მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ჩემო (5000-ო) მეგობრებო. დღეს მინდა, გამცნოთ, რომ სურვილი მაქვს, გავხდე "ერთიანი ნაციონალური პარტიის" წევრი. მაპატიეთ, თუ ვინმეს ამ განცხადების შემდეგ ჩემზე შეგეცვლათ წარმოდგენა... უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამომშალოთ მეგობრების სიიდან! ღმერთმა სიკეთე მოგცეთ! :-)"
მისი ეს განცხადება ბევრს გაუკვირდა და საკუთარ მოსაზრებებს იქვე წერდნენ. ზოგი იმასაც ამბობდა, - მეგობრების სიიდან უკვე ამოგშალეო...
"ამბები.გე" კომენტარისთვის ირაკლი ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი?
- მაიძულებენ...
- ვინ გაიძულებთ?
- პოლიტიკოსები... დიახ, დღეს არსებული მთავრობა თავიანთი საქციელით ამას მაიძულებს...
- "ნაციონალურ მოძრაობას" თუ შეეხმინეთ?
- არა, ეს გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ ჩემთვის მივიღე.
- არც "ნაციონალებიდან" შეგეხმიანათ ვინმე?
- ჯერ არ ვიცი, სამწუხაროდ, დილიდან ცუდ ამბებზე დავრბივარ, ნათესავი გარდამეცვალა და ინტერნეტთან ვერ ვკონტაქტობ. ჩემი ეს ინფორმაცია გუშინ ტელეფონიდან დავდე. ამიტომ რა გამოხმაურება აქვს ამ ყველაფერს, არ ვიცი.
- მოკლედ, ახლა "ნაციონალებში" გაწვრების მთავარი მიზეზი ის არის, რომ არსებული ხელისუფლების ქმედება არ მოგწონთ. აქამდე თუ იყავით რომელიმე პარტიის წევრი?
- ადრე "საქართველოს სამეფო ლიგის" წევრი გახლდით.
- ის ორგანიზაცია რამენაირად ბაგრატიონებს თუ უკავშირდება?
- არანაირად, მაშინ ბაგრატიონების ხსენებაც არ იყო. "საქართველოს სამეფო ლიგა" "მრგვალ მაგიდაში" შემავალი ორგანიზაცია იყო...
- ახლა პარტიის წევრობა როგორც მსახიობს ხელს არ შეგიშლით?
- როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მაშინ ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობ, სხვა მოტივაცია გაქვს.
- ამ ხელისუფლების მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ და რა მოგწონთ "ნაციონალების?"
- "ნაციონალების" პარტიაში შესვლა რომ მდომოდა, ადრეც გავწევრდებოდი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს სურვილი არ გამჩენია, ახლა გამოუვალი მდგომარეობაა. თუ ვინმე მომბაძავს, კარგი იქნება. ისე, მარტოც არ ვარ.
- სხვა მსახიობები არიან თქვენ გვერდით?
- პროფესიულად არ განმისაზღვრავს ის ჯგუფი, მაგრამ მეგობრები მყავს, ვინც ასეთივე სურვილს ავლენს.
- ამ ხელისუფლების მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ-მეთქი. ამაზე არ მიპასუხეთ.
- ბოლოს გიგი უგულავას სასამართლო დეტონატორი აღმოჩნდა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის