"ჩვენს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მართულია" - მაია ასათიანი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ბრალდებებზე

"ჩვენს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მართულია" - მაია ასათიანი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ბრალდებებზე

თოქ-შოუ "პროფილი" და მაია ასათიანი საქართველოში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

მაია ასათიანი:

"ჩვენ არ ვართ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები. თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ვუპასუხო ჩვენ "პროფილის" მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ ბრალდებას. გადაცემაში, რომელზეც არის იმ ბრალდებაში ლაპარაკი, ადგილი არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობის დარღევას, არც ერთი პირის ინტერესი არ შელახულა. კერძოდ, ქარტიის მიერ მითითებული მაუწყებელთა ქცევის ნორმების დარღვევას, ადგილი არ ჰქონია. არ დარღვეულა გადაცემაში მონაწილე ბავშვების უფლებები. ჩვენი მიზანი მათი დახმარება იყო, რაც მიღწეულ იქნა.

ეს ყველაფერი კი წარმოადგენს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ვინაიდან ცრემლი, რომელზეც განცხადებაშია ნათქვამი, არის, არა არასრულწლოვანზე ფიზიკური, სულიერი თუ ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენების შედეგი, რასაც კრძალავს ქარტიის მიერ მითითებული კოდექსი (მუხლი 44.1), არამედ ეს იყო ჯანსაღი, გულწრფელი და პოზიტიური ემოცია.

მზარავს, როცა ბავშვი ქუჩაშია და მათხოვრობს და ამაზე რექცია არ გაქვს. ამასთან, გადაცემაში ბავშვი მარტო არ ყოფილა, იქ იჯდა დედა, მეურვე და პატრონი.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბოლო დღეებში ჩვენს წინააღმდეგ აგორებული, არგუმენტს მოკლებული კამპანია არის მართული. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დასრულდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გადაცემა "პროფილის" ავტორებს მოუწოდა, დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, როცა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებენ.

ქარტია მიიჩნევს, რომ "პროფილის" ბოლო გადაცემის მომზადებისას შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, და რაც უფრო საგანგაშოა, ბავშვის ემოციები გამოიყენა მანიპულირებისა და კონკრეტული კომპანიის რეკლამირებისთვის.

ქარტია აფასებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალურად დაუცველთა დახმარების, ქველმოქმედების სურვილს, თუმცა ცხადია, აღნიშნულის მიღწევა უნდა ხდებოდეს ბავშვისთვის დამატებითი ტრავმის მიყენების გარეშე.

საგულისხმოა, რომ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსი", რომელშიც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის არაერთი პუნქტია გაწერილი, მათ შორის მიუთითებს, რომ "არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად" (მუხლი 44.1). აღნიშნულ შემთხვევაშიც, მშობლის ნებრათვა სრულად არასაკმარისი იყო ბავშის ინტერესების დაცულობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს მზადყოფნას, მსგავს თემებზე მუშაობისას ყველა დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია, რათა ჟურნალისტური საქმიანობისას თავიდან იქნას აცილებული ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის უფლებათა დარღვევის შემთხვევები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები