სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს

სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს

სოლოლაკი-აბანოთუბნის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსების მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან. ამჯერად მძღოლების პროტესტის მიზეზი ლადო ასათიანის ქუჩიდან აბანოთუბანში მიმავალი გზის გადაკეტვაა.

ამის გამო მძღოლებს მოძრაობა მეორადი, ვიწრო ქუჩებით უწევთ. ამის გამო ხშირია მგზავრთა უკმაყოფილება და საცობებში დგომა. სამარშუტო ტაქსები აბანოთუბნის ნაცვლად ჯვრის მამასთან ჩადიან (მოძრაობის საპირისპირო მხარეს), ლესელიძის ქუჩაზე მოხვედრილებს უკან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით უწევთ აბრუნება და სანაპიროზე "ქართული ოცნების" სათაო ოფისის ქუჩით მოხვედრა. ამის გამო სამარშუტო ხაზი 15 წუთით გრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ ვიწრო ქუჩებში ხშირად საცობებიც იქმნება. მძღოლების და მგზავრების უკმაყოფილებამ ამ დილით პიკს მიაღწია.

დარეჯან ლაცაბიძე მგზავრი: სამსახურში რომ არ დავაგვიანო, უკვე 2 კვირაა სახლიდან გამოსვლა 30 წუთით ადრე მიწევს. 149 სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ. ამ ვიწრო ქუჩებში ვიჩხირებით ხშირად. აბანოთუბანში ჩასულებს უკან გვიწევს ამოსვლა ლესელიძის ქუჩით და მერე ასევე ვიწრო ქუჩით "ქართულ ოცნებასთან" უნდა ჩავუხვიოთ, რომ თავისუფლად მოვახერხოთ მგზავრობა სანაპიროზე. რატომ არავინ ფიქრობს იმას, რომ ამ პატარა ქუჩებზე ასეთი ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა ისედაც ამორტიზებულ ძველ შენობებს უარეს დღეში ჩააგდებს? აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტში გატარებულ ზედმეტ 20 წუთზე. როგორც ვხვდები ამ ქალაქში არც მგზავრს აქვს უფლება და მით უფრო არც მძღოლებს.

149 სამარშუტო ტაქსის მძღოლი(სამსხურის დაკარგვის შიშით ვინაობა არ დაასახელა): თითქმის ერთი თვეა აბანოთუბანში ვერ ვმოძრაობთ. თუ ცათამბრჯენს აშენებენ, წლები ვერ ვივლით ამ გზაზე. გადაკეტილი აქვთ ქუჩა და უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა შეგვექმნა. ვკარგავთ დროს და იხარჯება საწვავი, რომელსაც არავინ გვინაზღაურებს. ყოველ საღამოს ოფისში ჩხუბი გვაქვს მძღოლებს ხელმძღვანელობასთან. უფროსებს არაფერი არ აინტერესებთ. მთავარია ყოველ საღამოს ექვსი თუმანი (60 ლარი მივიტანოთ). დანარჩენი ჩვენი ხარჯია. სულ არ მინდა ეს გაფიცვა და პროტესტი, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ჩვენ რომ ოჯახები შევინახოთ არავინ ფიქრობს. რისთვის ვშრომობთ და ვწვალობთ?...

-გამოსავალს რაში ხედავთ?

-დაინტერესდეს ჩვენი უფროსობა და მერია ამ მშენებლობით, რას აშებნებენ ამისთანას, რომ თითქმის 1 თვეა გზის პატარა მონაკვეთი დაიკეტა და ამის გამო ან საცობებში ვდგავართ ან ზედმეტ კილომეტრაჟს გავდივართ. საწვავი, სათადარიგო ნაწილები და პროფილაქტიკური ხარჯებიც ჩვენი გასასტუმრებელია. ვმუშაობთ ხარჯებისა და მანქანის შენახვისთვის.

-ტრანსპორტი ხშირად ფუჭდება?

-აბა რა გითხრათ. აი ახლაც ისეთი რამ აქვს გაფუჭებული, ვერც მე მივხვდი და ვერც ხელოსანი ხვდება. ფაქტია, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ სისტემაში.

-გამოსავალი?

-გავიფიცებით და იქნებ რამე გვეშველოს.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია