გიგი უგულავა - ბიუჯეტის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი შიხიაშვილ-ღარიბაშვილს ეკისრება

გიგი უგულავა - ბიუჯეტის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი შიხიაშვილ-ღარიბაშვილს ეკისრება

2014 წელს თბილისი ბიუჯეტის გარეშე ხვდება და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი შიხიაშვილ-ღარიბაშვილი იღებს, - ამის შესახებ თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე უგულავამ ისაუბრა, თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო.

"საკრებულოს უმრავლესობამ არ დაამტკიცა 2014 წლის წარდგენილი ბიუჯეტი. 2014 წელს თბილისი ბიუჯეტის გარეშე ხვდება და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ირაკლი შიხიაშვილ-ღარიბაშვილი. მე მინდა,  საზოგადოებას ვაუწყო, თუ რა წაართვა დღეს ამ გადაწყვეტილებით ”ოცნების მთავრობამ” და უმრავლესობამ თბილისელებს: ახალი კომფორტული ავტობუსები და მათ შესყიდვას არსებითი საფრთხე შეექმნება. საფრთხის ქვეშ დადგა სასწრაფოს ფუნქციონირება, ტრანსპორტისა და სხვა შეღავათები, უფასო სასადილოები სოციალურად დაუცველებისთვის, შესაძლოა,  შეფერხებები იყოს კომუნალური ვაუჩერების გაცემისას", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, საფრთხის ქვეშ დადგა ისეთი საერთაშორისო ვალდებულებები, როგორიც არის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც შესასძლოა, შეფერხდეს და აქაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ვადები შეზღუდულია.

გარდა ამისა, უგულავას განცხადებით, შეფერხდება შემოერთებული სოფლების, სულ, 9 ათას 900 ოჯახის წყალმომარაგების სამუშაოების ჩატარება. ვერ გამაგრდება ავარიული სახლები და ხიდები. ვერ აშენდება ახალი საბავშვო ბაღები.

"ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც გუშინდელ გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება შეიქმნას. ეს რომ პოლიტიკური დაკვეთაა აშკარად ჩანს იქიდან, რომ ბიუჯეტის დამტკიცებამდე თუნდაც ერთი თვის განმავლობაში როდესაც საკრებულოსა და მერიის შესაბამისი პირები, ორგანოები ბიუჯეტზე მუშაობდნენ, საბოლოო შენიშვნები ბიუჯეტზე საკრებულოს უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ ბიუჯეტის 2%-თან დაკავშირებით და ეს წერილობით არის დადასტურებული. აქედან გამომდინარე მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუშინ განხორციელებული აქცია გაგრძელებაა იმ ქმედებებისა, რომელსაც თბილისის მიმართ ცენტრალური მთავრობა სჩადის", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, მან იმ სავარაუდო გეგმაზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობას თბილისთან მიმართებაში გააჩნია.

"კანონის მიხედვით, თუ სამ თვეში რომელიმე თვითმმართველობა ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ცენტრალურ მთავრობას ანუ ღარიბაშვილს ექნება უფლება დაითხოვოს მერი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულო და თბილისში გამოაცხადოს პირდაპირ საპროკურორო მმართველობა, საპროკუროროს ბუნებრივია გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ამის შემდეგ მთავრობას ადვილად შეეძლება პირდაპირ, თუნდაც, ცხენის წელიწადი მოდის და, ივანიშვილის პონი დანიშნოს პირდაპირ თბილისის ობერ-პროკურორად და მან შეასრულოს არჩევნებამდე სამი თვით ადრე ის უფლებამოვალეობა, რომელიც თბილისის არჩეულ მერს და თბილისის არჩეულ საკრებულოს აკისრია. ეს არ არის მოდელირებული ისტორია, მაგრამ არსებული ქმედებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ თბილისი თვითმმართველობის გაუქმებამდე მივიდეს", - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი კვორუმი კი 24 ხმა იყო.

კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის საგანი იყო როგორც თანხების განაწილების პრინციპი, ასევე თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები. შენიშვნები გამოითქვა ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.

კენჭისყრის დაწყების წინ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო პროექტის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარიყო და ბიუჯეტის მიღება ერთი თვით გადაედოთ, მანამდე კი გამოთქმულ შენიშვნებზე მთავრობასთან მუშაობა გაგრძელებულიყო.

საბოლოოდ საბიუჯეტო პროექტს კენჭი მაინც უყარეს, რომელიც შედეგით, 18 მომხრე და 21 წინააღმდეგი, ჩავარდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა