საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, რომ მიტინგების დროს არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ვიზიტისას უკრაინულ ტელეკომპანია ТВI-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა.
სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის დროსაც გამოდიოდა ხალხი ქუჩაში, ამ მიტინგებს კი მან გადადგომით უპასუხა და პრეზიდენტობის ვადა "ერთი წლით შეიმცირა".
"რა თქმა უნდა, ყველგან იმართება მიტინგები, ხდება პოლიციასთან შეტაკება, მაგრამ მე ვფიქრობ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო, რომ არ გამოიყენო გადამეტებული ძალა. ჩვენ ვისწავლეთ ბევრი რამე და როდესაც პირველად გადავდექი, შემდეგ იყო კიდევ დიდი აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ თითი არ გაგვინძრევია და ისინი თვითონ დაიშალნენ, თუმცა, პარალელურად, ჩვენ ვმართავდით დიალოგს მათთან", - აღნიშნა სააკაშვილმა.