უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, პროდუქტზე ფასის ზრდა - რას ელოდა და რა მიიღო მოსახლეობამ 2013 წელს

უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, პროდუქტზე ფასის ზრდა - რას ელოდა და რა მიიღო მოსახლეობამ 2013 წელს

მოსახლეობის მოლოდინი არც 2013 წელს გამართლდა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ეკონომიკური გარემო ქვეყანაში და მათ ოჯახში გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, პროდუქტზე ფასის ზრდა - ეს ის სამი კომპონენტია, რაც საზოგადოებას განსაკუთრებით აწუხებს. გამოკითხულთა ნაწილს არც 2014 წლის იმედი აქვს.

გამოკითხულთა უმეტესობა 2013 წლით უკმაყოფილოა. ისინი იმ მძიმე ეკონომიკურ პირობებზე საუბრობენ, რისი გადატანაც მათ ოჯახს მოუხდა. ამ ვითარებას ადასტურებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ საქართველოში უმეტესობას საკვების შესაძენად ფულის სესხება უხდება.

ერთი წლის განმავლობაში ამ ხერხს 17% ყოველკვირეულად, ანუ ყოველთვიურად მიმართავდა, 40%-მა შედარებით იშვიათად ისარგებლა, ხოლო 7%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. დანარჩენების განმარტებით კი, ფულის სესხებისთვის მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს.

ნინო კოკაიაც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ფინანსური სიდუხჭირის გამო, გარკვეული პრობლემების მოგვარებას ვალების აღებით ახერხებს.

"2013 წელს მოლოდინი ძალიან დიდი გვქონდა. გვეგონა, ხალხს მიხედავდნენ, უმუშევრობის პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. დღეს ძალიან ბევრი სიღარიბეში ცხოვრობს. არ აქვს ნორმალური საკვები, სამოსი, საცხოვრებელი და ა.შ. იგივე ვითარებაა ჩემს ოჯახში, მარტო მე ვმუშაობ. გვეგონა მოხდებოდა ქარხნების, საწარმოების გახსნა და ხალხის დასაქმება, მაგრამ იმედი არ გაგვიმართლდა. ხშირად ბავშვი სკოლაში რომ გავუშვა, ვალის აღებაც კი გვიწევს. რა არ ვცადეთ, მაგრამ დასაქმების შანსი ძალიან მცირეა. არაფერი შეცვლილა, სამუშაოს დაწყება ისევ ნაცნობობაზეა დამოკიდებული", - ამბობს ნინო კოკაია.

იმედგაცრუებული დარჩა ოთო სტეფანიშვილიც. ფინანსური კეთილდღეობის შემდეგ იგი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა. ამის მიზეზად მან არასწორი პოლიტიკა და მთავრობის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება დაასახელა.

"2013 წელს მოველოდი, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა. საწყის ეტაპზე ასეთი პირი უჩანდა და კმაყოფილიც ვიყავი. ფულს მიხდიდნენ იმაში, რისი კეთებაც მიყვარდა (ვმუშაობდი ინფო 9-ში). მერე თანდათან აირია ყველაფერი და უმუშევარი დავრჩი, იმედი გამიცრუვდა. პროცესები არალოგიკურად, უსამართლოდ წარიმართა. ბევრმა დაკარგა სამუშაო. რამდენმა მინისტრმა გადამაგდო, იცი? არჩევნებამდე მპირდებოდნენ და მერე კი თავიდან მიცილებდნენ. ყველა გზა ვცადე, რომ დავსაქმებულიყავი. პასუხად კი იმას ვიღებდი, რომ გვაცალე ნაციონალებთან კოჰაბიტაცია გვაქვს და სამსახურებიდან ვერ გავყრითო. ფაქტობრივად, ხალხმა რამდენიმე მინისტრისთვის და პარლამენტარისთვის იწვალა.

იმედი მქონდა, თუმცა "ოცნებამ" არ გამიმართლა. მე და ჩემი მეუღლე ორივე უმუშევარი დავრჩით. რომ ვერაფერი ვიშოვეთ, ხილბოსტნით ვაჭრობა დავიწყე. ყოველ დილით ბაზარში პროდუქტს ვყიდულობ და მერე მაღაზიის წინ ვყიდი. ჩემი ეკონომიკური რეალობა ეს არის. შემოსავალი მყოფნის იმისათვის, რომ ვიარსებო. თუ შანსი მომეცემა, ამერიკაში ვაპირებ წასვლას, აქ არაფერი გამოდის", - ამბობს ოთარ სტეფანიშვილი.

ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე არასტაბილურმა მდგომარეობამ მოსახლეობის ნაწილს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩინა. მალხაზ ამირანაშვილი ამის მიზეზად არასწორ მართვას ასახელებს და სასიკეთო ძვრას, არც 2014 წელს ელის.

"რა გითხრათ, აბა - ლარი დაეცა, პროდუქტი გაძვირდა, დასაქმებული ვინცაა, ხელფასი იგივე აქვს. დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა უმუშევარია ან დისკრიმინაციულ პირობებში უწევს შრომა. იმედებით აღსავსეს, ყველანაირი ნდობა გამიქრა. ფაქტობრივად გამოდის, რომ ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე. ერთი სავიზო რეჟიმი გაუქმდეს და ვნახავთ, აქ ვინ დარჩება?!

მოლოდინი 2014 წელს როგორ უნდა მქონდეს? ალბათ რაღაც ცალკეული წარმატებები იქნება ეკონომიკაში, თუმცა ეს მხოლოდ ხალხისთვის თვალის ასახვევად მოხდება. წელსაც საკმაოდ მძიმე ფონი შენარჩუნდება. ასევე შესაძლოა სოფლის მეურნეობაში გარკვეული დადებითი ტენდენცია გაგრძელდეს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, რამე სერიოზული წარმოების ამუშავებაზე საუბარი ზედმეტია ალბათ...

ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანა დაულაგებელია და ეკონომიკის სფეროში ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ არსებობს. დროზე უნდა ყოფილიყო კანონები და პრიორიტეტები გამოკვეთილი, რაც ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მართვის ბრალია", - ამბობს მალხაზ ამირანაშვილი.

ლაშა ჭანკვეტაძე, 2013 წელს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონს, წინა წლებში არასწორ მმართველობას უკავშირებს და ყურადღებას იმ სოციალურ პროექტებზე ამახვილებს, რისი გატარებაც შარშან მოხერხდა. მისი თქმით, ამ მცირე ცვლილებამ მას და კიდევ ბევრ ოჯახს, ცხოვრების პირობები შეუმსუბუქა.

"2013 წელს ჩემი მხრიდან მოლოდინი დიდი არ იყო, რადგან ამდენი ხნის დანგრეული და სტრუქტურამოშლილი ეკონომიკის აღდგენას დრო სჭირდება. თუმცა ალბათ მეტი შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო. სოციალური პროექტებით უფრო მოხერხდა ჩვენი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება.

სტრუქტურულად, ეკონომიკური თვალსაზრისით კი ის გაკეთდა, რომ ისეთი ჩაკეტილი აღარაა ერთ ოლიგარქიულ სივრცეში, მაგრამ მაინც კვლავ არეულია, ვერ მოხერხდა რეალურად და ვერც კანონების დონეზე ყველაფრის მოგვარება. მაგალითად, დღემდე არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. ერთი იმით ვარ კმაყოფილი, რომ სოციალური პროექტები ამოქმედდა, რამაც ჩვენი ოჯახები შიმშილისგან იხსნა. კერძოდ ეს იყო მიწების მოხვნა, პენსიის ზრდა, იაფი კრედიტი, ამუშავდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ასევე მთავრობამ ღვინის და ციტრუსის შემსყიდველი კომპანიები დააფინანსა. ამიტომაც აიღეს ამხელა ვალი. ეს ეკონომიკის რეალური ზრდის ხარჯზე არ მომხდარა", - ამბობს ლაშა ჭანკვეტაძე.

სოციალური პროექტებით კმაყოფილია თინათინ მოსიშვილის ოჯახიც და იმედოვნებს, რომ სოფლოის დასახმარებლად 2014 წელსაც იგივე თანხა გამოიყოფა.

"იმედი მქონდა, რომ 2013 წელს ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს გასაგებიცაა ალბათ, რადგან პოლიტიკური ცვლილების ოფნზე ასე უცებ არ ხდება ხოლმე რაიმე სასიკეთო ძვრა. იმედი მაქვს 2014-2015 წლები ამ მხრივ უკეთესი იქნება. თავად მე შემოსავალი იგივე მაქვს, რაც შარშან და შარშანწინ იყო. არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ისინი 2013 წელს განვითარებული მოვლენებით კმაყოფილნი არიან. პენსია 25 ლარით გაეზარდათ. მამაჩემი ამბობს, რომ სოფელში მიწის სამუშაოებისთვის ვაუჩერები დაურიგეს და კარგად წაადგათ. ასევე კმაყოფილი დარჩა იმითაც, რომ ყურძენსაც ფასი ჰქონდა და შემოსავალი წინა წლებთან შედარებით უკეთესი იყო. სხვების შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ მამამ 2013-ში ორჯერ 150-150 ლარიანი ვაუჩერი აიღო. ამ თანხით თესლი და ქიმიკატები შეიძინა. წინა წლებში ასეთი დახმარება სოფელს არ ჰქონია, კარგი იქნება თუ 2014-შიც იგივე თანხები გამოიყოფა", - ამბობს თინათინ მოსიშვილი.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია