რა ხდება გეგუთში - გარედან მართული პროცესი თუ ძალადობის აღდგენა ციხეებში?

რა ხდება გეგუთში - გარედან მართული პროცესი თუ ძალადობის აღდგენა ციხეებში?

გეგუთის კოლონია - ციხე, სადაც მასობრივ პროტესტს ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე მეორედ გამოხატავენ. პირველად პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებასთან დაკავშირებით დაიწყეს. ახლა კი პროტესტის მეორე ტალღა აგორდა - ციხის თანამშრომლებმა 2 პატიმარი ცემეს.

მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, 900-მდე პატიმარი შიმშილობს. ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. პატიმრებმა მძიმე თვითდაზიანებები მიიყენეს. რამდენიმე დღეა, ციხეში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ ვრცელდება ხმები, რასაც სამინისტრო არ ადასტურებს. პატიმართა ოჯახის წევრები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ იმ მსჯავრდებულთა ვინაობის გამხელას, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს. მათი ინფორმაციით, თავი 300-მდე პატიმარმა დაიზიანა, თუმცა ინფორმაციას სამინისტროში არ ადასტურებენ. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არცერთი პატიმრის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გუშინ ექიმებთან ვიმყოფებოდი გეგუთის დაწესებულებაში, საიდანაც 17 მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა სამოქალაქო კლინიკებში. მათ აღმოუჩინეს დახმარება და დააბრუნეს უკან. 14 ადამიანს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. დღეს დილიდან ვითარება იყო სტაბილური. არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პატიმრებმა თვითდაზიანებები საყოფაცხოვრებო ნივთებით მიიყენეს, რომელთა ფლობის უფლებაც მათ შინაგანაწესით აქვთ.

"რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული, ძირითადად, ზემო კიდურებზე. რამდენიმე მათგანი არ საჭიროებდა არანაირ ქირურგიულ ჩარევას. მათ უბრალოდ დაუმუშავდათ ჭრილობები და დილისთვის ყველა მათგანის მდგომარება იყო სტაბილური. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შიმშილობას პატიმრები აგრძელებენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ოფიციალური განცხადება გეგუთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მტკიცებით, გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლდება, ძალის გამოყენება არ მომხდარა.

"სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოლონიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომლის თქმით, გეგუთის ციხესთან დაკავშირებით სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგას. ნანუაშვილის თქმით, ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რაც სიტუაციას ძაბავს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიტუაციის ესკალაციას იწვევს. გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, თითქოს ის იყო ნაცემ-ნაწამები. თუმცა, როცა მას შევხვდით, ჩვენთან საუბარში მან ეს უარყო. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. ასევე, არ დასტურდება, რომ 6, 7 და 8 თებერვალს სპეცრაზმი გეგუთის ციხეში იმყოფებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება. იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობა განიმუხტოს და სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სამწუხაროდ, მიმდინარეობს უფრო დაძაბვის გარკვეული მცდელობები", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემები შესასწავლია. "სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს პრობლემები შესწავლილი, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახის პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს კანონის ჩარჩოებში. საუბარია, რომ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთ მსჯავრდებულს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.

"თუმცა, მე არ მითქვამს არასოდეს, რომ ამ პატიმრის მიმართ დაზიანებები განახორციელა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

პროცესების გარედან მართვას გამორიცხავს "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, რომელიც აცხადებს, რომ ციხეებში ძალადობა ბრუნდება.

ნანა კაკაბაძე: "პატიმრების მართვა აბსურდია. სამწუხაროდ, სამინისტრო აღარ გამოდის კონტაქტზე. ის აღარ იძლევა პასუხებს არანაირ კითხვებზე, საზოგადოებას აინტერესებს, რატომ მიიყენეს ამ ადამიანებმა თვითდაზიანებები და რა გახდა ამისი მიზეზი. ფაქტია, რომ თვითდაზიანებები მიიყენა ათეულობით პატიმარმა და ეს არ შეიძლება იყოს ვიღაც ერთის ახირება, ან გარედან მართული პროცესი. ვინ შეიძლება ადამიანს დაავალოს, გადაიჭერი ყელი, ან გამოიჭერი მუცელი, ან კიდევ გადაიჭერი ვენები. ეს ბუნებრივია, აბსურდია".

გეგუთის ციხესთან დაკავშირებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი შეისწავლის.

თომას ჰამარბერგი: ”გეგუთთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვიქნები. შევისწავლი ამ ვითარებას და უკვე კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე გავესაუბრები ყველა პასუხისმგებელ პირს". კოლონიის მიღმა ამ დრომდე რჩებიან პატიმრების ახლობლები. პატიმრების ფიზიკური დაზიანების ფაქტზე კი, როგორც სუბარის უწყებაში განგვიმარტეს, გამოძიებას უკვე რამდენიმე დღეა, პროკურატურა აწარმოებს.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ