დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"

დიმა ჯაიანი: "არის რაღაც, რასაც საფლავში ჩავიტან და არ მოვყვები"

აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი - ბატონი დიმიტრი ჯაიანი სამინისტროს, მისი განუყოფელი სოხუმის თეატრის, საყვარელი როლების, აფხაზური ამბებისა და მასთან დაკავშირებული ტკივილის შესახებ გვესაუბრება:

- ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩვენი სავიზიტო ბარათი - კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრია. ასევე, სკოლები, რომლებიც მაგალითად, გალის რაიონშია. ის ხალხი აქეთ გადმოდის და თავიანთ პრობლემებს გვიზიარებენ. როცა ამ პოსტზე დავინიშნე, ასეთი თამამი ფრაზა ვთქვი და ზოგმა გაიგო, ზოგმა - არა: "მათ უნდა უხაროდეთ, მინისტრად მე რომ დავინიშნე". ეს იმიტომ ვთქვი, რომ სკამს ჩაჭიდებული კაცი არ ვარ. დღესვე რომ მითხრან, - საქმეს ვერ აკეთებ და წადიო, წავალ. მინდა, ამ ხალხს მხარში ამოვუდგე და ერთად რაღაც გამოგვივიდეს. ჩვენი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ევროპაშია ცნობილი. სოხუმის თეატრს 2015 წელს 130 წელი შეუსრულდება. მისი დირექტორი ჯემალ ქირია გახლავთ, სამხატვრო ხელმძღვანელი კი - დავით საყვარელიძე. ეს ის დავით საყვარელიძეა, რომელიც ოპერის თეატრს ხელმძღვანელობდა და რუსთაველის თეატრზე უარი თქვა. თეატრს ახლა სწორედ ის სჭირდება.

- საიუბილეო თარიღისთვის საკუთარი შენობის პრობლემა თუ მოგვარდება?

- ჩვენი სამინისტროს შენობაში სააქტო დარბაზია, რომელიც აჟურში უნდა მოვიყვანოთ და თეატრებიც გამოვლენ აქ, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლიც და კაპელაც. ამისთვის კი დიდი თანხა სულაც არ არის საჭირო და დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამ ოდიშარია და პრემიერ-მინისტრი ამას გულთან ახლოს მიიტანენ. ღმერთმა ქნას და აფხაზეთში რომ დავბრუნდებით, დედაქალაქში საჭიროა, აფხაზეთის ავტონომიას თავისი ცენტრი ჰქონდეს. სხვათა შორის, მეც არ ვიცოდი და ეს ერთადერთი შენობა გახლავთ თბილისში, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სერიოზული საქმეების გაკეთება გვინდა, ჯერჯერობით ცოტ-ცოტა რაღაცები გამოდის.

- მაგალითად?

- კაპელა და ცეკვის ანსამბლი გაერთიანებული იყო და ისევ განვაცალკევეთ, საერთოდ რატომ შეაერთეს, არ ვიცი. თეატრში რაც ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ამაზე საუბარი არ მინდა, უკვე ჩავლილი ამბავია. კაცის მკვლელობის დაბრალება, თეატრიდან გაგდება იმ დიმა ჯაიანის, რომელმაც დევნილობაში 18 წელი თავისი ზურგით ატარა... ეს თეატრი ჩემი გადარჩენილია, თამამად ვამბობ. აი, ჩემ შემდეგ კი - რობერტ სტურუამ, რომელმაც საოცარი დიდსულოვნება გამოიჩინა, კარი გაგვიღო და 9 წლის განმავლობაში, მასპინძლებად ვიყავით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ყველანაირი პირობა შეგვიქმნა და ეს რომ არ დაინახო, გარეწარი უნდა იყო. ბატონმა რობერტმა თქვა მაშინ, - დიმა ჯაიანი რომ არა, არაფერს გავაკეთებდიო. ახლა ყველაფერი დალაგდა და ისეთი კაცი მოვიდა, რომლის გამჭრიახობა, ჭკუა, მოხერხება სჭირდება თეატრს. რეპერტუარში, რა თქმა უნდა, ახალ სპექტაკლებსაც დაამატებს, სეზონი კი რუსთაველის თეატრში "ირმის უკანასკნელი ბღავილით" გავხსენით, რომელსაც აღარ თამაშობდნენ, რადგან მასში მთავარ როლში ვარ. ნუგზარ ლორთქიფანიძემ კი აღადგინა. არ ვიცი, აღდგება თუ არა "ზღვა, რომელიც შორია", ეს უკვე ბატონ თემურ ჩხეიძეზეა დამოკიდებული.

- ამ სპექტაკლში თქვენთან ერთად, მერაბ ბრეკაშვილი თამაშობდა...

- რომელიც ცუდად მოიქცა... მასთან ერთად სცენაზე თამაში ჩემთვის ძნელი იყო. ასე არ ექცევიან ახლობლებსა და კოლეგებს, მე მისთვის ორივე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში დარჩენა შევთავაზე, კარგი ანაზღაურებით, მაინც უარი თქვა. ყველანაირი შეცდომის პატიება არ შეიძლება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ოთარ აბესაძის ფილმში - "მალე გაზაფხული მოვა", სესილია თაყაიშვილი და სერგო ზაქარიაძე ცოლ-ქმრის როლს ასრულებდნენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა გენიალურად თამაშობდნენ. თურმე, ვიღაცას სესილიასთვის მიუტანია ამბავი, - სერგომ შენზე თქვა, ეგ რა მსახიობიაო, სერგოსთვის კი - პირიქით. ორივეს ეწყინა და დაემდურნენ. ეს მერე კარლო საკანდელიძემ გაარკვია და შეარიგა. ასეთი წყენის დავიწყება ადვილია, მაგრამ არსებობს ღალატის წყენა, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვერ დაივიწყებ. თუმცა მაინც ვძლიე და დარჩენა შევთავაზე. სხვათა შორის, ამ სპექტაკლის წაღებას ინგლისშიც გვთხოვენ.

- მიშა ქვაჭრელიშვილის მკვლელობის საქმე ჯერ კიდევ დაუხურავია, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რა ეტაპზეა გამოძიება?

- ეს საქმე რატომ არ დახურეს, კარგად ვიცი. როცა საქმე იხურება, მერე მისი გამოთხოვა შეგიძლია და ვალდებულნი არიან, მოგცენ. სანამ ძიებაშია, ეს შეუძლებელია. ახლა სხვა დროა, სამართლიანობის აღდგენა იწყება და მე მაინტერესებს, ვინ მოიშორა 23 წლის ბიჭი იმის გამო, რომ მე დამბრალებოდა და რა სიტუაციაშია გარდაცვლილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

- სოხუმის თეატრის იმ პერიოდზე ვისაუბროთ, როცა თქვენ დაიწყეთ მუშაობა.

- უბედნიერესი კაცი ვარ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1973 წელს დავამთავრე, საშა მიქელაძე მასწავლიდა და მას შემდეგ, სოხუმის გარდა, სხვა თეატრში არც მიმუშავია. მაშინ აფხაზური და ქართული დასი ერთ შენობაში ვიყავით, ულამაზესი, ქართული შენობა იყო. არქიტექტურული თვალსაზრისით, ასეთი თეატრი საქართველოში არ არსებობდა. მერე ცუდი რამ მოხდა, - უზარმაზარი შეცდომა გაეპარათ, რომელმაც მოგვიანებით მთლიანად დაანგრია აფხაზები... გაზეთ "კომუნისტში" ბრძანება გამოამზეურეს, რომ ჭამბას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრი კი არ ეწოდა, არამედ - აფხაზური! ისტორიულად იქ მხოლოდ ქართული თეატრი იყო, რომელზეც აღმოცენდა ბერძნული, რუსული და აფხაზური. ბერძნულმა და რუსულმა "ჭირი მოჭამა", კონკურენციას ვერ გაუძლო, აფხაზური დარჩა და ვიღაცის უვიცობის გამო, ჩვენზე აღმოცენებული თეატრის დასი, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რომ ყოფილიყო აფხაზეთის სახელმწიფო თეატრი, ჩვენც ვიქნებოდით და ისინიც. ეს 1979 წელს მოხდა. გამოვედით და შევედით იქვე, სანაპიროზე, ასევე კარგ ადგილას, ყოფილი კინოთეატრის "აფსნის" შენობაში, რომელიც კაპელასთვის გადააკეთეს, მერე კი ჩვენი თეატრისთვის. გამსახურდიას სახელიც მიენიჭა და ხელმძღვანელად უბრწყინვალესი რეჟისორი და შესანიშნავი ადამიანი - იური კაკულია დაინიშნა. ვალში ვართ მასთან, მივიწყებულია მისი სახელი.

- რომელი იყო პირველი სპექტაკლი, რომელშიც თეატრალურის შემდეგ მონაწილეობდით?

- სოხუმის თეატრში 30-მდე მთავარი როლი მაქვს ნათამაშები. 1973 წელს რომ ჩავედი, "ყარამანი ცოლს ირთავს" ძალიან პოპულარული იყო. 300 სპექტაკლი ანშლაგით ვითამაშეთ, მაყურებელი არ ილეოდა. მთავარი რეჟისორი დათო კობახიძე იყო, დღეს თეატრალურში ასწავლის. წამყვანი მსახიობები თამაშობდნენ, მე ყარამანის როლში ვიყავი. ლეო ფილფანი ამბობდა, ეს ვინ ჩამოვიდა, ეს რა გააკეთე, ბიჭოო?! (იცინის). მანამდეც კარგი სპექტაკლები იდგმებოდა, მაგრამ ხალხი არ დადიოდაო. ამ სპექტაკლმა გაისროლა, მაგრამ რა გაისროლა?! ამას მოჰყვა ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი", რომლის როლშიც მე ვიყავი. ტუზიკა მაჭავარიანი ექვსი დღით ჩამოიყვანეს და ჩვენთან მუშაობა ისე მოეწონა, მთელი თვე დარჩა თავისი ხარჯებით. დავით მაჭავარიანი დიდი გემოვნების მქონე კაცი იყო. როცა კოტე მარჯანიშვილი სპექტაკლს დგამდა და დაამთავრებდა, დაუძახებდა - ტუზიკ, გოიმობა მოაშორე სპექტაკლსო. ამ ესპანურ წარმოდგენაში ისეთი ცეკვები იყო, ხალხი გიჟდებოდა.

- რაც შეეხება გოგი ქავთარაძეს და მასთან მუშაობას, როგორი იყო ის პერიოდი?

- ეს სოხუმის თეატრის ოქროს ხანა იყო და ასეთი წარმატებული 9 წელი, გოგი ქავთარაძეს არც ერთ თეატრში არ ჰქონია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში თვეობით მივდიოდით ხოლმე. თითქმის ყველა სპექტაკლში მთავარ როლს ვასრულებდი, "დიდოსტატის მარჯვენაში" მეფე გიორგის 16 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, გვირგვინი მეხურა და ორსაათ-ნახევარი სცენაზე ვიდექი. ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა გენიალურად კინოში, მე - არაგენიალურად - თეატრში. "მარადისობის კანონში" ოთხწუთიანი სცენა მქონდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, კანონიერ ქურდს - ვახო ამბოკაძეს ვთამაშობდი. შევდიოდი ტაშის გრიალით და გავდიოდი - კივილით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გოგი, როგორც პარტნიორი, ასევე გენიალურია, ბაჩანას როლში იყო და ერთ სცენაში, ზურგს შემაქცევდა და მხარს ისეთნაირად აათამაშებდა, ვითომ მართლა ტიროდა, მე კი ცრემლები მადგებოდა და ვეუბნებოდი - ფუღუ, არ მოკვდე, ბიჭო, არ მოკვდე, რა... და უკვე ტირილს ვიწყებდი, ისე ვიყავი, ცრემლები ყელში მიჭერდა და გავდიოდი. კარგი პარტნიორი ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდამ მივიღე სახალხო არტისტის წოდება. 38 წლის ვიყავი. თუ არ მოკვდებოდი ან 90 წელს არ მიაღწევდი, ამ წოდებას არ მოგცემდნენ, მე ეს ტრადიცია დავარღვიე, თუმცა ჩემამდე, ლეგენდებმა - აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ. როგორც შოთა რუსთაველი აღარ დაიბადება, ისე არ დაიბადება ხორავა. "ვასაძე" შეიძლება დაიბადოს.

- როდის დატოვა დასმა სოხუმი?

- ზუსტად 1992 წლის 27 სექტემბერს. ყველა ერთად წამოვედით. სოხუმი რომ დაეცა, წებელდიდან ჭუბერზე გადმოვედით. ის გზა ტანჯვა იყო, არ გამახსენოთ. ღმერთისა და ხატის წინაშე დავიფიცე, რომ ამ გზის შესახებ არასდროს მოვყვები, გოლგოთა იყო, საშინელება... ადამიანს ადამიანი შესძულდება, იმ ამბებს რომ მოვყვე. დავიფიცე, რომ ისე ჩავალ სამარეში, ჩემგან არავის არაფერი ეცოდინება-მეთქი. სხვამ შეიძლება მოჰყვეს, ათასობით ადამიანი მოდიოდა...

- აფხაზ მსახიობებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ომამდე - შესანიშნავი. უახლოესი მეგობრები მყავს მოცეკვავეები, მსახიობები. ერთ შენობაში ვმუშაობდით, ჭირსა და ლხინში ერთად ვიყავით, მაგრამ რუსებმა ყველაფერი აურიეს. ხალხს ტვინის ხნულები გადა­უგლისეს. ბოლოს უკვე იგრძნობოდა მათგან უარყოფითი დამოკიდებულება. აფხაზი და ქართველი მსახიობები ერთ სახლში, ბარათაშვილის 2 ნომერში ვცხოვრობდით. ერთ "მშვენიერ" დღეს, გამოვედი და აღარ მომესალმნენ... გავგიჟდი, გამიკვირდა, - რატომ-მეთქი? ასეთი "გათიშე და იბატონე" გააკეთა რუსეთმა. ეს იყო რუსეთსა და ქართველებს შორის ომი, ამას კატეგორიულად ვაცხადებ! აფხაზურ ლაპარაკსა და სიმღერას როცა ვიგებ, ცხარე ცრემლი მომდის, იმდენად განვიცდი. უზომოდ მენატრებიან. საოცარი ტრადიციების მხარეა. ჩემი უფროსი მეგობარი - კახი კავსაძე ხშირად ჰყვება, უცებ როგორ ხდება კაცი ღმერთი, როცა აფხაზურ ოჯახში შეაბიჯებს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელიც ისე მიგიღებს, როგორც აფხაზი. ბევრი მეგობარი მყავს ნაღდი აფხაზი, უახლოესი ძმაკაცები და ვურეკავ ხოლმე, არ მინდა სახელები გავამჟღავნო.

- რა პრობლემებია განათლების სფეროში გალის რაიონში?

- პრობლემები სკოლებში აქვთ. აკრძალულ ადგილზე ქართულს რომ მაინც ასწავლი, ეს უკვე გმირობის ტოლფასია და ამას ყოველგვარი გახმაურების, თვითრეკლამის გარეშე აკეთებენ. ვამაყობ, რომ დღეს ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ. ის ბავშვები აქ რომ ჩამოდიან, გაოცდებით, როგორი კარგი ქართულით ლაპარაკობენ და როგორ აზროვნებენ. დათო საყვარელიძე მათი წერილების მიხედვით სპექტაკლის დადგმას აპირებს. გიჟდება, როცა კითხულობს, რა კარგად წერენო და ვიცი, მათ ნააზრევს დათო შესანიშნავად გადმოსცემს თეატრალური ხერხებით.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება