თბილისის მერობისთვის მხოლოდ პატიოსნება და მეურნე კაცის სტატუსი არ ყოფილა საკმარისი. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა. პროვინციაში გაზრდილ "ბიჭს" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა ნდობა. მიუხედავად ამისა, თბილისელების ნაწილისთვის ის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა - ზოგიერთისთვის თბილისური ჯიგარი არა აქვს, ზოგიც ქალაქელების ტრადიციებისა და მენტალიტეტის უცოდინარობას აბრალებს; მავანი უფრო ფილოსოფიურ ახსნას უძებნის ამ საკითხს - ნარმანიას გასტრონომთან "პივა" არ დაულევია, და ამიტომაც ვერ მიხედავს თბილისსო. საზოგადოებამ განსაჯოს, უნდა იყოს თუ არა ძირისძირობამდე თბილისელი თბილისის მერი. თუმცა, საკითხავია, რატომ შეუტიეს ასე გულდაგულ დავით ნარმანიას და ხომ არ უკავშირდება ეს აჟიოტაჟი იმას, რომ გუნდმა ვერ გაიყო სკამი, რომელზეც წლებია, გიგი უგულავა მყარად ზის? თბილისის მერობის გამო გაჩენილ კითხვებზე დავით ნარმანია საუბრობს.
- უპირველესად დავიწყოთ იმით, თუ როგორი მერი უნდა ჰყავდეს თბილისს. ერთი მხრივ, ეს უნდა გამომდინარეობდეს დედაქალაქის საჭიროებებიდან და მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური პრინციპებიდან. მერი არის აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელი და უნდა ასრულებდეს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს, იყოს ახლოს ხალხთან და გრძნობდეს პასუხისმგებლობას.
- თქვენ გაქვთ ყველა ეს უნარი?
- არ არსებობს უნივერსალური ადამიანი, რომელიც ინფრასტრუქტურაშიც, ჯანდაცვაში და სოციალური დაცვის საკითხებშიც ერთნაირად ძლიერი იქნება. მთავარია, ახალმა მერმა იცოდეს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. მერის საქმე ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე და არა პიარზე. თბილისის მერმა არ უნდა მოისურვოს პოლიტიკურ ფიგურად გახდომა, თუმცა, ცხადია, ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე უნდა იმუშაოს.
- მივადექით თქვენს აქილევსის ქუსლს, რასაც თბილისელობა ჰქვია...
- მერი თბილისელობის გამო კი არ უნდა ავირჩიოთ, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატს უნდა შეეძლოს არსებული მდგომარეობის გაანალიზება, ჰქონდეს სწორი პრიორიტეტები და ძალუძდეს პროექტებისა და პროგრამების მართვა.
- თქვენი კანდიდატურის წინააღმდეგ თბილისური ელიტის გარკვეული ნაწილი წავიდა...
- თუ ვინმეს "პივა" გასტრონომთან არ დაულევია, ამით რამე იცვლება? თუმცა პასუხი ამ საკითხზე მეც მაქვს, გასტრონომთან "პივაც" დამილევია და თევზიც მიმიყოლებია...