ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს

ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს

ციხეებში ამ დროისთვის 961 პატიმარი შიმშილობს, აქედან - გეგუთის ციხეში 909, სხვა ციხეებში - 52, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, 52 პატიმარი კარგა ხანია შიმშილობს, 909 პატიმარმა კი შიმშილობა გუშინ დაიწყო.

როგორც მინისტრმა განმარტა, სამინისტროს არაფერი შეუძლია, მათზე მუდმივი ზედამხედველობის გარდა, რადგან თემები, რომლებსაც მსჯავრდებულები აყენებენ, არის სამართლებრივი ან პოლიტიკური ხასიათის.

"სამართლებრივია, როდესაც თითოეული მათგანი ითხოვს მისი პირადი საქმის გადახედვას და ამაში სამინისტრო ვერ ჩაერევა. პოლიტიკური ხასიათის არის ისეთი გადაწყვეტილება, საქმეების გადახედვის რა მექანიზმი იარსებებს - კომისია თუ სხვა რამ. არსებობს საკანონმდებლო ხასიათის მოთხოვნებიც, როგორიც არის გარკვეული მუხლების გაუქმება ან ლიბერალიზაცია და ესეც სულ სხვა თემაა. სამინისტროს მათ ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზედამხედველობის გარდა, არაფერი შეუძლია", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის შეფასებით, პატიმრების მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი შიმშიმლობის შეწყვეტაა.

"კომისიის შექმნაზე ჩვენ ვმუშაობთ და შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე მოვრიგდეთ, თუ ისინი დიალოგზე წამოვლენ. მაგრამ თუ საუბარია 223-ე, 260-ე ან 262-ე მუხლების გაუქმებაზე, ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ, თუმცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში", - აღნიშნა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ