ცნობილი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და უკვე ქართული კინოს კლასიკოსი ირაკლი კვირიკაძე რამდენიმე დღე თბილისს სტუმრობდა. მან რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში "რასპუტინის" რუსული ვერსია წარმოადგინა. ქართველმა რეჟისორმა 6-სერიანი ფრანგული ფილმი ერთსერიან ფილმად აქცია და კარდინალურად შეცვალა.
"ქვევრის", "ქალაქი ანარას", "მოცურავის" "კულინარის 1001 რეცეპტის" და სხვა ცნობილი ფილმების ავტორი ახალ ფილმზე და თანამედროვე კინემატოგრაფზე გვესაუბრა.
-ბოლო ფილმით დავიწყოთ, რით იყო განპირობებული ინტერესი რასპუტინის მიმართ და როგორ აღმოჩდით ამ ფილმის რუსული ვერსიის რეჟისორად?
- წელს აღინიშნება რომანოვების დინასტიის 300 წლისთავი. სწორედ მათი მმართველობის დასასრულს გამოჩდა ეს არარორდინალური იდუმალებით მოცული ბერი სასახლის კარზე. მისი ფენომენის ამოხსნა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა სცადა. ეს ფრანგულ-რუსული 6 სერიანი სატელევიზიო ფილმი თავიდან ფრანგმა ქალბატონმა ჟოზე დაიანმა გადაიღო. სხვათა შორის, ფილმში ევროპული და რუსული კინოს ვარსკვლავების მთელი ბუკეტია მოყრილი; ჟერერ დეპარდიე, ფანი არდანი, ვლადიმერ მაშკოვი, ირინა ალფეროვა, ანა მიხალკოვა და სხვანი. მე მივიღე ეს შეთავაზება, როცა გაირკვა, რომ ფრანგების გადაღებულით უკმაყოფილოა ფილმის მთავარი დამფინანსებელი - რუსული ტელეკომპანია "როსია". ისინი თვლიდნენ, რომ ეს გრძელი, მდორე ფილმია, სადაც ძალიან ბევრი სცენებია ე.წ. "ე ლა რუსის" სტილში: რასპუტინი, ქალები, ღვინო, კაზაჩოკის ცეკვები და სხვა ფსევდოფაქტურები. მე მთხოვეს რამენაირად ფილმი გამომესწორებინა.
-თქვენ რატომ გთხოვეს და როგორ მოახერხეთ ამ ფილმის კარდინალურად შეცვლა?
-კინოსამყაროში ცნობილია, რომ ბევრი ფილმი გადამიმონტაჟებია, ამავე დროს ანონიმად დავრჩენილვარ. ხელახალი მონტაჟით ბევრი ცუდი და ძალიან კარგი რეჟისორის უიმედო ფილმი გადამირჩენია, ისე რომ ზოგს კინოფესტივალებზე პრიზებიც აუღია. ამერიკულ კინოწარმოებაში ადამიანებს, რომლებიც ასეთი საქმით არიან დაკავებული "დოქტორებს" ეძახიან.
ამ შეთავაზებაზეც უარი ვერ ვთქვი. რამდენიმე სცენა საერთოდ თავიდან გადავიღეთ, ბევრი მასალა ამოვჭერით. დეპარდიეს ფრანგული ტექსტი სულ სხვა შინაარსის რუსული ტექსტით შევცვალეთ, რამაც დრამატურგია უფრო სერიოზული და ფილმი ბევრად დინამიური გახადა.
-როგორც ვიცი, მუსიკაც კი შეცვალეთ?
-ფრანგული ვერსიის მუსიკა ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა დაწერა. ასეთი გრძელი და მდორე ფილმისთვის მუსიკაც შესაბამისი იყო. რადგან ჩვენს ვერსიაში ენერგია, რიტმი გაჩნდა, გადავწყვიტე ძალიან კარგი კომპოზიტორისთვის, ჩემი თანამემამულე- ენრი ლოლაშვილისთვის მიმემართა. მან შესანიშნავად გაითავისა ფილმი და ფანტასტიკური მუსიკა დაწერა.
-თანამედროვე ქართულ კინოს თუ ადევნებთ თვალს, სადაც მაინც საკულტო "ყარაბაღის" სულისკვეთება და თემატიკა ჭარბობს?
-სამწუხაროდ, ბევრი ახალი ქართული ფილმი არ მინახავს. მე მახსოვს "ყარაბაღი", ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა და თუ ეს თემა მეორდება და მეორდება, რამდენად კარგია ვერ გეტყვით, ნანახი არ მაქვს. ანაპის კინოფესტივალზე, სადაც ლიტერატურული ანუ სცენარების კონკურსიც ტარდება და მისი თავმჯდომარე ვარ, მიწევს ყოველ წელს ყოფნა. იქ ხშირად ჩამოაქვთ ქართული ფილმები. რაც ვნახე, მომეწონა, სამწუხაროდ საქართველოში ცოტა ფილმებს იღებენ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ არის ამის საშუალება და მაინც ნელ-ნელა ქართული კინო ვითარდება.
-ქართული კინოს კლასიკოსი ხართ, თუმცა სხვა ქვეყნებში გიხდებათ მუშაობა, გული არ გწყდებათ?
-ვცხოვრობ იქ, სადაც კინოს კეთების საშუალება მაქვს. აი, ახლა ვმუშაობ ცნობილ პოლონელ რეჟისორ აგნეშკა ჰოლანდთან, ვწერ სცენარს მისი ახალი 8 სერიანი ფილმისთვის პეტრე პირველის მეუღლე ეკატერინეზე. საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ ეს ლამაზი პოლონელი ქალი თავიდან მეძავი იყო, შემდეგ ერთ-ერთი დიდგვაროვანის საყვარელი გახდა. პეტრეს ისე შეუყვარდა, რომ მას წაართვა ეს ქალი და ოფიციალურ მეუღლედ აქცია. ამ დღეებში ბოლო სერიის დაწერას ვრჩები.
ჩემი ფილმისთვისაც ვამზადებ სცენარს. ძალიან მინდა თბილისში ჩემს მოგონებებზე ფილმი გადავიღო.
-თქვენ ასაკში საკმაოდ ენერგიული ხართ და ბევრ საქმეს ეჭიდებით?
-ნუ, ეს სტილია ჩემი ცხოვრების, ასაკს არ ვაქცევ ყურადღებას, 74 წლის გავხდი უკვე. ბევრს ვმოძრაობ, აქაც ვასწრებ, იქაც...შეიძლება გენეტიკის დამსახურებაა, ასეთი იყო მამაჩემიც. ხან საფრანგეთში ვარ, ხან გერმანიაში, ყაზახეთსა და რუსეთში პედაგოგობით ვარ დაკავებული. ჩემი დევიზია - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!
კობა ბრეგვაძე, Ambebi.ge