თბილისის საქალაქო სასამართლომ შვილისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებასა და გავრცელებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტზე, ბრალდებულების ნ.წ.-სა და ამჟამად ძებნაში მყოფ ტ.ნ.-ს მიმართ.
"მათ ბრალად ედებოდათ არასრულწლოვნით ვაჭრობა - არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება ექსპლუატაციის მიზნით, ხოლო ნ.წ.-ს ჩადენილი დანაშაული დამნაშავეზე მატერიალურად დამოკიდებულის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ნ. წ. ისრაელის მოქალაქე ტ.ნ-სთან უკანონო გარიგების სანაცვლოდ და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ექსპლუატაციას უწევდა არასრულწლოვან შვილს, კერძოდ, ბრალდებული მასზე მატერიალურად დამოკიდებულ შვილს იყოლიებდა გარყვნილ ქმედებაში - არასრულწლოვანს სისტემატურად უღებდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს და ინტერნეტის საშუალებით უგზავნიდა სოცალურ ქსელში გაცნობილ ტ.ნ-ს, რომელიც ისრაელიდან პერიოდულად ურიცხავდა თანხებს.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. ნ.წ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, ხოლო ტ.ნ.-ს 11 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპალაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. გარდა ამისა, რადგან ტ.ნ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, მას უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში, დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით",-ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.