რა ხდება "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებში

რა ხდება "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებში

დიმა დიკუსარი და ალიონა შოპტენკო ის უკრაინელი ქორეოგრაფები არიან, რომლებიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტზე უკვე მესამე სეზონია, მუშაობენ. ამ ადამიანებმა არაერთ ქართველს ასწავლეს სამეჯლისო ცეკვები და ისევ დიდი მონდომებით აგრძელებენ საქმიანობას. ისინი საკუთარ ქვეყანაში წარმატებულები არიან.

ალიონა:

- ეს პროექტი პოსტსაბჭოთა სივრ­ცეში პირველად ჩვენს ქვეყანაში, 2006 წელს განხორციელდა და საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ მე და ჩემმა მეწყვილემ გავიმარჯვეთ. ჩვენ 700 ათასმა ადამიანმა დაგვიმესიჯა... მე და დიმა სპორტსმენები ვართ და სამეჯლისო ცეკვების ტურნირებში ყოველთვის აქტიურად ვასპარეზობდით.

- რა ტიტულები გაქვთ?

- 10 ცეკვაში უკრაინის ჩემპიონი გახლავართ, ასევე - საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ამერიკულ ცეკვებშიც (10 ცეკვა) მიღებული მაქვს მსოფლიოს ჩემპიონის წოდება, უკრაინაში 16 პროექტი მაქვს გაკეთებული.

- ორივე კიეველი ხართ?

- კი, მაგრამ წლის განმავლობაში მთელი 4 თვე, ჩვენი პროფესიის წყალობით, მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს. ამავე პროექტზე მოსკოვშიც ვიყავით მიწვეულები. ბოლო სამი წელიწადია, თბილისში ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში იმავე მისიით, ყაზახეთში გავემგზავრებით. წელს, ვიდრე აქ ჩამოვიდოდით, ალმა-ათაში უნდა წავსულიყავით. იმაზეც კი ვფიქრობდით: ერთი ალმა-ათაში წავიდეს, მეორე - თბილისში-თქო, მაგრამ ვინაიდან მე და დიმა ცოტა ხნის წინ დავქორ­წინდით, გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე საქართველოში გაგვეტარებინა (იღიმის).

დიმა:

- აქ ამდენ ხანს იმიტომ დავრჩით, რომ მოგვწონს ქართული ღვინო, წყალი და საერთოდ, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. თუმცა, აქ მუშაობა რთულია.

- რატომ?

- საქართველოში არ არის სათანადო ტექნიკური ბაზა, რომ პროექტისთვის ბევრი საინტერესო რამ გაკეთდეს. იქნებ უახლოეს მომავალში რაღაცნაირად მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკის შესყიდვა.

- როგორ ფიქრობთ, მეოთხე სეზონზე ისევ ჩამოხვალთ საქართველოში სამუშაოდ?

- მესამე სეზონი ჩვენთვის რატომღაც, რთული აღმოჩნდა. საერთო ენის გამონახვა ყველა ვარსკვლავთან ვერ ხერხდება. ზოგიერთი არ გვენდობა და საქმეს ეს გვირთულებს. ვცდილობთ, ასეთი ადამიანები დავაჯეროთ, რომ მათი ამბიციები უადგილოა, რასაც შემდეგ კამათიც მოჰყვება ხოლმე. რა თქმა უნდა, გვიწევს დათმობაზე წასვლაც, რაც ძალიან არ მოგვწონს. ასე რომ, კულისებში უფრო მეტად "ცხელა", ვიდრე "პარკეტზე".

ალიონა:

- ცოტა უხერხულია გამუდმებით იმის მტკიცება, რომ გამოცდილი ადამიანები ვართ და უნდა მოგვენდონ. 7 წელია, პროექტებზე ვმუშაობ და აქ პირველად შევეჯახე ისეთ სიტუაციას, როცა ხალხი უცნაურად წარმოადგენს საკუთარ თავს. არადა, გვიყვარს ჩვენი საქმე.

დიმა:

- ყველაფერს იმისთვის და ისე ვაკე­თებთ, რომ გვინდა, საინტერესო, ფერადი შოუ გამოვიდეს. თუ რაიმე არ გამოდის ისე, როგორც საჭიროა, ამაში უპირველესად, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. წყვილის მიერ მომზადებული ნომერი მაყურებელს უნდა მოეწონოს...გული მწყდება იმაზეც, რომ ჟიუ­რის წევრები მოცეკვავეებს შენიშვნებს აძლევენ, რაც არ არის გამართლებული. შოუში მნიშვნელოვანია, ვარსკვლავის ცეკვა შეფასდეს და არა - მოცეკვავის. ისიც მეუცხოება, როცა ისინი ქორეოგრაფიაში ქექვას იწყებენ.

- დაგეთანხმებით, ჟიურის ტრიბუნიდან ხშირად ისმის კითხვა, - რატომ მოგცეს და შეგირჩიეს ასეთი ცეკვა?

ალიონა:

- ჰოდა, ეს არასწორია! საოცარია ისიც, რომ ისინი ყოველი ნომრის შემდეგ აბსურდულ განმარტებებს აკეთებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენ მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის ვმუშაობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხალხის შეფასებაა! ზოგჯერ რაღაცები მართლა არ გამოდის, მაგრამ ეს ხომ ხელოვნებაა?!

დიმა:

- როდესაც ამა თუ იმ კომპოზიციას ვამზადებთ, არასდროს ვიცით, ბოლოს რა გამოვა, როგორ გაართმევს თავს ვარსკვლავი დაკისრებულ მისიას, მაგრამ მათი პლასტიკის მიხედვით, რაღაცებს წინასწარ ვხვდებით.

- ცეკვების ათვისებისას როგორები არიან ჩვენი ვარსკვლავები?

- ნიჭიერები არიან. ზოგადად, ქართველი ხალხი ნიჭიერია, თქვენ ყველაფერი გამოგდით... ჩვენს შოუში დიდი ტალანტის მქონე და თავისებური ვარსკვალები არიან. მესმის, რომ ქართველი ხალხი ამაყობს თავისი ხასიათით, ყველაფერზე ემოციურად რეაგირებს - ეს თქვენი სახასიათო შტრიხია, რო­მელიც სხვებისგან გამოგარჩევთ, მაგრამ ამჯერად, ამ ყველაფრის გამო მუშაობაში ცოტა არ იყოს, ხელი შეგვეშალა... არ ვართ კონფლიქტური ადამიანები, უმეტესად - მშვიდ გარემოში ვმუშაობთ, მაგრამ ხანდახან ხმის აწევა და ცოტა უხეშობაც გვიწევს.

ალიონა:

- არადა, მსგავსი რამ არც ერთს არ გვახასიათებს. რას ვიზამთ, "ვარსკვლავურ დაავადებებთან" შეჯახება არასასიამოვნოა... სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ მეტად ნიჭიერი ხალხია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წლევანდელი ვარსკვლავი გოგონები, ისინი ძალიან მაგრები არიან.

- ალბათ ამიტომაც აქვთ ამბიცია...

- გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ბრილიანტის ქვას თუ არ დაამუშავებ, ვერ იბრწყინებს. მიზნის მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა!

- დიდი ხანია, რაც თქვენი ქორეოგრაფიული ტანდემი არსებობს?

დიმა:

- 2006 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პროექტზე ერთად ვმუშაობდით, ყველა ეტაპი ერთად გავიარეთ: თავიდან კონკურენტები გახლდით, მერე საერთო ბიზნესში კომპანიონები გავხდით, ჩვენი საბალეტო ჯგუფი - "კიჩი" შევქმენით, რომლითაც მსოფლიო მოვიარეთ. ახლა პატარა ტაიმ-აუტი გვაქვს... აქ ჩვენთან ერთად, მესამე ქორეოგრაფი - საშაც არის და პრაქტიკულად, სამივე ერთად ვმუშაობთ, ერთი გუნდი ვართ. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, ვმეგობრობთ. ჩვენი გუნდი ერთიანია და მუშაობისას თავს არ ვზოგავთ.

- ჯვარი საქართველოში დაიწერეთ.

ალიონა:

- ჯვრისწერა აქ გადავწყვიტეთ, რადგანაც ეს ის ადგილია, სადაც ქრისტიანობა უკრაინაზე ადრე გავრცელდა. ჩვენი ქორწინება პასპორტში მხოლოდ ოფიციალური შტამპი არ არის, ცოტა უფრო მეტია. მე და დიმა მორწმუნეები ვართ და გვინდოდა, ჯვარი ისეთ ადგილას დაგვეწერა, რომელსაც სულიერად დიდი დატვირთვა ექნებოდა და ამავე დროს, საინტერესოც იქნებოდა.

დიმა:

- ეს სურვილი ქართველი მეგობრის, ვანიკო ჭელიძის დახმარებით ავისრულეთ. ხომ იცით, ვანიკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" დეკორატორია.

ალიონა:

- ის ამ პროექტის მეშვეობით გავიცანით და იმ დონეზე დავმეგობრდით, რომ ადამიანმა ჩვენთვის ქორწილის მოწყობა გადაწყვიტა. მისი მადლიერები ვართ.

დიმა:

- რომ არა ვანიკო, შოუ ასეთი ლამაზი და მიმზიდველი არ იქნებოდა. ყველანაირ დეკორაციას ის ქმნის. საქართველოში მუშაობამ ნამდვილი ქართველები, ერთგული ადამიანები გაგვაცნო და გვაჩუქა. მათთან მუშაობაც სასიამოვნოა და ურთიერთობაც.

- ერთმანეთს წლებია იცნობთ და მაინცდამაინც წელს რატომ დაქორწინდით?

- ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო.

ალიონა:

- ორი კონკურენტი ქორეოგრაფი ვიყავით. მერე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე მუშაობა არ შეგვეძლო და როგორც გითხარით, ბიზნესპარტნიორები გავხდით.

დიმა:

- საქართველოში ერთმანეთს უფ­რო მეტად დავუმეგობრდით. სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, - ამბობენ, მაგრამ ჩვენ სიყ­­ვარულამდე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით (იღიმის)... უკრაინაში ყველაზე პოპულარული, პრიალა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ქორწილის ფოტო დაიბეჭდა. ფოტო ყაზბეგის მწვერვალის ფონზე გახლდათ გადაღებული და უჩვეულოდ ლამაზი იყო... ამ სურათის ნახვის შემდეგ ბევრ ჩვენს მეგობარს გაუჩნდა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და ჩამოვიდნენ კიდეც. თბილისის დათვალიერების შემდეგ ყველა ყაზბეგში მიდის. ჰოდა, ახლა რამდენიმე მათგანი მეხვეწება: ყაზბეგში ჯვრისწერისა და ქორწილის ორგანიზებაში დამეხმარეო... მოკლედ, ჩვენი მხრიდან ქვეყნის ტურისტული მიმართულებით განვითარებაში პატარა წვლილი შევიტანეთ. საქართველო ამას იმსახურებს, რადგანაც აქ ისეთი ბუნებაა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. სანახავი კი მართლაც, ბევრია!

- აქ სად ცხოვრობთ?

- უზნაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ, ქორწინების სახლის კორპუსში და ყოველდღე გვესმის საქორწილო მანქანების სიგნალების ხმა, მაყრების მხიარული შეძახილები, სიცილი.

- ქართული ენა გესმით?

- ცოტა ხნის წინ საერთოდ ვერაფერს ვიგებდით, ახლა კი რაღაცები გვესმის. თან, ცუდი სიტყვებიც გვასწავლეს. მოკლედ, თქვენი ვარკვლავები ვერაფერს გამოგვაპარებენ (იცინის).

- საუბრის დასაწყისში ქართული ღვინო ახსენეთ და ალბათ ქართული კერძებიც მოგწონთ.

ალიონა:

- ქართული სამზარეულო უგემრიელესია. ისეთი ნოყიერი და კალორიული საკვები გაქვთ, რომ ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდა ქალს წონის პრობლემას შეუქმნის. საბედნიეროდ, ზედ­მეტ კილოგრამებს ვუმკლავდები, რადგანაც მთელი დღე დარბაზში მიწევს ყოფნა. ვვარჯიშობ, სულ მოძრაობაში ვარ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება