ყოველთვის კულტურულ-პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია. ხან კონფლიქტებს აგვარებს, ხან თავად არის კონფლიქტის მიზეზი, ხან წიგნებს წერს, იყო დრო, როცა ტელეეკრანიდან გვესალმებოდა ჟურნალისტის ამპლუაში. ახლახან ქორწილის ორგანიზატორადაც მოგვევლინა ციხეში. ხულიგნობისთვის თავადაც მოიხადა სასჯელი. სოზარ სუბარის მრჩეველია. მასზე წერენ, თოქშოუებს აკეთებენ, აკრიტიკებენ, ლანძღავენ კიდეც. ამას დიდად არ განიცდის. თუ მაკრიტიკებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართალი ვარო, ამბობს.
დღეს ლალი მოროშკინას ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.
- საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი...
- ვიცხოვრებდი ისტორიულ სამშობლოში, რადგან წარმოშობით მამის მხრიდან პეტერბურგიდან ვარ, დედის მხრიდან კი - სოჭიდან. მაგრამ აუცილებლად საქართველო იქნებოდა ჩემს ფიქრებში, სიზმრებსა და ოცნებებში და ოდესმე ავისრულებდი ამ სურვილს, ხოლო პირველივე ნახვაზე შევიყვარებდი და სამუდამოდ აქ დავრჩებოდი....
- ჩემს დაბადებას...
- წინ უძღოდა "პინკ ფლოიდი", "ჰიპობა" და კულტურული რევოლუცია. რა თქმა უნდა, ჭექა-ქუხილი...
- არასდროს ვსწავლობდი...
- ყველაფერსაც ვსწავლობდი... და საერთოდ მიმაჩნია, რომ რაიმე ახალზე უარის თქმა სიბრიყვეა. რასაც ისწავლი, ყველაფერი გამოგადგება, თუნდაც იმისათვის, რომ გამართული აზრი გქონდეს იმასთან მიმართებით, რაც სისულელედ გეჩვენება.
- ახლა რომ პროფესიას ვირჩევდე...
- აუცილებლად ადვოკატი გავხდებოდი. ადამიანების დაცვა ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, თანაც მე პერფორმანსებისკენ ვარ მიდრეკილი და ადვოკატობა ამის საუკეთესო საშუალებაა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ შენი სიმართლე ირწმუნონ.
- თვალდახუჭული ვაგნებ...
- ენერგეტიკულად პოზიტიურ ადგილს და იქ ვიკეთებ ბუდეს.
- რომ არ არსებობდეს კოსმეტიკა...
- არც მჭირდება... ვისაც ვუყვარვარ, ჩემი დანახვა ცხიმ-ქიმიკატების გარეშე ურჩევნია.
- არ გავდივარ სახლიდან, თუ...
- არანაირი თუ!