ტყვიავში მცხოვრები ოქროპირიძეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილები არიან, ამჯერად კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოჩვენებების გამო მოუხდათ. ავი სული მათ პატარა ბავშვის "წაყვანით" ემუქრება, ოჯახის დიასახლისს კი გონებას აკარგვინებს. მეზობლები ამბობენ, რომ ღამე გარეთ გამოსვლის ეშინიათ, რადგან ოქროპირიძეების მიტოვებული სახლიდან უცნაური, საზარელი ხმები გამოდის. რა ხდება ტყვიავში? - ამის შესახებ გიორგი ოქროპირიძე გვესაუბრება.
- ორ თვეზე მეტია, რაც სახლში უცნაური მოვლენები ხდება. ჩემმა ნათლიამ ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა, ხატმა ოჯახში მიბრძანებისთანავე დაიწყო მირონდენა. შემდეგ კი კედლებზე გამოისახა საქართველოს დროშა და ჯვრები. ჯერ ერთი ჯვარი გამოისახა, მერე მეორე და ახლა ათასობით ჯვარი შეიმჩნევა. სანამ ოჯახში ხატს მივაბრძანებდით, ბავშვი ეზოში თამაშობდა, როცა სახლში დაბრუნდა, თმა ჰქონდა შეჭრილი, ვკითხე - ეს თმა ვინ მოგაჭრა-მეთქი, გავიყვანე ქუჩაში და ვერავინ იცნო, ვისაც შეეძლო მისთვის თმის შეჭრა. დიდი პაპა მოვიდა და მან შემჭრა თმებიო, - მითხრა.
- თქვენ გინახავთ ეს მოჩვენება?
- მოჩვენება ჩემს მეუღლეს ესხმის თავს, თიშავს ქალს, ცუდად ხდის. მოჩვენება, ძირითადად, ღამით ძლიერდება, ფანჯარაზე გვიკაკუნებს. ჩემს მეუღლეს ეუბნება, ეს სახლი დატოვეთ, თორემ ამ თმის პატრონს წავიყვანო. წამოვედით სახლიდან, რა გზა გვქონდა, ჩემი მეუღლე ბავშვებით კოტეჯში ცხოვრობს, დევნილთა დასახლებაში, დედ-მამა - ბიძაჩემთან, მე, სადაც დამიღამდება, იქ ვრჩები.
- არ აკურთხებინეთ სახლი?
- მამა აკაკისთან ვიყავით თბილისში, გვითხრა, ეგ სახლი უნდა დაინგრეს, სხვანაირად ეგ ადგილი ვერ გაიწმინდებაო. შობის შემდეგ ველოდებით მამა აკაკის, მეუფესა და ჩვენი სოფლის მღვდელს. მათ ადრეც აკურთხეს სახლი. როცა პირველად მოვიდნენ მეუფე იობი და მღვდელი, ჩემს მეუღლეს გული წაუვიდა ეზოში. როგორც სასულიერო პირებმა მითხრეს, აქ დაბუდებული იყო ბოროტი, რომელსაც არ მოეწონა, ოჯახში ხატი რომ შევიტანე. ამიტომ მიდის ბრძოლა: ბოროტი ებრძვის ხატს, ხატს კი მირონი სდის. ხატს რომ ვერ მოერია, ოჯახის წევრებს გვებრძვის. ხნიერ ხალხში გავიკითხე, ადრე ამ ადგილზე სასაფლაო ხომ არ იყო-მეთქი მითხრეს, რომ ასეთი რამ აქ არ ყოფილა.
- რას ამბობს თქვენი მეუღლე, როგორ გამოიყურება მოჩვენება?
- მეუღლე ამბობს, რომ მოჩვენებას სახე აქვს დაფარული. ერთხელ სთხოვა, სახე მაჩვენეო და აჩვენა, დაჭმუჭნული სახე აქვს, ბავშვს კი წითელი თაგვის სახით ეჩვენება.
- მეზობელ სახლებს არ სტუმრობს?
- მათთან მშვიდობაა, არანაირი მოჩვენება არ ჰყავთ, თუმცა ხშირად ესმით საზარელი ხმები ჩვენი სახლიდან. ვითხოვ დახმარებას, დამაბრუნონ საკუთარ სახლში, ერთხელ უკვე გავხდი დევნილი ომის გამო და ახლა ამ დაუჯერებელი ამბების გამო დავტოვე საკუთარი სახლი. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ცალ-ცალკე?
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)