ისინი ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან - ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციაზე

 ისინი ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან - ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციაზე

რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი მთავრობის კონსტრუქციულ ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზზე მათი მოქმედება ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "France 24"-თან ინტერვიუში აცხადებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება რუსეთთან და ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთმა გახსნა ბაზარი და ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე იყიდება, თუმცა ამავე დროს, უკანასკნელ წელს ადგილი აქვს "მთელ რიგ პროვოკაციებს და პრობლემებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ".

"რუსეთმა დაიწყო მავთულხლართების, ღობეებისა და ხელოვნური ბარიერების მონტაჟი, რაც პრობლემებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას. მათ ბარიერები დაამონტაჟეს 45 კილომეტრის სიგრძეზე და ადამიანები დარჩნენ ამ ღობეებს მიღმა. ეს ძალიან ბევრ სირთულეს ქმნის. ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით. ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯები და ძალისხმევა პოლიტიკურ მხარეზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებაში ძალიან კონსტრუქციულია", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ხედავს გარკვეულ პოზიტიურ განცხადებებსა და სიგნალებს რუსეთის ლიდერების მხრიდან.

"მაგრამ, ამავე დროს ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება ის, რასაც ისინი საოკუპაციო ხაზზე აკეთებენ. ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. რა თქმა უნდა ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობას ევროკავშირსა და აშშ-სთან. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ "France 24"-ს ბრიუსელში ვიზიტისას მისცა.

მომზადებულია france24.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა