საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა

საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილი პატიმრობაში დატოვა

ფრანგმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, იმსჯელოს ყველა საკითხზე და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ არგუმენტებზე, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განუცხადა, რომელიც საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

"პირველ რიგში, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა კეზერაშვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, ყველა ის ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა სასამართლოს, ჩვენ მივაწოდეთ და ამაზე დაყრდნობით იმსჯელებს სასამართლო. პროცედურა ასეთია - ზოგადად არ ხდება საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნა მთელი მისი მტკიცებულებებით. საფრანგეთის სასამართლოს როლი არ არის ის, რომ იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე ან იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს. დოკუმენტები ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდა. დამატებითი ინფორმაცია ჰქონდა გამოთხოვილი ფრანგულ მხარეს და ისიც სრულად მიაწოდა მთავარმა პროკურატურამ. პროცესზე ერთმა ფრანგმა პროკურორმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, იმსჯელოს ყველა საკითხზე და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ არგუმენტებზე, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რომელმაც ჩათვალა, რომ ყველა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული ვადა ერთი თვეა, ანუ 27 თებერვალს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას",-განაცხადა დონდოლაძემ.

კითხვაზე, თქვა თუ არა ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომ არ უნდა მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, დონდოლაძემ განაცხადა: "პროკურორმა თქვა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყველა იმ ასპექტზე, რაც საქმეში არსებობს, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული არგუმენტებიც მოიყვანა ამ პოზიციის გასაძლიერებლად".

თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე სასამართლო პროცესი საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გუშინ გაიმართა. კეზერაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ფრანგმა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს.

"სამართლებრივი სივრცისთვის გასაოცარი რამ მოხდა, ფრანგმა პროკურორმა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინტერესებს იცავდა, მის დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს. მან თავად დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ექსტრადირება, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ არის საკმარისი მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა არის აბსურდული და უსუსური. ამიტომ მან მიმართა სასამართლოს, არ მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება", - აღნიშნა მინდელმა.

დავით კეზერაშვილის ადვოკატების აზრით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ის კეზერაშვილი სასამართლოს ვერდიქტამდე პატიმრობაში დატოვონ. ადვოკატებს ასევე იმედი აქვთ, რომ კეზერაშვილის ექსტრადიცია არ მოხდება.

კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ