"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს საფრანგეთში, დავით კეზერაშვილთან კამერის გარეშე გასაუბრების საშულება მისცეს.
როგორც ჟურნალისტმა, მარიამ ცარელაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული იყო 5 წუთიანი შესვენება, სადაც გამონაკლისი დაუშვეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუშვეს.
"მე მქონდა საშუალება, შორიდან გავსაუბრებოდი მას. დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ არაფრის თქმა არ სურდა ჟურნალისტებისთვის. თუმცა, საკმაოდ თბილად მოგვიკითხა და დაინტერესდა, თუ რა ხდება საქართველოში და აღდგა თუ არა სამართლიანობა", - განაცხადა მარიამ ცარელაშვილმა.
ექს-ან-პროვანსის სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს დღეს განიხილავენ. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განუცხადა, ის ფიქრობს, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან საქმე ჯერ ამ ეტაპზე არ არის.
"თუმცა, ესაა ჩემი აზრი და ზოგადად ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.
კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და ტელე "იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.