გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?

გამჭვირვალე პოლიტიკა - როგორ ვაკონტროლოთ მთავრობა?

"საჯარო დაწესებულებებს ვებგვერდების შექმნის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. ახლა კოდექსი ავალდებულებს, გამოაქვეყნონ ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე, პრემიებზე, შესყიდვებზე... კონტროლის მექანიზმი სხვა ხარისხში გადადის", - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი. სახელმწიფო სამსახურებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა იყო. მთელი რიგი სახელმწიფო დაწესებულებები ციხესიმაგრეებად იყო გადაქცეული. საჯარო ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებს ყველაზე მეტად ჟურნალისტები ვაწყდებოდით. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბარიერს ხშირად, პრესსამსახურის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები გვიქმნიდნენ. მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილება აშკარად შეინიშნება. გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან, თავიანთ ვებგვერდზე შექმნან გრაფა, სახელწოდებით - "საჯარო ინფორმაცია".

ლევან ავალიშვილი:

-  "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საჯარო სამსახურების ვებგვერდების მონიტორინგს დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა. ვაკვირდებოდით, ინფორმაციას როგორი ფორმით აქვეყნებდნენ. რამდენად გამჭვირვალეს ხდიდნენ თავიანთ საქმიანობას? ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება ჟურნალისტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ინფორმაციის მოპოვების ყველაზე მარტივი გზაა. ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების ფორმა მსოფლიოში ახალი სტანდარტია. ხელისუფლება საკუთარი ნებით აქვეყნებს საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციას (ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ.) და ამით საკუთარ საქმიანობას მეტად გამჭვირვალეს ხდის, რაც, დამეთანხმებით, ჩვენთან დამკვიდრებული არ იყო. 3-წლიანი მუშაობის შედეგად, შარშან აგვისტოში, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომელიც ინფორმაციის საჯაროობას ეხება, ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების თანახმად, ქვეყანამ აღიარა ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების ვალდებულება. თუ ადრე საჯარო ინფორმაცია წერილობითი განცხადების საფუძველზე გაიცემოდა, ამჟამად ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. ცვლილება 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. ბევრი ვიმუშავეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, მთავრობასთან ერთად მოლაპარაკებების გზით, ვცდილობდით, გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის სტანდარტი დაგვედგინა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია უნდა დადებულიყო პრემიებზე, სამივლინებო ხარჯებზე, შესყიდვებისა და ვაკანსიების შესახებ. ხალხს აინტერესებს, რაში იხარჯება მისი ფული. ამ ფორმით, საზოგადოებას აქვს საშუალება, აკონტროლოს ხელისუფლება. ხელისუფლებას კი საზოგადოებაში ნდობის ხარისხს ეზრდება, უმცირდება ადმინისტრაციული რუტინა.

-  განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი როგორ არის დარეგულირებული?

-  მაგალითს მსოფლიო გამოცდილებიდან ვიღებთ. თავის თავზე ზედმეტი ტვირთის აღება არავის უნდოდა. ამიტომ იყო დებატები, შეხვედრები... მიზანს დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ, მაგრამ გამჭვირვალობა ამად ღირს.

-  წინააღმდეგობას რომელი უწყებები გიწევდნენ?

-  უმეტეს შემთხვევაში კამათი დეტალებზე გვიხდებოდა. ჩვენ გვქონდა იდეა, საქართველოს მთავრობის ან ნებისმიერი სამინისტროს ვებგვერდზე შექმნილიყო ცალკე გრაფა, სახელწოდებით - "საჯარო ინფორმაცია", სადაც დროში გაწერილი გრაფიკის მიხედვით ინფორმაციის ატვირთვა მოხდებოდა. ეს იდეა რეალობად ვაქციეთ.

-  რა სახის ინფორმაციის ატვირთვაა სავალდებულო?

-  კვარტალურად უნდა გამოქვეყნდეს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების რაოდენობა. ყოველი წლის დასაწყისში აუცილებელია, წარადგინონ შესყიდვების გეგმა და კვარტალში ერთხელ - რა შეისყიდეს. უნდა გამოქვეყნდეს, თანხა სარეზერვო ფონდებიდან თუ მიიღეს. ტენდერები, ვაკანსიები, კონკურსები... გამოცხადებულ ვაკანსიაზე ვინ აიყვანეს და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

-  კვლევამ რა აჩვენა?

-  საქართველოს მთავრობის, ყველა სამინისტროსა და მათ დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ვებგვერდები შევამოწმეთ. ასევე განვიხილეთ ის უწყებები (პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობები, სასამართლო და ა.შ.), რომლებსაც მთავრობის დადგენილება არ ეხებათ, მაგრამ თვითონ უნდა მიეღოთ ასეთი დადგენილებები. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიეღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციას თავის ვებგვერდზე ატვირთავდა.

-  ეს ვალდებულება სრულყოფილად რომელმა სამინისტროებმა შეასრულეს?

-  გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე, სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს ინფორმაცია თავიანთ ვებგვერდებზე საერთოდ არ ჰქონდათ ატვირთული. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი საიტი გაუშვა, სადაც ინფორმაციის ნაწილია ატვირთული. დარახველიძის უწყებაში გვითხრეს, რომ ახალ ვებგვერდს ამზადებდნენ და ამიტომ არ ატვირთეს, რაც გამართლებად არ მიმაჩნია. შსს-მ ინფორმაცია 31 დეკემბერს განათავსა. თავდაცვის სამინისტროშიც საჯარო ინფორმაციის ბლოგი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გააკეთეს და ინფორმაციის ნაწილი ატვირთეს. მთავრობის კანცელარიას, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, იუსტიციის სამინისტროებს ინფორმაციები შედარებით კარგად აქვთ ატვირთული. სამინისტროებზე გაცილებით რთულადაა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მდგომარეობა. ჩვენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 76 სსიპ-ის ვებგვერდით დავინტერესდით. 17-ს ვებგვერდი საერთოდ არ ჰქონდა, 45-ს ინფორმაცია ნაწილობრივ ჰქონდა ატვირთული, დანარჩენებმა მთავრობის დადგენილება საერთოდ არ შეასრულეს. მონიტორინგს ისევ ვაგრძელებთ. მომავალში კიდევ უფრო დეტალურ ძიებას განვახორციელებთ. აქამდე ყურადღებას ვაქცევდით, ვალდებულება რამდენად შეასრულეს, შექმნეს თუ არა საჯარო ინფორმაციის ბმული და დაიწყეს თუ არა ინფორმაციის ატვირთვა; შემდგომ ეტაპზე, ატვირთული ინფორმაციის ხარისხს დავაკვირდებით. ეს გადამწყვეტია.

-  საჯარო სექტორიდან ინფორმაციის მიღება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უფრო მარტივია თუ წინა ხელისუფლების დროს?

-  სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. გაიზარდა მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი. წინა ხელისუფლების დროს ეს სერიოზული პრობლემა იყო. 2011-12-13 წლებში საჯარო სექტორში სულ 11 886 მოთხოვნა გავგზავნეთ, 306 წერილზე უარი მივიღეთ, უპასუხოდ 2 748 წერილი დატოვეს, სრულყოფილი პასუხი კი 7 406 კითხვაზე მივიღეთ. 2010 წელს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა ასეთია: სასჯელაღსრულების სამინისტროში გაგზავნილი 14 კითხვიდან პასუხი 9 წერილზე ვერ მივიღეთ. ასევე იყო ჯანდაცვის სამინისტროშიც. უფრო ცუდი მდგომარეობა იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში: 14 წერილიდან პასუხი 12-ზე ვერ მივიღეთ. შინაგან საქმეთა, განათლების, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ვერც ერთ წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ.

-  ამჯერად რაზე მუშაობთ?

-  სულ ახლახან ინფორმაცია პარლამენტარების მიერ მივლინებაში დახარჯული თანხების შესახებ გამოვაქვეყნეთ. ადრე ასეთ ინფორმაციას ვერ ვიღებდით, მხოლოდ საერთო ციფრს გვეუბნებოდნენ, რის საფუძველზეც ვერც იმსჯელებდი და ვერც დასკვნას გამოიტანდი. მდგომარეობა შეიცვალა, პარლამენტიდან ყველანაირ ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან.

-  პრობლემად რა რჩება?

-  შსს-დან სტატისტიკის მიღება დანაშაულის შესახებ. ქვეყნდება ზოგადი სტატისტიკა და არა - დანაშაულის სახეობების მიხედვით. პრობლემაა ინფორმაცია მოსმენებთან დაკავშირებით. ვითხოვთ ინფორმაციას მოსმენების რაოდენობაზეც. პროკურატურამ კბილაშვილის მმართველობის დროს, ამ თემაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, ახლა ხელმეორედ მივმართეთ, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საინტერესოა - საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციისას ახალი თანამშრომლების აყვანა კონკურსების გზით თუ ხდება. ბევრი ადამიანი გვწერს, რომ გამოცხადებული ვაკანსიები ყალბია, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ვაკანსიის საკონკურსო პირობებს ერთ ადამიანს არგებენ. არ უნდათ, სამსახურში მიიღონ კონკრეტული პიროვნება და ვაკანსიის მოთხოვნების ჩამონათვალში წერენ, საჭიროა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა, მაშინ, როცა ამ პოზიციაზე მუშაობას უცხო ენის ცოდნა საერთოდ არ სჭირდება. საჯარო სამსახურში დასაქმება დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. საკონკურსო პირობების გამჭვირვალობა და კონკურსის რეალურობა კვლავ რთულ პრობლემად რჩება.

-  კვლევას ამ მიმართულებითაც აპირებთ?

-  ამ თემაზე ვმუშაობთ და საზოგადოებას კვლევის შედეგებს აუცილებლად ვაცნობებთ.

-  იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროები და სხვა საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციას არ გამოაქვეყნებენ, დაისჯებიან? ეს როგორი ფორმით მოხდება?

-  დღეს უწყებაზე ზემოქმედების ბერკეტი არ არსებობს. ზემოქმედება მხოლოდ საზოგადოების კონტროლით შეიძლება მოახდინო. ამას ემატება მთავრობის კანცელარია, რომელიც ამ პროცესს კურირებს და უწყებებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებს. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, კანონის არაღსრულების შემთხვევაში, იძულების მეთოდს გამოიყენებს თუ არა. ეს პრაქტიკაში დამკვიდრებული არ არის. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ "ინფორმაციის კომისიონერის" ინსტიტუტის დამკვიდრებას, რომელსაც ექნება დაჯარიმების მექანიზმი. სავარაუდოდ, მას პირველ ჯერზე ადმინისტრაციული ჯარიმის ფორმით ექნება, გამეორების შემთხვევაში - სასჯელი გამკაცრდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა