. ცდილობს, ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი ვაჟკაცურად დასძლიოს და დაავადება საბოლოოდ დაამარცხოს.

-  მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე, სულ საავადმყოფოებში დავდივარ. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო წლები იქ გავატარე. 2007 წელს ონკოლოგიურ საავადმყოფოში "ხოჩკინის" დიაგნოზი დამისვეს. ბევრნაირი მკურნალობა ჩავიტარე, ქიმიოთერაპიის არაერთი კურსი, თუმცა, უშედეგოდ. ამ დაავადებას ასეთი სიმპტომები ჰქონდა - უმადობა, მაღალი სიცხე, ოფლიანობა, სისხლის მიმოქცევაც არასწორია...

-  ფინანსურად თუ გეხმარებოდათ ვინმე?

-  აქამდე არა, ქიმიოთერაპიის კურსების ჩასატარებელ თანხას ოჯახი მიხდიდა. მამაჩემი რუსეთშია და რასაც შოულობდა, მე მახმარდა. ბებია-ბაბუა სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ იქაური სახლი, ცხოველები, ფრინველები, ჩემი მანქანაც - მოკლედ, ყველაფერი გავყიდეთ. ერთადერთი, ხაშურში გვაქვს სახლი, სადაც ვცხოვრობთ და თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება, ამასაც გავყიდით, მაგრამ 320 ათასი დოლარი მაინც ვერ შეგროვდება. ჰოდა, ახლა ხალხის დახმარების იმედი მაქვს. ჩემი მეგობრები ცდილობენ, ჩემს დასახმარებლად გარკვეული თანხა შეაგროვონ. ანგარიშებიც გამიხსნეს და სატელეფონო ნომერიც აიღეს. ახლა ისრაელში სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ 10 ათასი დოლარით დამაფინანსა და ხაშურელებიც ძალიან დამეხმარნენ. აქაურმა გამგეობამ 300 ლარი მომცა. დაზღვევის წყალობით უფასოდ მხოლოდ სისხლის ანალიზს თუ ავიღებ. ადრე დამიბარეს, - 100-ლარიანი ვაუჩერებიაო. მივედი და მითხრეს, წამლები გამოიწერეთ აფთიაქიდანო. რად მინდოდა? ის წამალი, რომელსაც მე ვიკეთებ, ერთი ამპულა 4 ათასი დოლარი ღირს. ყველაფერს ისრაელში ვყიდულობ, რადგან იქაური ექიმები არ მაძლევენ რეკომენდაციას, რომ საქართველოში წამალი ვიყიდო. ხომ იცით, აქ ხარისხი არ კონტროლდება, ისრაელში კი ეს პრობლემა არ არის. მათი წამლები ტრანსპორტირებასაც კარგად უძლებს.

-  იქაური მკურნალობის შედეგით კმაყოფილი ხართ?

-  მკვდარი ჩავედი და ცოცხალი ჩამოვედი! შვება პირველივე გადასხმის შემდეგ ვიგრძენი, ჭამის მადაც მომემატა, ტემპერატურა დამირეგულირდა და ა.შ. 16 თებერვალს მეექვსე გადასხმა მიწევს. ქიმიოთერაპიის მაღალდოზირებული გადასხმაა. ისრაელში, საავადმყოფოში შესვლისთანავე, პაციენტს ეკითხებიან, სად და როგორ იმკურნალა, მერე ანალიზებს ნახულობენ, შემდეგ რამდენიმე პროფესორი დაჯდება, ამ ყველაფერს შეაჯამებს და გადაწყვეტენ, უნდა მოჰკიდონ თუ არა ხელი პაციენტს, არის თუ არა მისი გადარჩენის შანსი. თუ ჩათვალეს, რომ შველა არ შეუძლიათ, ტყუილად ფულს არ დაგახარჯვინებენ. მე კი მომკიდეს ხელი და მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს, რაც ისევ და ისევ, თანხებთან არის დაკავშირებული. თავიდან ისეთი კურსი შემირჩიეს, რომელიც მომამზადებდა ოპერაციისთვის - ჩხიროვანი უჯრედების გადანერგვისთვის და თანხების მოსაძიებელი დროც რომ მქონოდა. ოთხი გადასხმის მერე კომპიუტერული ტომოგრაფია გავიკეთე და ისეთი შედეგი მქონდა, თვითონაც რომ არ ელოდნენ. ოპერაციის შედეგად აბსოლუტურად განვიკურნები.

-  დავაკონკრეტოთ, რა თანხაზეა ლაპარაკი...

-  ფასების ჩამონათვალი (ე.წ. პრაის ლისტი) რომ გამომატანეს, იქ მთლიანი ღირებულება 320 ათასი ამერიკული დოლარია მითითებული, მაგრამ შესაძლოა, მთლიანი თანხა არც დამჭირდეს. ჩხიროვანი უჯრედების გადანერგვას ორგანიზმი როგორ შეეგუება, ეს არ იციან და თუ გართულება მოჰყვა, ანგარიშზე თანხა უნდა იდოს, რომ შემდეგი ეტაპისთვის მომამზადონ. ზედმეტად არავინ გაირჯება: ფული თუ გაგითავდება, თუნდაც ლოგინში იყოს ჩავარდნილი, გამოგიშვებენ. ამიტომაა საჭირო, რომ მათ ანგარიშზე მთლიანი თანხა იყოს, მაგრამ თუ ვთქვათ, მხოლოდ 200 ათასი დამჭირდება, დარჩენილ თანხას იმ ანგარიშებზე დააბრუნებენ, საიდანაც გადმოირიცხა, არავითარ შემთხვევაში არ მოგატყუებენ.

-  თქვენ როგორ მოხვდით იმ კლინიკაში?

-  თბილისში კლინიკიდან რომ გამომწერეს, მითხრეს, - ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და კარგად ბრძან­დებოდეთო. მერე ტელევიზორში მოვისმინეთ, რომ ისრაელში რაღაც კლინიკა არსებობდა, მერე ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და იქ ჩემი მონაცემები გავგზავნე. საათ-ნახევარში დამირეკეს. ჩემი საბუთები ნახეს. არ ეგონათ, რომ ორგანოები ნორმალურ მდგომარეობაში მექნებოდა, რადგან 6 წელი ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი.

-  ემოციურად როგორ გადალახეთ ის პერიოდი, როცა კლინიკიდან უიმედოდ გამოგიშვეს?

-  ეს, რა თქმა უნდა, ძნელი გადასატანი იყო, მაგრამ თავიდანვე, როცა ამ დაავადების შესახებ შევიტყვე, გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი... ვცდილობ, გულთან ახლოს არაფერი მივიტანო, დრო ჩემს ოჯახთან, ცოლ-შვილთან ერთად გავატარო, ვიმხიარულო და ისრაელში დადებითი ემოციებით და­მუხტული წავიდე. ვცდილობ, პრობლემებზე არ ვიფიქრო. დაავადებას არ უნდა დანებდე, პესიმისტურად არ უნდა განეწყო. ღვთისა და საკუთარი თავის რწმენის გარდა, არაფერი გადაგარჩენს. ვფიქრობ, წმინდა მიწაზე ყოფნამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია და საკუთარ თავზე სასწაულებიც გამოვცადე. სხვა თუ არაფერი, ადამიანები ვართ და ყველას სურვილია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მივიდეს მაცხოვრის საფლავთან და მუხლი მოიდრიკოს - მე ამის შესაძლებლობა უკვე ოთხჯერ მომეცა. უფალი ყოველთვის ჩემი და თითოეული ჩვენგანის გვერდით არის, მთავარია, გვწამდეს და გვჯეროდეს! როცა გილხინს, მაშინ უფრო უნდა სთხოვო უფალს რამე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და განსაცდელს რომ მოგივლენს, ამას კაცურად უნდა გაუძლო. მეც მზად ვარ ამისათვის. ხელი არასდროს ჩამიქნევია, პირიქით - ყველას ვურჩევ, რომ პოზიტივით, კარგი განწყობით, მუსიკით, ღიმილით შეხვდეს ყველაფერს... უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მიდგას. მადლობა, რომ ამ განსაცდელში მეხმარებიან.

P.S. თუ თემოს დახმარების სურვილი გაგიჩნდათ, მისთვის თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ "საქართველოს ბანკში" მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE52BG0000000708949400

ასევე, შეგიძლიათ განახორციელოთ ზარი ტელეფონის ნომერზე: 0901700320

წინასწარ გიხდით მადლობას!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია