რუს მომღერალ ჟანა ფრისკეს სიმსივნე აქვს. ამის შესახებ მომღერლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ფრისკეს მეუღლის, შოუმენ დმიტრი შეპელევის განცხადებაშია ნათქვამი.
"რაც მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ოჯახის საქმე იყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ამიტომ გვსურს ნებისმიერი სპეკულაცია შევწყვიტოთ და ვთვლით, რომ ჟანას თაყვანისმცემლებს უფლება აქვთ, სიმართლე იცოდნენ. ჩვენს ოჯახს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. ჟანას სიმსივნე აქვს. დაავადებას ვებრძვით და არც ერთი წამით არ ვწყვეტთ რწმენას. მივმართავთ ყველას ერთადერთი თხოვნით, გაგვამხნევონ კეთილი სიტყვითა და ლოცვით",- ნათქვამია განცხადებაში.
ზუსტად რა დაავადებაზეა საუბარი, პუბლიკაციაში ნათქვამი არაა. შეპელევი ასევე დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ოჯახი კომენტარისგან თავს შეიკავებს.
გამოცემა Life News-ი თავის მხრივ ირწმუნება, რომ მომღერალს მეოთხე სტადიის არაოპერაბელური თავის ტვინის სიმსივნე აქვს.
მომღერლის ავადმყოფობის შესახებ ჭორები წინა კვირაში გავრცელდა. Life News წერდა, რომ ჟანა ფრისკე მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტის მედპუნქტში შენიშნეს, როდესაც იგი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეტლით გერმანიაში გასამგზავრებლად გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში სამკუნლალოდ მიჰყავდათ, სადაც მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.
გავრცელებული ჭორების ფონზე რამდენიმე დღის წინ მომღერლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მსახიობი თავს კარგად გრძნობს და მაიამიში იმყოფება.
ჟანა ფრისკემ პოპულარობა 1996 წელს გოგონების ჯგუფ Блестящие-ში მონაწილეობით მოიპოვა. 2003 წელს მან წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო. 2013 წლის აპრილში 38 წლის მომღერალმა შვილი გააჩინა. ბავშვს პლატონი დაარქვა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.