"ვესტი" - სააკაშვილმა ვერ მოახერხა ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადის მიღმა დატოვება

 "ვესტი" - სააკაშვილმა ვერ მოახერხა ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადის მიღმა დატოვება

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადის მიღმა დატოვება. რუსული ტელეკომპანია "ვესტი" ამ სათაურით ავრცელებს სიუჟეტს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მიეძღვნა.

როგორც რუსი ტელეწამყვანები აღნიშნავენ, ქართველმა ოლიმპიელებმა ალპებში გაიარეს დასკვნითი მზადება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი ოცნებობდა, ისინი სოჭში არ ენახა.

სიუჟეტის ავტორთა თქმით, ქართველი სპორტსმენები ალპებში დეკემბრიდან მოყოლებული ვარჯიშობდნენ, მანამდე კი ცხრა თვე ევროპასა და აშშ-ში გადიოდნენ მზადებას.

"სოჭის ოლიმპიადაზე სამივე სპორტსმენი საოცარ ფორმაში მიემგზავრება", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი. მეოთხე სპორტსმენი ელენე გედევანიშვილი კი მოგვიანებით შეუერთდება ქართველ ოლიმპიელებს.

ამასთან, როგორც სიუჟეტში ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი აცხადებს, თუ ქართველი სპორტსმენები პირველ ოცდაათეულში მოხვდებიან, ნორმალური შედეგი იქნება, ოცეულში მოხვედრა კი - კარგი.

სიუჟეტის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა კარგად იციან, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მძაფრი კონკურენცია ელით და საეჭვოა, მედლები მოიპოვონ.

"სათხილამურო სპორტს საქართველოში ხელი სამი წლის წინ მოჰკიდეს. საქართველოში ვარჯიშის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ახლა კი ნაკრებს იტალიელი მწვრთნელი და ერთბაშად სამი სპორტსმენი ჰყავთ ოლიმპიადაზე, რომელზე მონაწილეობისგანაც საქართველო მზად იყო უარი ეთქვა", - აღნიშნავს სიუჟეტის ავტორი.

სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უხელმძღვანელებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Вести-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა