ნათია ფანჯიკიძე - "ქალი მერი მაგრად გამიხარდებოდა ისე, სექსისტურ ამბავში"

ნათია ფანჯიკიძე - "ქალი მერი მაგრად გამიხარდებოდა ისე, სექსისტურ ამბავში"

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თბილისელებს მერის არჩევნებთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მუწოდებს და მომავალ მერს, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, პრიორიტეტებს უსახავს.

"დრტვინავს თბილისი, ზუგდიდელი ვერ გაიგებს ჩვენი ქალაქის ხასიათს და შინაარსსო, ვერც ტკივილი ეტკინება და ვერც პრობლემას დაინახავს სწორადო..... არა ქაოსური შფოთვის, არამედ რაციონალურად ჩამოყალიბებული ტკივილების გამოხატვის მომხრე ვარ და დაფასთან გასული კლასელისთვის კარნახიც ძალიან მიყვარდა სკოლაში გაკვეთილებზე, მე რომ მკარნახობდნენ, ეგეც არანაკლებ მახარებდა. თუ ნარმანია გახდა მერი, სულ მარტივია, რომ ვიშვიშის ნაცვლად მოვუყვეთ ჩვენს წყლულებსა და ტკივილებზე, ყველამ თითო რამე მაინც და აუცილებლად გაიგებს. მეგრელები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს. აი, მე უკვე მოვამზადე ჩემი საკითხი - სოლოლაკი, ბატონო დავით... ამ უბანში პრაქტიკულად ყველა შენობა არქიტექტურული ძეგლია, და პრაქტიკულად ყველა ავარიული. ძვირი დაჯდება, მაგრამ ამის განადგურება დაუშვებელია. ჯერ კიდევ შიმშილის და სიბნელის წლებში, ადრეულ 90-იანებში მამაჩემმა გამონახა გზა, რომ მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობა ბეტონის ბალიშზე დაესვა და გაემაგრებინა და გადაარჩინა ეს მშვენიერება. იმედი მაქვს, ამ უბნის მნიშვნელოვნება არქიტეტურული თვალსაზრისით შევა პრიორიტეტებში.

მიხარია მეგრელის კანდიდატურა იმიტომ, რომ მეგრელებს ყველა სხვა ქართველზე მეტად სისხლში აქვთ სისუფთავის და სილამაზის, ყვავილების სიყვარული და დარწმუნებული ვარ, ქალაქს ეს შეეტყობა. მეტი ასპარეზი მიეცემათ თბილისის მებაღეებს.

დანარჩენ საკითხებზე სხვა დროს ავიწევ ხელს და გამოზოგვით ამოვთქვამ, სხვები რომ დაიჩივლებენ თავისას, მერე. რიგის დაცვა აუცილებელია", - წერს ფანჯიკიძე.

თავდაცვის მინისტრის მეუღლის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი წერს:

"ნათია, გჯერათ რაც დაწერეთ? აქ, თბილისზე და ხოხობზე არ არის საქმე, ეს კაცი ბბ-ს ფავორიტი რომ არის, მაგაშია საქმე და მაგ ბბ-ს გარეშე, რომ არჩევნებში ZERO-ა, ნუთუ ვერ ხვდებით, ეგება და ჩვენ გვინდა ჩვენი დიმიტრი გელოვანი არა ბბ-ს ხელდასმით, ერთი ZERO დაგვისვა, ახლა მეორე, შემდეგ კი, აუ რა, დავუახლოვდებით ცოცხებს, კი, ისიც ესე იწყებდა... გადავიდეს NGO-ში შეასრულოს პირობა, და ჩვენ მოვნახავთ დიმიტრი გელოვანს, თუნდაც მეგრული წარმომავლობისას".

რაზეც ნათია ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:

"სხვა კუთხით დასმული საკითხია და ამაზე სხვა პასუხი მაქვს - ნარმანია ჯერ ხომ არ არის არჩეული? სხვებსაც აქვთ შანსი იყვნენ კანდიდატები, ხოდა თუ მაგაშია საქმე, გამოავლინოს ქალაქმა ნება, აღმოაჩინოს მისთვის სასურველი სახე და ეგ იქნება. ანუ, ვიშვიშის მომხრე არც ამის გამო ვარ.

...სიფრთხილისთვის, ჩემმა თბილისელმა მეგობრებმა რომ არ მიმტუქსონ, მშობლებს დავუძახებ - დედა მეიდანზე დაიბადა და გაიზარდა, მამა ვერაზე გოგებაშვილზე...

...თუმცა, ზოგადად საქმე როცა გიყვარს და კეთება იცი, ზუგდიდსაც აუღებ ალღოს და შეიძლება პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ უმტკიცო ზუგდიდელებს, რომ მათზე ნაკლების შემძლე არა ხარ, უფრო გულმოდგინეც კი იყო და საქმეს წაადგეს.

ისიც კარგად მესმის, რაც ჩემს ირგვლივ თბილისელებს აწუხებთ, რომ მერი უნდა იყოს "სტილში" ამ ქალაქის, ანუ სახე, პორტრეტი... მაგრამ ირაციონალურია, როგორც ყოველთვის, პიროვნების გარეშე, ზოგადად.

ხოდა უკარნახოს ქალაქმა ეს. თბილისს გემოვნებიანი კულტურის განვითარება სჭირდება და თუ კარგი ჯგუფი შეიქმნება, პრობლემა მოგვარდება... გაცოცხლება სჭირდება, რომ მხოლოდ ორი უბანი არ იყოს მოვლილი და დანარჩენში რა შენდება, რა კეთდება არავის არ აინტერესებს.. იგება თუნდაც ახალი ტაძრები ძველი ფორმით, არქიტექტურა მკვდარია.. ამას მიხედვა უნდა, რომ 21-ე საუკუნის ძეგლი 15-ე საუკუნის ასლი არ იყო, პარკები ნადგურდება და ა.შ. პროფესიული ჯგუფების რესურსი მაინც თუ იქნება სწორად მოძიებული, ყველაფერი ბევრად უკეთ შეიძლება იყოს, ვიდრე იყო. კი, შეიძლება ძალიან თბილისური ტიპაჟი იყოს სახე და თბილისური აქცენტით ლაპარაკობდეს, მაგრამ სად არიან?

მეგრელები არიან სექტა!!!! მე რომ დამიპყრეს ვიცი და თბილისს შემოესიენ ახლა :))

ქალი მერი მაგრად გამიხარდებოდა ისე, სექსისტურ ამბავში... :)))", - წერს ფანჯიკიძე.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელოს. დავით ნარმანიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ნარმანიას კანდიდატურა მოწინააღმდეგეებმა მაშინვე გააკრიტიკეს. ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მიიჩნევს, რომ უხერხულია, თბილისის მერი მეგრული აქცენტით ლაპარაკობდეს.

"რაც არ უნდა ვიპრანჭოთ, თბილისის მერობა პოლიტიკური თანამდებობა უფროა, ვიდრე სამეურნეო. ცოტაზე მეტად უხერხულია, თბილისის მერი მეგრული აქცენტით ლაპარაკობდეს. ნარმანია ზუსტად ზედგამოჭრილ ადგილზეა დღეს. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ძალიან მაგრად აკეთებს და დაანებონ თავი", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

თბილისის მერის არჩევნები 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

იხილეთ ასევე: დავით ნარმანია თბილისის მერობის კანდიდატი ხდება

დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს