თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა მწერლის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. "ეს კეთდება იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ უკვდავვყოთ მისი ღირსეული სახელი", - აღნიშნა შიხიაშვილმა.
რომელ ქუჩას ეწოდება ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, ამ თემაზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს. ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ მათი სურვილია, შეირჩეს ისეთი ქუჩა, რომელიც მწერილის სახელთან ყველაზე შესატყვისი იქნება. ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის ბოლომდე ვარაუდობს.
"მაქვს პატივი, საკრებულოს სახელით შევუერთდე იმ მწუხარებას, რომელიც ჭაბუა ამერიჯების ოჯახსა და მთელ საქართველოს თავს დაატყდა. გარდაიცვალა ეპოქის შვილი, რომელიც იყო მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა და როგორ უნდა დაიხარჯოს სამშობლოს სიყვარულში", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სამებაში, სამოქალაქო პანაშვიდზე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.