შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადღებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, დღეს კომისიის ბოლო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასალის დიდი ნაწილი, გამოძიების დაწყების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს და ასევე დაზიანებული მასალა დაექვემდებარა დაუყოვნებლივ განადგურებას.

მინისტრის ინფორმაციით, 45 დისკიდან 2 დისკზე არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები, პროკურატურას კი გადაეცა 590 დისკი. "შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მაკომპრომეტირებელი ფაილები გაგვაჩნდა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, უმეტესი ნაწილი განადგურდა, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. დანარჩენი გადაეცა პროკურატურას შემდეგი მოკვლევისათვის. თუ ვინმე მოქალაქეს პირადად გააჩნია მოპარული ან რაიმე სახით ჩაუვარდა ხელში, ურჩევნია სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს. სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ რაიმე ფაილი თუ გავრცელდა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

დღესვე ჭიკაიძემ კომისიის ერთობლივი მუშაობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალში აღარ განმეორდება უკანონო მიყურადება-მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ვინც ამგვარ დანაშაულს ჩაიდენს, კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით კი, რომელსაც დღეს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად გადასცა დისკები, პროკურატურა ამასთან დაკავშირებით გამოძიებას დაუყოვნებლივ შეუდგება. მისი თქმით, ვინაიდან უკანონო არქივის შექმნაში აშკარად არის დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ