თბილისის ზოოპარკში ძალიან იშვიათი ცხოველის, თეთრი ლომის ბოკვერები გაჩნდნენ. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიბადა 4 ბოკვერი და ოთხივე კარგად გრძნობს თავს.
"პატარები ცალკე გამოვიყვანეთ, რადგან მათი დედა კლეოპატრა, გამოუცდელობის გამო ბოკვერების მოვლას თავს ვერ ართმევდა, ამას ზამთრის სიცივეებიც დაემატა, რომელიც პატარებისთვის ძალიან საშიშია. ბოკვერები მათთვის სპეციალურად მოწყობილ თბილ ოთახში ბინადრობენ და ჩვენი თანამშრომლების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ძალიან გახარებულები ვართ, ზოოპარკის სახელით ყველას გილოცავთ საქართველოში თეთრი ლომების დაბადებას და იმედი გვაქვს, ოთხივე ჯანმრთელი გაიზრდება",- აცხადებენ ზოოპარკში.
რაც შეეხება ზოგადად თეთრ ლომს, ძალიან იშვიათი ცხოველია და ბუნებაში ძირითადად კრიუგერის ნაციონალურ პარკსა და ტიმბავიტის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს, თუმცა დღეს ბუნებაში საერთოდ გამქრალია.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თეთრი ლომი მსოფლიოს 70-მდე ზოოპარკში თუ ბინადრობს და საქართველოში მათი გამრავლება მათი გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოგალერეა