რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები

რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები

გიორგი ბარბაქაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ხალხის რჩეული მონაწილის - ქეთი ხატიაშვილის მეწყვილე გახლდათ. ხალხი გულგრილი არც გიორგის დაუტოვებია: ის განსაკუთრებული პოპულარობით სუსტი სქესის წარმომადგენლებში სარგებლობს. ფინალურ ტურში მოხვედრილ მოცეკვავეს თურმე, საკუთარი თავი უკვე გამარჯვებულად მიაჩნდა.

- ახალი წლის დღესასწაული კომპიუტერთან, სოციალურ ქსელში გაგიტარებია?

- არასოდეს. 2005 წლიდან სულ საახალწლო კონცერტებზე ვარ და ახალ წელს სცენაზე ვხვდები. ოჯახის წევრებს დამდეგს 2 საათით ადრე ვულოცავ. წელს ახალი წლის დღესასწაულს "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე შევხვდი. ეს კარგია - სცენა დამებედა.

- პროექტში შენი და ქეთის წყვილის გამარჯვება შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- მნიშვნელოვანი ფინალში ყოფნა იყო. ზოგადად, კონკურსში გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ფინალში მოხვედრილს საკუთარი თავი უკვე გამარჯვებულად მიმაჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეწყვილეს იმედი გავუმართლე. გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობა მქონდა, რომ მათი მხარდაჭერა გამემართლებინა. იცი, გამარჯვებული კიდევ რატომ ვარ? ძირითადად, "ცეკვავენ ვარსკვლავები" ლათინური ცეკვის პროექტად მიიჩნევა, მე კი თანამედ­როვე ცეკვის პროფესიონალი ვარ. ამიტომ პროექტი ჩემთვის­აც სიახლე იყო - ქე­თის­თან ერთად ვსწავლობდი. ჩვენი წყვილი შედგა.

- სოციალურ ქსელში როდის ჩაერთე?

- ალბათ 3 წელია, რაც "ფეისბუკ­ის" მომხმარებელი ვარ. მასში უკრაინი­დან დაბრუნების შე­მ­დეგ ჩავერთე... თავდა­პირველად, "ოდ­ნოკ­ლასნიკში" დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერ გავერკვიე. შემდეგ გა­უქმება მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, ეს როგორ ხდებოდა. ამიტომ ჩემი მონაცემები წავშალე. მერე მირჩიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩავრთულიყავი, ეს საზღვარგარეთ მყოფ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან საკონტაქტოდ გამოგადგებაო. ცხადია, მათთან ყოველდღე ტელეფონით ურთიერთობა ძვირი დამიჯდებოდა. სოციალური ქსელის წყალობით კი ახ­ლობლებს ფოტოებს, ვიდეოებსაც გადავცემ. უფრო მეტიც - დაკარგული მეგობრები ვიპოვე. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ვინმეს ვკარგავ. ვინც ჩემთან ერთად გაიზარდა, მან შეძლო, სოციალურ ქსელში გვარ-სახელით მოვეძებნე. ერთმანეთი ვიპოვეთ, გავიხსენეთ... სახალისო და კარგია, როცა ისეთ ადამიანს პოულობ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი გაატარე.

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს რამდენ დროს უთმობ?

- ხანდახან ჩართულს ვტოვებ. ბოლო 3 თვე სოციალურ ქსელს ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რადგან შინ ღამით მივდიოდი. ნუ, თუ ძალიან დაღლილი არ ვიყავი, ძირითადად, გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდით შემოვიფარგლებოდი. სხვა­თა შორის, ძალიან კარგ კომენტარებს, კომპლიმენტებს მწერდნენ, რაც მგონი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დამ­სახურებაა. სოციალური ქსელი მეხმარება, რომ საქართველოსა და უცხოეთის შესახებ მრავალ ინფორმაციას გავეცნო.

- კონკურსში მონაწილეობისას სოციალური ქსელი რაში გეხმარებოდა?

- ალბათ ეს პიარის ერთ-ერთი საშუალებაა: ხალხმა პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყო. ვინც გადაცემას დანიშნულ დროს ვერ ნახავდა, მეკითხებოდა, - პროექტიდან ვინ გავარდა? რა მოხდაო? დაწვრილებით ვერავის ვერაფერს მოვუყვებოდი, ჰო­და, მათ კონკურსის ოფიციალური გვერდის არსებობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი.

- ორი ფინალისტის გამოვლენის შემდეგ, სოციალურ ქსელში ამბობდნენ: პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჰქვია, მაგრამ ფინალში არც ერთი "ვარსკვლავი" არ არისო.

- მე ამ პროექტის ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი, საკუთარ საქმეს ვასრულებდი და ამ ყველაფრის შესახებ ნაკლები მეთქმის, მაგრამ მაინც გეტყვით: "ცეკვავენ ვარსკვლავები" თუ კარგად აქვთ "შესწავლილი", ისიც ეცოდინებათ, რომ მასში სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები მონაწილეობდნენ. ვინც თეატრში არ დადის, მისთვის თეატრის მსახიობი "ვარსკვლავი" ვერ იქნება; თუკი სპორტი არ აინტერესებთ, არ ეცოდინებათ, ვინ არის მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი და ა.შ. ჩემი მეწყვილის შემთხვევაში, "ბიბისიმ" პირველად დაუშვა გამონაკლისი და პროექტის მეცამეტე მონაწილე ხალხმა შეარჩია. ქეთი ხატიაშვილი ხალხის შერჩეული რომ არ ყოფილიყო, ის თავის სამუშაო სფეროში მაინც "ვარსკვლავი" გახლდათ. საქართველოში სპორტსმენები ცნობილები იშვიათად არიან - ჩვენთან სპორტს ნაკლებად აპიარებენ. როგორც ტანმოვარჯიშეს, ქეთის დიდი მიღწევები აქვს. მგონი, ბევრმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში მხატვრული ტანმოვარჯიშეები გვყავს... უარყოფით კომენტარებს რაც შეეხება, ასეთი - ერთადერთი ვნახე და სიმართლე გითხრა, სულაც არ გავღიზიანებულვარ. კონკურენტს თავისი გულშემატკივრები ჰყავს და მათ შორის ვინმემ შეიძლება, სუბიექტური აზრი გამოხატოს. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში ჩვენ რომ გავვარდნილიყავით, ჩვენი გულშემატკივარიც იტყოდა: - ფინალში სხვები რატომ გადავიდნენო?

- რა სახის ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო გაღიზიანებს?

- გაცნობიერებული მაქვს, რომ სოციალურ ქსელში სხვადასხვა აზრის მქონე ხალხია დარეგისტრირებული. ვინმეს განსჯის უფლება არ მაქვს. ხანდახან ბმულებზე მონიშვნა ("დათაგვა") არ მსიამოვნებს. ზოგჯერ "ფეისბუკის" მომხმარებლები ვირუსულ აპლიკაციებში შედიან. მაგალითად, აპლიკაცია შეიქმნა, - "ვინ გინდა, რომ შენთან მეკვლედ მოვიდეს"? დააჭერენ ხელს და რომელიმე "ფრენდს" "ამოაგდებს". ბმულზე 5000 მეგობრიდან 200 რომ "მთაგავს", ჩემთვის საინტერესო ინფორმაციების წაკითხვას ვეღარ ვახერხებ - თვალს ვეღარ ვაწვდენ. არადა, ხალხის აზრი მა­ინტერესებს. პროექტში ცეკვა ჩვენ­თვის ძალიან ემოციური იყო. პირდაპირ ეთერში კომენტარის გაკეთებისას შეიძლებოდა, სიტყვები აგვრეოდა, რბილი "ლ"-თი გველაპარაკა... "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა დამიწერა: კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ეს რბილი "ლ" არ გიხდებაო. ვუპასუხე: - მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ-მეთქი. მეტყველება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა ამდენ ადამიანს მიმართავ.

- გულშემატკივრები პირად შეტყობინებებსაც გწერენ?

- რა თქმა უნდა, თანაც - ბევრს (იცინის)... იმდენი ადამიანი მწერს, რომ გული მწყდება - ყველაზე პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ. მოსულ შეტყობინებებს სურათს ვუღებ და სტატუსად ვაწერ: დიდი მადლობა და ბოდიში, რომ ყველას პირადად ვერ გწერთ-მეთქი. იმედია, ამ სტატუსს ყველა ნახულობს. დეკემბერში დაბადების დღე მქონდა. სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი რომ გავხსენი, 630 წერილი დამხვდა. შეუძლებელია, 630 წერილს დაუჯდე და ყველას ცალ-ცალკე უპასუხო. ამიტომ მადლობა ყველას ერთად გადავუხადე.

- სოციალურ ქსელში ძირითადად, რას გწერენ?

- ცუდს არაფერს. მიაჩნიათ, რომ წარმატებას ვიმსახურებ. მწერენ, რომ მეც და ქეთისაც მეწყვილეში გაგვიმართლა. ძალიან უკვირთ და უხარიათ, როცა მათ მეგობრების სიაში ვიმატებ. მეკითხებიან, - ნამდვილად შენ ხარო? სხვათა შორის, "ფეისბუკზე" ჩემი და ქეთის სახელით კიდევ რამდენიმე გვერდია გახსნილი.

- რომანტიკულ წერილებს არ გიგზავნიან?

- კი, ასეთებიც მხვდება (იცინის). ვიდრე რომანტიკულ თემაზე გადავლენ, ასაკს მეკითხებიან. როცა შეიტყობენ, რომ 30 წლის ვარ, მათი მხრიდან პირველი სიტყვაა - "უი". მერე მეუბნებიან, - რა კარგად გამოიყურებიო და ა.შ. თუ შეტყობინებას არ ვპასუხობ, მწერენ: შენზე "ვაფანატებ", შევხვდეთ, ერთმანეთი გავიცნოთო... ბევრი მათგანი შოუს ესწრებოდა, მერე კი მწერდა: გახსოვს, ჩვენ ერთმანეთს იქ შევხვდით, გადავკოცნეთო. ასეთი წერილის ავტორებს რა ვუპასუხო, აღარ ვიცი. ზოგადად, ადამიანებთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ისეთი პიროვნება არ ვარ, რომ ვინმეს ზურგი შევაქციო, მაგრამ პროექტის დროს გახარებული იმდენს ვკოცნი და ვეხვევი, რომ შეუძლებელია, ყველა დამამახსოვრდეს. ხანდახან ჩემთან და ქეთისთან ერთად გადაღებულ სურათს დებენ ხოლმე და მწერენ, - აი, ეს ვარ, გამიხსენეო (იცინის)?

- როცა ვერ იხსენებ, არ ბრაზობენ?

- ამის გამო, მხოლოდ მცირე ასაკის გოგონები თუ გაბრაზდებიან. პატარები მეუბნებიან, - გეხვეწები, შენი ტელეფონის ნომერი მომწერე. კლასიდან უნდა დაგირეკო, იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შენ გირეკავ. მარტო ხმა ამოიღე, "გამარჯობა" მითხარიო. ბავშვებთან, გოგონებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას ვერანაირი წარმატება ვერ შემიცვლის. თავში არასდროს ამივარდება. ვცდილობ, ყველასთან ობიექტური, მართალი ვიყო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება