წინა ხელისუფლების დროს ხშირი იყო პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამაზე წერდნენ როგორც პრესის წარმომადგენლები, ისე უფლებადამცველები. სტუდენტი გიორგი თევზაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი და რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ღია წერილიც მიწერა:
გიორგი თევზაძე, სტუდენტი:
- თავდაპირველად პოლიციაში დამიბარეს მოწმის სახით, რადგან დაიკარგა გოგონა, რომელსაც მე ვიცნობდი (ეგონათ, რომ იყო გატაცებული), მაგრამ მე არაფერი ვიცოდი (როგორც მერე აღმოჩნდა, მონასტერში წასულა), თუმცა პოლიციამ მაინც დამაკავა, სრულიად სხვა ბრალდებით. მე ვხვდებოდი გოგოს, რომელიც იყო არასრულწლოვანი (მე ვიყავი 18 წლის და ის გოგო 15-ის) და მოგვწონდა ერთმანეთი. სექსიც გვქონდა და სწორედ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის გამო დამაკავეს. არადა, ამ გოგოს, ჩემამდეც არაერთ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა და თან არც მიჩიოდა, არც ეს გოგო და არც მისი ოჯახი.
- როგორ მოხდა შენი დაკავება?
- 2011 წლის 26 სექტემბერი იყო და სახლში ვიყავი. გვიან საღამოს მოვიდა პოლიციის განყოფილებიდან ვინმე რომანი, რომელმაც განყოფილებაში წაყოლა მთხოვა. ჩემებს უთხრეს, რომ მალევე დამაბრუნებდნენ, განყოფილებაში მისულს კი განმიცხადეს, რომ ბრალი მედებოდა არასრულწლოვანთან სექსუალურ ურთიერთობაში და მის გარყვნაში. მაშინვე დამიწყეს ცემა. ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორიც, რომელიც ცინიკურად მეუბნებოდა: "შენი დაჭერის მუღამი მაქვს და უნდა დაგიჭიროო". ამასობაში მოვიდა სამტრედიის პოლიციის უფროსი ალეკო სვინტრაძე ("ალეხანდრო" - ამ სახელით იცნობდა მთელი სამტრედია), რომელმაც დაუნდობლად მცემა და მაწამა. წაქცეულს მაფურთხებდა და მაგინებდა.
-რას ითხოვდნენ შენგან როცა გაწამებდნენ?
-გამომძიებელი იყო ფილიპე კოხრეიძე. მე სულ სისხლიანი ვიყავი, კოხრეიძე თვითონვე წერდა ყველაფერს, რაც სურდა. ისე მირტყამდნენ თავში, რომ თვალებზე მივიღე ტრავმა, ერთმანეთისკენ გამირბოდა თვალები. სვინტრაძე მოვიდა ჩემთან, მთელი ძალით ჩამაჭირა თვალებში თითები და მითხრა: სასამართლოზე თვალებს თუ არ გააჩერებ, ამოგთხრიო.
- შენ ახლობლებზე ხომ არ იყო ზეწოლა?
- როცა მაწამებდნენ, ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (ფეხებით დამკიდეს და ალეკო სვინტრაძე დაუნდობლად მირტყამდა, მართლა მეგონა, რომ მომკლავდნენ). მამამ და მამიდამ გარეთ გაიგეს ჩემი ყვირილი, შემოვიდნენ შიგნით და მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა, მაგრამ ადმინისტრაციული დარღვევის გამო ისინი ფულადი ჯარიმით დააჯარიმეს. ადვოკატთან დარეკვის უფლებაც კი არ მისცეს.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე