ახალი წლის პირველ კვირაში მომხდარი ტრაგედიები

ახალი წლის პირველ კვირაში მომხდარი ტრაგედიები

ავარია წალენჯიხაში

1-ელ იანვარს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელსაც გიორგი მებონია მართავდა, საპირისპირო მიმართულებით გზის სავალ ნაწილთან მდგარ "მერსედესის" ჯიპს შეეჯახა, შემდეგ "ოპელი" სამჯერ გადაბრუნდა და ქუჩაში ფეხით მოსიარულეები ადგილზე დახოცა. დაიღუპნენ 27 წლის ია ლემონჯავა, მისი 4 წლის შვილი - დემეტრე კვარაცხელია და 18 წლის დათო ბელქანია. სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს ორივე ავტომანქანის მძღოლი, თუმცა მეორე დღეს გიორგი მებონია გაათავისუფლეს, ხოლო ჯიპის მძღოლს, კოკა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა. ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოფელში. უკვე რამდენიმე დღეა, წალენჯიხა-ჩხოროწყუს ავტომაგისტრალს კეტავს მოსახლეობა. ისინი კვარაცხელიას გათავისუფლებასა და მებონიას დაკავებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, გიორგი მებონიას კისერზეა 3 ადამიანის სიცოცხლე. არადა, სამართალდამცავები ავარიული სიტუაციის შექმნაში კოკა კვარაცხელიას ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების მტკიცებით, შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს და მათ დაკითხვას მოითხოვენ.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა კვარაცხელიას დაკავება, თუმცა ვინაიდან მოსახლეობაში კითხვები არსებობს, სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გიორგობიანის თქმით, გამოძიება დასკვნის მიხედვით იმოქმედებს. თუ არ დადასტურდა მებონიას ბრალეულობა, მაშინ მას ვერ დააკავებენ.

მომხდარზე უფრო მეტი დეტალის გარკვევა წალენჯიხელებთან ვცადე და სოფელ ჯგალის თემის რწმუნებულს, ბატონ მერაბ კვარაცხელიას დავუკავშირდი. იგი აცხადებს, რომ "ოპელის" მძღოლი მებონია საჭეს მთვრალი მართავდა და ასევე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

- მომხდარით ძალიან შეწუხებული ვარ. საშინელი შემთხვევა 1-ელ იანვარს, საღამოს 6 საათზე ჩვენს სოფელში მოხდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. გზაზე იდგა გაჩერებული "ემელის" მარკის ჯიპი, რომლის საჭესთან იჯდა ჩვენი სოფლელი კოკა კვარაცხელია და მეზობელს ელაპარაკებოდა. ამ დროს წალენჯიხიდან სოფლის მიმართულებით ანუ ჯიპის საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა "ოპელის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც მთვრალი გელა მებონია მართავდა. თვითმხილველების თქმით, "ოპელი" დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ დაეჯახა იქვე მდგარ ჯიპს, ამის შემდეგ სამჯერ გადაბრუნდა და გაჩერებული ჯიპიდან 30 მეტრში მყოფ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. მეზობლები ამბობენ, გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა "ოპელი", ისე გაიტანა ხალხი, რომ დამუხრუჭებაც არ უცდიაო. ადგილზე გარდაიცვალა სამივე: დედა-შვილი და მათი ოჯახის ახლობელი, 18 წლის დათო ბელქანია. თვითმხილველების თქმით, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ ფეხით მოსიარულეებმა თავს ვერ უშველეს. ჯიპს მარტო კარი აქვს დაზიანებული, ცალსახაა, "ოპელმა" გაიყოლა სამი ადამიანი. მისი მძღოლი, გიორგი მებონიაც წალენჯიხელია, ქუთაისში მუშაობს ეკონომისტად. რატომ დააკავეს კვარაცხელია და არა - მებონია, ამის გარკვევას ცდილობს ახლა მოსახლეობა. საშინელ დღეშია ჭირისუფალი. ისინი აცხადებენ, თუ არ მოხდება დამნაშავე მებონიას დაკავება, მაშინ მიცვალებულებს არ დაკრძალავენ. დაკავებული კვარაცხელიაც ჩვენი სოფლელია. როგორც გამოძიება ამბობს, ჯიპის ბრალი იყო, საავარიო სიტუაცია მან შექმნაო.A ის მართლა იდგა გზაზე, მაგრამ შუა გზაზე არ მდგარა, გვერდით იდგა, გზის ნაპირზე იყო გაჩერებული, "ოპელი" კი საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა.

- გარდაცვლილები სახლთან იდგნენ? რას იტყვით მათზე?

- შემთხვევა გარდაც­ვლილების სახლიდან 200 მეტრით დაშორებით მოხდა. ია თავის 4 წლის შვილთან ერთად მეზობელთან იყო და იქიდან სახლში ბრუნდებოდა. ისინი ჩემი მეზობლები არიან, სოციალურად დაუცველები. მატერიალურად ძალიან უჭირთ, ძალიან პატიოსანი ოჯახია, კარგის მეტი რა უნდა ვთქვა მათზე?! ორი შვილი ჰყავდათ: უფროსი, 6 წლის გოგონა იამ სახლში დატოვა და პატარასთან ერთად მეზობელთან იყო გადასული. ვინც შეესწრო, ის ქალი გაგიჟებულია, თავისი თვალით ნახა, როგორ გაიტანა ისინი "ოპელმა". დედა-შვილისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიდიოდა დათო ბელქანიაც - უნიჭიერესი, სოფელში გამორჩეული ახალგაზრდა, კარგი ოჯახის შვილი. სკოლა შარშან დაამთავრა. შემთხვევის ადგილიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა დათო. მის მშობლებს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავთ. საშინელი სანახავი იყო, სამი ადამიანი ძირს ეგდო. მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით.

25 წლის პატიმარი მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა

3 იანვარს, ქსნის მე-19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში 25 წლის პატიმარი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარი ტუბერკულოზითა და შიდსით იყო დაავადებული: "2013 წლის 27 დეკემბრიდან მას ანტიტუბერკულოზური მკურნალობა უტარდებოდა. შესაძლო შედეგების შესახებ ექიმების მიერ არაერთგზის ინფორმირების მიუხედავად, პაციენტს წერილობითი უარი ჰქონდა გაცხადებული შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. წინასწარი მონაცემებით, პაციენტს 31 დეკემბერს აღენიშნებოდა ტკივილი მუცლის არეში, ჭიპის გარშემო, თუმცა ქირურგმა კონსულტაციის შედეგად გამორიცხა ქირურგიული ჩარევა და სიმპტომურად დაუნიშნა მედიკამენტური მკურნალობა. შემდგომი 2 დღის განმავლობაში, ექიმების ინფორმაციით, კლინიკური სურათი არ შეცვლილა, თუმცა პაციენტი სპეციალიზებული ჩარევის გარეშე გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარევის საჭიროება აშკარად იკვეთებოდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ან კატასტროფის მედიცინის ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა. სავარაუდოდ, სახეზეა ექიმის შეცდომა. შემთხვევის შესწავლის მიზნით ერთობლივი მუშაობა დაწყებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მიერ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც. სასჯელაღსრულების სამინისტრო სამძიმარს უცხადებს პატიმრის ოჯახს".

ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებათა დაც­ვისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პატიმრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ექიმს არანაირი დახმარება პაციენტისთვის არ აღმოუჩენია. გოგოხიას სიკვდილთან მისი დაავადებები არანაირ კავშირში არ არის და ის ბრმა ნაწლავის გასკდომით გამოწვეული საშინელი ტკივილით გარდაიცვალა. ის ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიდა ერთწლიან სასჯელს და გათავისუფლებამდე 3 თვე ჰქონდა დარჩენილი.

"მის დაავადებებზე აპელირება მიუღებელია. აპენდიციტის შეტევა ჰქონდა, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, ბრმა ნაწლავი გაუსკდა და მოეწამლა ორგანიზმი. თურმე მისი განწირული ყვირილი პატიმრებს ესმოდათ. ახალი წლის ღამე საშინელ ტკივილში გაატარა. ითხოვდა ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას და ოპერაციას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ექიმი მასთან საერთოდ არ მისულა. იმდენ ხანს ებრძოდა ტკივილს, რომ ბოლოს ძალაგამოლეული გმინავდა და ასე გარდაიცვალა. არადა, ბრმა ნაწლავის ტკივილის ამოცნობა ძალიან მარტივია, ამას არ სჭირდება დიდი სამედიცინო გამოკვლევები. მთელი საკნის მოთხოვნასაც არ გაეწია ანგარიში. პატიმრები მიხვდნენ, რა სჭირდა გოგოხიას და ექიმები ვერ მიხვდნენ?" - აცხადებს ნანა კაკაბაძე. აღშფოთებულია მომხდარით და ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო და მშობლებმა ის სახლში გადაასვენეს. ბუნებრივია, ოჯახიც დამნაშავის დასჯას მოითხოვს. პატიმრებიც ითხოვდნენ, ექსპერტიზა არა "სასჯელაღსრულებას", არამედ სხვა უწყებას ჩაეტარებინა, რადგან მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ექსპერტიზა გაყალბდეს და მისი სიკვდილის რეალური მიზეზი დაიმალოს. ნანა კაკაბაძეს პატიმრები დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდნენ, მაგრამ მერე არ დაურეკავთ. ადამიანის უფლებების დამცველი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციამ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, პატიმრებს დარეკვა აუკრძალა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში, ეს მომავალში გაირკვევა.

ერეკლე ჭინჭარაულის დაღუპვის დეტალები

ახალი წლის დღეებში საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი შეიტყო: ხევსურეთში, სოფელ არხოტში, ჯან-ღონით სავსე 26 წლის ქართველი, ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. მდინარეში ჩავარდა, დასველდა და სამშვიდობოს გასვლა ვეღარ მოახერხა. ახალგაზრდის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე მისვლა რამდენიმე საათით დააგვიანა, ამ დროს ულამაზესი ვაჟკაცი უკვე გაყინული იყო.

ხევსურეთის მთიანი რეგიონი ფაქტობრივად დაცლილია, არხოტში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და საზღვარს რამდენიმე მესაზღვრე იცავს. იმ საბედისწერო დღეს მესაზღვრეებისთვის ახალი წლის მისალოცად მიდიოდნენ მეგობრები - ბარისახოელი ერეკლე ჭინჭარაული და არხოტელი პაატა წიკლაური.

მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საინფორმაციო ცენტრმა 2 იანვარს გაავრცელა. ბედობას ერეკლე პაატა წიკლაურთან არხოტში სტუმრად ჩავიდა. მერე გადაწყვიტეს მესაზღვრეების მონახულება. საზღვრამდე 9 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი, მაგრამ ერეკლეს ყინულზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ასაში ჩავარდა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პაატა წიკლაურის ოჯახი სოფელ ამღაში ერთადერთი კომლია. სოფელში პაატა, მისი ძმა და დედა, სანდო წიკლაური ცხოვრობენ. ხეობასთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელია, იქ არც ექიმია, არც სკოლა, არც მაღაზია. ამ გარემოებების გამო ფაქტობრივად დაცლილია პირიქითა ხევსურეთი. არხოტის ხეობის სამივე სოფელში: ჭიმღაში, ახიელსა და ამღაში მესაზღვრეების გარდა, სულ 8-9 ადამიანი თუ იზამთრებს. ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისა და მესაზღვრეების იმედად არიან დარჩენილები... არხოტისკენ გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში ხეობის სოფლებში ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება.

ბარისახოელი ექიმი ლელა გაბური ერეკლე ჭინჭარაულის სიკვდილმა იმდენად შეძრა, რომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დადო:

"არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ გამოვხატო პროტესტი, ვის ან რის მიმართ! 25 წლის ახალგაზრდა ხევსური, ულამაზესი, ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე მხოლოდ იმიტომ დაიღუპა ხევსურეთში, რომ ქვეყანას ოპერატიული სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს... რომ დაურეკო და მოფრინდეს ერთ საათში მაინც! ვერტმფრენი გამოვიძახეთ 9 საათზე და მოფრინდა პირველ საათზე! თოვლში დარჩენილი, გაყინული ახალგაზრდა ცოცხალი იყო და ერთ საათში რომ მისულიყო რეანიმაციის ბრიგადა ადგილზე, ის არ მოკვდებოდა! რატომ, რატომ, რატომ ვართ ასე? რა გვჭირს ასეთი? ერთი უწყება მირეკავდა, მეორე მირეკავდა, სად არიო, რა ხდებაო, ბიჭოო, ჩაჯექი, დაქოქე და წამოდი, რაა! ხომ გითხარი, რაც ხდება! რა ხდება და ესეთი ძაღლუმადური სიცოცხლის დედა ვატირე! ვითომ ხალხნი ვართ, ვითომ ქვეყანა ვართ, ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, ვითომ გულზე მჯიღს ვიცემთ, ასეო და ისეო... არაფერი აღარ მინდა, არც ახალი წელი, არც შობა, არც არაფერი, აღარც ექიმობა მინდა!" ლელა გაბური ბარისახოში ექიმად სამი წელია, მუშაობს. სწორედ ამ სოფლიდან იყო ერეკლე, თუმცა ქალბატონი ლელა მას პირადად არ იცნობდა. სამაგიეროდ, იცნობდნენ მისი შვილები და ერეკლეს ყველა დადებითად ახასიათებს. ერეკლე ჭინჭარაულს მთა ძალიან უყვარდა, თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ გული სულ მთისკენ მიუწევდა და ხშირად მეგობრებს ეუბნებოდა, - აქ ვეღარ ვისვენებ, გული მთისკენ მიმიწევსო. ულამაზეს ბუნებაში გაიზარდა, მისი მშობლები ბარისახოში ცხოვრობენ.

ლელა გაბური:

- მე იმ ადგილიდან საკმაოდ შორს ვარ. ფიზიკურად პაციენტი არ მინახავს, რეგიონს ვემსახურები, მაგრამ იქ მისასვლელად ვერტმფრენი მჭირდებოდა. არხოტამდე გზა ფაქტობრივად არ არსებობს, იქ არც ზაფხულში შეიძლება მისვლა. იქ არ ვყოფილვარ და ზუსტად არც იმის თქმა შემიძლია, შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭის გადარჩენა. შეიძლება, დაცემის დროს ისეთი ტრავმა მიიღო, რომ გადარჩენა შეუძლებელი ყოფილიყო. ჯერ არ ვიცი ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მე გამოვხატე პროტესტი, რომ ვერტმფრენმა დააგვიანა. არ შეიძლება, სამაშველო ვერტმფრენი არ გვყავდეს. 12 საათზე მივიღეთ ისევ შეტყობინება, რომ ერეკლე გარდაიცვალა და ამ ინფორმაციიდან ნახევარი საათის მერე გადაიფრინა ვერტმფრენმა და ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

- თქვენ ვისგან შეიტყვეთ ეს ფაქტი?

- მესაზღვრეებმა დაგვირეკეს, იქიდან გვაქვს მხოლოდ სატელეფონო კავშირი. როცა პრობლემაა, მესაზღვრეები გვირეკავენ. მაშინვე დავრეკეთ ყველგან. მსგავს პრობლემას ადრე არ წავწყდომივარ, რადგან ჯერ მხოლოდ სამი წელია, აქ ვმუშაობ. როგორც მითხრეს, ადრე იყო შემთხვევა, ახალგაზრდა კაცს თოფი გაუვარდა და მუცელში დაიჭრა. მაშინ ვერტმფრენი დროზე გადმოფრინდა და ბიჭს ოპერაცია გაუკეთდა, გადაარჩინეს. ის გადამრჩენელს მეორე მამას ეძახის. არ ვიცი, ახლა რატომ ვერ მოხერხდა ოპერატიულად მოსვლა. მოსახლეობა ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ ცუდად გახდა ადამიანი, იგი სერიოზული საფრთხის წინაშეა. ზაფხულშიც იყო შემთხვევა, როცა ადამიანი ცუდად გახდა. ყველა შემთხვევაში იქიდან გადმოსვლა ვერტმფრენის გარეშე შეუძლებელია. ასეთი მიუვალი მარტო არხოტია. პრაქტიკამ მაჩვენა, სახელმწიფომ უნდა შეიძინოს ერთი ვერტმფრენი, უნდა იყოს ცალკე სამედიცინო სამაშველო ჯგუფი გამოყოფილი. არ შეიძლება, ამდენი საათი სჭირდებოდეს ვერტმფრენის ჩასვლას. თუ საკანონმდებლო პრობლემაა, ეს უნდა მოგვარდეს. ადამიანურად ალბათ ყველას უნდოდა დახმარება, მაგრამ დრო გაიწელა და ასეთი უმძიმესი შედეგი მივიღეთ. მოდი, ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. აქ, ბარისახოში, როცა 80 წლის მარტოხელა მოხუცები იხოცებიან, იმასაც ძალიან განვიცდი. გული მწყდება, რომ ამის შემდეგ კიდევ ერთი სახლიდან აღარ ამოდის კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით, დასველებულმა ერეკლემ მოძრაობა ვეღარ შეძლო. მეგობარი პაატაც ვერ დაეხმარა. სანამ ის მესაზღვრეებთან ავიდა, სანამ ამბავი შეატყობინა, მერე საზღვრიდან სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, სანამ ვერტმფრენი ექიმებით არხოტში ჩაფრინდა, ერეკლე ჭინჭარაული გარდაიცვალა.

კუსტარულ სასმელს შეწირული 5 ქართველი

უბედური შემთხვევა თურქეთის ქალაქ გებზეში მოხდა. 31 დეკემბერს, ერთ-ერთ ქარხანაში სამუშაოდ ჩასული ქართველები ახალი წლის დადგომას ერთად აღნიშნავდნენ. როგორც ირკვევა, სუფრასთან 6 მამაკაცი იჯდა და კუსტარულად დამზადებულ სასმელს სვამდა. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად 4 მათგანი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები სასწრაფოდ ანკარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი ქართველი, ნესტორ ცომაია რეანიმაციაში დაიღუპა, ვერც მისი გადარჩენა შეძლეს ექიმებმა. გარდაცვლილები სამეგრელოდან არიან.

სამი აბაშაში ცხოვრობდა და მათი სახლები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით არის დაშორებული. ისინი თურქეთში სამუშაოდ ერთად წავიდნენ. გადარჩენილი ორი ახალგაზრდაც აბაშელია.

მომხდარზე უფრო მეტი დეტალის გარკვევა სამშობლოში მათი ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, კუსტარული სასმელი აფთიაქში ნაყიდი სპირტისგან დაამზადეს. ერთ-ერთი გადარჩენილი, 36 წლის მერაბ დუნდუა აბაშის რაიონის სოფელ მარანში ცხოვრობს. ის ახლობლებს თურქეთიდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ბევრი არ დაულევია და ამიტომ გადარჩა. აბაშის გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის თქმით, მამუკა გაბელიას 48 წელი 5 იანვარს შეუსრულდებოდა, 8 იანვარს კი რამინ ცომაია 50 წლის უნდა გამხდარიყო, მესამე გარდაცვლილი ნესტორ ცომაია კი 52 წლის გახლდათ. მათთან ერთად გარდაიცვალნენ სენაკელი მალხაზ გერსამია და ზუგდიდელი ლევან წითაშვილი. აბაშის გამგებლის თქმით, ისინი სამუშაოდ თურქეთში ერთად წავიდნენ.

"საშუალო დონეზე ცხოვრობენ მათი ოჯახები. ბევრი რომ ჰქონოდათ, სამუშაოდ თურქეთში არ წავიდოდნენ. დაღუპულები მეზობლები იყვნენ. ვწუხვართ მომხდარის გამო. მოწამლულებს შორის არის კიდევ ორი აბაშელი - დუნდუა და ჯანელიძე. ჩვენი ინფორმაციით, ტექნიკური სპირტი აქვთ წყალში გაზავებული და იმას სვამდნენ. ერთ სუფრასთან 6 კაცი იყო, აქედან 5 გარდაიცვალა. მხო­ლოდ გიგა ცომაია გადარჩა. სამშობლოში მისი ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. როგორც ვიცით, კუსტარული სასმელი სხვებსაც მისცეს და მეორე ჯგუფი სხვაგან მოიწამლა, თუმცა მათ საბედნიეროდ, მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდათ, ეტყობა, დიდი რაოდენობით არ დაულევიათ. ვწუხვართ მომხდარის გამო. გადმოსვენებაში საქართველოს საკონსულო დაგვეხმარა", - გვითხრა აბაშის გამგებელმა, ბატონმა მამუკა კვიტაშვილმა.

ცნობილია, რომ თურქეთში ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უკვე დააკავეს იმ ქარხნის ხელმძღვანელი, სადაც არალე­გალურად მუშაობდნენ ქართველები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია