მეცნიერთა აზრით, ყური ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოა. დაგვიანებულმა, არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა სახიფათო გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის სმენის დაქვეითება და ყრუ-მუნჯობაც კი. ყურის დაავადებებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი ლიკა ლომიძე:
- ყველაზე ხშირად ბავშვებში ოტიტი აღინიშნება. ეს არის ყურის ანთებითი დაავადება და ამ სახელწოდებაში იგულისხმება როგორც შუა, ასევე გარეთა ყურის ანთება. ოტიტის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია რესპირატორული დაავადებების ფონზე განვითარებული შუა ყურის ანთება, იქნება ეს ვირუსული თუ ბაქტერიული: შუა ყური ვიწრო არხით, რომელსაც ევსტაქის ლულა ეწოდება, უკავშირდება ცხვირ-ხახას, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ცხვირით სუნთქვის უმნიშვნელო გაძნელებაც კი ხშირად იწვევს სმენის დაქვეითებას, ყურის ტკივილს და დისკომფორტს ყურის მიდამოში. გარდა ამისა, გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც აკუსტიკური ტრავმა, ასევე ბაროტრავმა, რომელიც ვითარდება შუა ყურში უარყოფითი წნევის განვითარების გამო. ეს ყველას გამოუცდია თვითმფრინავის აფრენისა-დაშვებისას წნევათა სწრაფი ცვალებადობის დროს.
- როგორია ოტიტის კლინიკა?
- ოტიტის კლინიკა დამოკიდებულია მის სტადიასა და მიმდინარეობაზე. მწვავე ოტიტი, როგორც წესი, იწყება ძლიერი ტკივილით ან ყურის დაგუბების შეგრძნებით. თუ დროულად და სწორად არ მოხდა მისი მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს დაფის აპკის პერფორაცია (გახვრეტა) ჩირქის ან სითხის ზეწოლის გამო და მისი გადმოსვლა გარეთ, რაც უკეთესი ვარიანტია. ადრეული ასაკის ბავშვებში დაფის აპკის მთლიანობის რღვევა თავისით არ ხდება და საჭიროა მისი გახვრეტა სპეციალური ნემსით, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ. შესაძლოა, ასევე დროულად დაწყებულმა მკურნალობამ არ მიიყვანოს ანთება მეორე ეტაპამდე და პროცესი გამოჯანმრთელებისაკენ წავიდეს. რაც შეეხება ქრონიკულ ოტიტს, მისი კლინიკა გამოიხატება პერიოდულ ჩირქდენაში, სმენის დაქვეითებასა და სხვა ჩივილებში, რაც დამოკიდებულია ასევე დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე.
- რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს ოტიტი?
- მწვავე ოტიტისას არის შემთხვევები, როცა ექსუდატი (შუა ყურში არსებული სითხე) ვერ ახერხებს გარეთ გამოსვლას და შესაძლოა მძიმე გართულებები განვითარდეს, როგორიცაა მენინგიტი, თავის ტვინის აბსცესი, სიგმოიდური სინუსის თრომბოზი, სახის ნერვის პარეზი და სხვა. მწვავე ოტიტის არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობა იწვევს ქრონიკული ოტიტის განვითარებას. ხოლო ქრონიკული ანთების შემთხვევაში გართულების მიზეზი არის ის, რომ ჩირქი შლის მიმდებარე სტრუქტურებს, ძვალს, რომელიც შუა ყურს გამოყოფს თავის ტვინისგან, სახის ნერვის მფარავ ძვლოვან ქსოვილს, დიდი ვენური სინუსის მფარავ ძვალს, ლაბირინთის კედელს და აღწევს შესაბამის ნაწილებში, რაც იძლევა მენინგიტის, აბსცესის, ფაციალისის, წონასწორობის მოშლას და სხვა სიმპტომებს. შუა ყურის ქრონიკული ანთების ერთ-ერთი გართულებაა ქოლესტეატომა. ეს დაავადება ვითარდება დაფის აპკზე პერფორაციის დროს ეპიდერმალური ჯიბის წარმოქმნით და მასში ანთებითი ხაჭოსმაგვარი "ნარჩენების" დაგროვებით, რომლის მიერ გამომუშავებული ნივთიერება შლის ყველა სახის ქსოვილს: ძვლოვანს, რბილს. სწორედ ეს წარმოადგეს შიდაქალის გართულებების საშიშროებას.
- არსებობს თუ არა თანამედროვე მედიცინაში მისი მკურნალობის ახალი მეთოდები, თუ მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და რამდენად ხშირია ეს დაავადება ბავშვებში?
- მსოფლიოში მისი მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიულია და ითვალისწინებს მის რადიკალურ მოცილებას შემდგომი რეციდივის თავიდან აცილების მიზნით. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში, რადგან მის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. დაავადების პირველივე სიმპტომებისას კვალიფიციური ექიმი პაციენტს სწრაფ ოპერატიულ მკურნალობას ურჩევს, რადგან საჭირო ზომების მიღება დასაწყის ფაზაში უფრო დაზოგვითი ოპერაციის ჩატარების და დახურული ღრუს შექმნის მეტ შანსს გვაძლევს. თუმცა ამ შემთხვევაში მშობელი და პაციენტი გაფრთხილებულია შემდგომი რეციდივის შესაძლებლობაზე და განმეორებითი ოპერაციის შესაძლო საჭიროებაზე. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი შუა ყურის ქრონიკული ანთების დროს წლების განმავლობაში კონსერვატიულად მედიკამენტებით მკურნალობს. მკურნალი ექიმი არ ურჩევს ქირურგიულ ჩარევას და არ აფრთხილებს მოსალოდნელ გართულებებსა და შედეგებზე.
- რას იტყოდით ყრუმუნჯობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე?
- ყრუმუნჯობა არის თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში შეძენილი სიყრუე და მისით განპირობებული მეტყველების არარსებობა. ყველაზე ხშირი მიზეზებია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, მწვავე ინფექციური დაავადებები, განსაკუთრებით წითურა, ადგილობრივი ჩირქოვანი ანთება. სმენის დაქვეითების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ტრავმა: მექანიკური, აკუსტიკური, სხივური. სმენაჩლუნგობის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მედიკამენტოზური.
- მედიოკამენტოზური მიზეზი ახსენეთ, ადრე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არასწორად გამოყენებული ესა თუ ის პრეპარატი, მაგალითად, გენტამიცინი, ბავშვის სიყრუეს იწვევდა, დღეს თუ არის ამგვარი შემთხვევები?
- გენტამიცინი და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები საერთოდ იწვევს სმენის ნერვის ნეიროეპითელის დაზიანებას, აქედან გამომდინარე, სიყრუეს ან სმენის დაქვეითებას. ამ პრეპარატებს ახლაც იყენებენ, მხოლოდ მეტი სიფრთხილით და უფრო იშვიათად. სამწუხაროდ, დღესაც გხვდება ამ ანტიბიოტიკებით გამოწვეული სიყრუის შემთხვევები.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)