აბონენტებისთვის გაზის გაორმაგებული დავალიანების დარიცხვის მიზეზს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

აბონენტებისთვის გაზის გაორმაგებული დავალიანების დარიცხვის მიზეზს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

იანვარში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის გაორმაგებული დავალიანების დარიცხვის მიზეზს საკრებულოში სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

თბილისის საკრებულოში დღეს გარკვეული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის გაორმაგებული გადასახადით გამოწვეულ პრობლემებზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრები შპს "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან აბონენტების გარკვეული ნაწილის ქვითრებზე დარიცხულ გადასახადებზე განმარტება მოისმინეს.

როგორც შეხვედრის ინიციატორმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის პრობლემებს შეისწავლის და დეტალურად განიხილავს, თუ რამდენად სწორად მოხდა იანვარში აბონენტებზე დავალიანების დარიცხვა.

"სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც კომპანიის, ასევე საკრებულოს შესაბამისი კომისიების წარმომადგენლები და მუშაობა გაგრძელდება მანამ, სამან არ მოგვარდება ყველა პრობლემა. მოქალაქეებს ასევე უფლება აქვთ, მიმართონ კომპანიის სერვის ცენტრებს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად მიიღონ დეტალური ინფორმაცია. გაუგებრობის შემთხვევაში კი აბონენტებს შეუძლიათ მოგვმართონ საკრებულოს მუშა ჯგუფს და ჩვენ გპირდებით, განვიხილავთ აღნიშნულ პრობლემას და ერთობლივად ვიმუშავებთ მის აღმოსაფხვრელად", _ განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა გაზის ხარისხის შესახებაც იმსჯელეს. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, მუშა ჯგუფის უპირველესი ამოცანა სწორედ ბუნებრივი აირის მიწოდების ხარისხის კონტროლი იქნება.

"აუცილებელია, რომ არც ერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ გადაიხადოს იმაზე მეტი, რაც უშუალოდ დახარჯა. ინდივიდუალურ რეჟიმში გავივლით ყველა საკითხს და თუ ვინმე თვლის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში დაერიცხათ გაცილებით მეტი თანხა, ამ შემთხვევას მკაცრ კონტროლზე ავიყვანთ. და ბოლოს, ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება გაზის მიწოდების ხარისხზე კონტროლი", _ აღნიშნა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის ირაკლი გაბუნიას თქმით კი, გაზის ხარისხი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. მისი თქმით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, ყველა დაინტერესებულ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი მასალა, რომელიც დაადასტურებს თბილისისთვის ხარისხიანი გაზის მიწოდებას.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მუსხელიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აბონენტთა ნაწილს ბუნებრივ აირზე გაორმაგებული გადასახადები მიუვიდათ. ამის შესახებ მან მოსახლეობისგან შეიტყო, რომლებიც დახმარებას ითხოვენ. გიორგი მუსხელიშვილმა სიტუაციაში გასარკვევად კომპანიების წარმომადგენლები დღეს საკრებულოში დაიბარა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია