რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს

რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს

მსახიობი ნინო შავგულიძე კომედიურ სერიალში - "ჩვენი ამბავი" უზომოდ ეჭვიანი და სასაცილო თამუნას როლს ასრულებს. როგორც ნინომ გვითხრა, გარეგნობაზე მოზარდობის პერიოდში უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე - ახლა... თურმე, 14 წლისას პირველი სიყვარული ეწვია, ჰოდა, სილამაზის სალონს პირველად სწორედ ამ ასაკში ესტუმრა.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმა არასოდეს შემიღებავს. ზაფხულში თმა რომ ხუნდება, ეს ძალიან მომწონს და მსურდა, სწორედ ასეთი ფერი მქონოდა ზამთარშიც, მაგრამ ყველა სტილისტმა მირჩია, - ახლა შეღებვა რომ დაიწყო, შეიძლება, ჭაღარა გაგიჩნდეს, ამიტომ მაქსიმალურად შეიკავე თავი ექსპერიმენტებისგანო... როცა ჭაღარა გამიხშირდება, თმას მაშინ შევიღებავ, მაგრამ სავარაუდოდ, ისევ ბუნებრივ ფერს "დავისვამ".

მთელი ცხოვრება გრძელი თმა მქონდა. ბავშვობაში "ჩოლკას" ვატარებდი, მაგრამ დაახლოებით 18 წლისამ მისი გაზრდა გადავწყვიტე და მას შემდეგ აღარც შემიჭრია. მეგობრები მეუბნებიან, - შეიჭერი, ფოტოებში ძალიან გიხდებაო, მაგრამ ჩემი აზრით, "ჩოლკა" მოსაბეზრებელია, თან - გამუდმებით მოვლა სჭირდება. თმას ფენსაც არ ვაკარებ და ამიტომაც, შინიდან ბევრჯერ სველი თმითაც გავსულვარ.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- გადაღებებზე გრიმის გაკეთება მიწევს - ტელევიზიისთვის ეს აუცილებელია. ისე, მაკიაჟი დიდად არ მიზიდავს. თუმცა, როცა წვეულებაზე მივდივარ, მაშინ ვიკეთებ. ასეთ დროს ჩემს გარეგნობაზე ძირითადად, მეგობრები ზრუნავენ. ისინი ყოველთვის მეჩხუბებიან, - სახეზე რამე წაისვი, ტუჩებზე პომადა მაინც გადაისვიო (იღიმის).

- მაკიაჟის გაკეთება თავად არ გეხერხება?

- თეატრალურ უნივერსიტეტში მასწავლეს გრიმის გაკეთება და მაკიაჟის გაკეთებაც მშვენივრად გამომდის. ზოგჯერ ისეთ განწყობილებაზე ვარ, რომ მინდა, მაკიაჟი გავიკეთო. ძირითადად, ეს ზაფხულში ხდება - "ზაგარზე" კარგი მაკიაჟი მომწონს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ისეთი განწყობილება მეუფლება, როგორიც დათვს, რომელიც იძინებს და გაზაფხულს ელოდება.

- სახის კანს როგორ უვლი?

- კოსმეტოლოგთან დავდივარ და ჩემი სახის კანზე ის ზრუნავს.

- მასთან ვიზიტი ხშირად გიწევს?

- რადგან მალე 25 წელს გადავაბიჯებ, სახის კანს უკვე სისტემატური მოვლა სჭირდება და ეს ამბავი მაგიჟებს. არ მეგონა, ოდესმე ჩემი სახის კანი თუ დაბერდებოდა (იცინის). როცა ბავშვი ხარ, ვერ წარმოგიდგე­ნია, რომ შეიძლება, ოდესმე მეზოთერაპია და მსგავსი რაღაცები დაგჭირდეს, მაგრამ ეს დროც დამიდგა...

- მეზოთერაპიას იკეთებ?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ ჩემი კოსმეტოლოგი ამის გაკეთებას უკვე მი­რ­ჩევს. ეს სახის კანში აუც­ილებელი ვიტამინების დამატებას ნიშნავს.

- სახის კანის მოსავლელად ხალხური მეთოდებისთვის მიგიმართავს?

- კი, ბავშვობაში: ვიდრე გავიგებდი, "სკრაბი" რა იყო, სახეს მჭადის ფქვილით ვიწმენდდი - ამას გასართობად ვაკეთებდი, რადგან მაშინ სახის კანზე ზრუნვა არ მჭირდებოდა.

ვარჯიში და დიეტა

- დიეტაზე იშვიათად, ძირითადად - ზაფხულის მოახლოებისას ვარ. მკაცრი დიეტა ცხოვრებაში ერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში დავიცავი. საერთოდ, წონაში იოლად ვიკლებ და ვიმატებ: მაგალითად, 2 დღე არაფერი რომ არ ვჭამო, საკმაოდ კარგ შედეგს "დავდებ" და პირიქით - 2 დღე აქტიურად რომ ვიკვებო, წონაში მოვიმატებ. მოკლედ, დღის რეჟიმს გააჩნია: თეატრში რეპეტიციები თუ მაქვს, წონაში მაგრად ვიკლებ, როცა ბევრი საქმე არ მაქვს და მოდუნებული ვარ, ცოტაც რომ ვჭამო, ვიმატებ. სპორტული ცხოვრება მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო, ცურვითა და თხილამურებით მხოლოდ სეზონურად თუ დავკავდები.

- დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს არ აკეთებ?

- შენი ჭირიმე, რა (იცინის)!.. დილის 7 საათზე ვდგები და სამუშაოდ რადიოში მივდივარ. ჰოდა, ვარჯიში ვიღას ახსოვს? ვცდილობ, მთელ საქართველოს კარგი განწყობილება შევუქმნა და მეც გამოვფხიზლდე. ამიტომ ენერგიულ მუსიკას ვირჩევ და იმის ფონზე ვცეკვავ.

- ცეკვით შენი პერსონაჟის - თამუნას მსგავსად ხარ გატაცებული?

- მთელი ბავშვობა ქართულ ცეკვაზე დავდიოდი და მერე, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქაც ვსწავლობდით. მოკლედ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

სამოსი

- შოპინგი მეზიზღება. ამ პროცესს ვერ ვიტან, ძალიან მღლის და შესა­ბა­მისად, მაღაზიებში იშვიათად დავდივარ. სამაგიეროდ, ინტერნეტმაღაზიები მიყვარს: შემიძლია, დაუსრულებლად "ჩავუჯდე" და ბევრი ტანსაცმელი გამოვიწერო. როცა მე და ჩემი მეგობრები საზღვარგარეთ ვართ, მაშინ შოპინგის გარდა, არაფერი გვაინტერესებს - კულტურული ღონისძიებები მეორეხარისხოვანი ხდება...

- საქართველოში არსებულ მაღაზიებს რას უწუნებ?

- არაფერს, მაგრამ აქ შოპინგისთვის დროც არ მრჩება. პროდუქცია საქართველოშიც მომწონს, მაგრამ ფასები - საზღვარგარეთ უფრო მიმზიდველია.

სამკაული და აქსესუარები

- საათისა და საყურის გარეშე შინიდან არ გავდივარ. მრგვალი, ოქროს საყურეები მომწონს. სამნაირი საათი მაქვს: სპორტული, ტყავის და ოქროსფერი კლასიკური.

ჩანთები მიყვარს. მათი შერჩევისას მთავარია, დიდი ზომის იყოს: ჩანთაში სარეპეტიციო ტანსაცმელი, პიესის ტექსტი, სერიალის სცენარი უნდა ეტეოდეს.

საქმე

- მოგეხსენებათ, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველობაში ცვლილებებია და ჯერჯერობით, მუშაობაც შეჩერებულია... ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტულ საქმედ სერიალი რჩება, რომლის მთელი შემოქმედებითი გუნდი შემიყვარდა. საერთოდ, სიტუაციას, ადამიანებს ძალიან ვეჩვევი და მერე განშორება მიჭირს. როცა კონკრეტულ სერიაზე მუშაობას ვამთავრებთ, ერთი სული მაქვს ხოლმე, შემდეგი ორშაბათი როდის მოვა, რათა ახალი სერიების სცენარებს გავეცნო.

- შენი პერსონაჟი მოგწონს?

- თამუნა ვერ არის (იცინის). ამ გოგონას აშკარად, ყველაფერი კარ­გად არ აქვს... სამაგიეროდ, ჩემი მაყურებელი მიყვარს. დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გვიყურებს და გვგულშემატკივრობს.

- უცხო ადამიანებისგან შენ მიმართ როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- მაგალითად, როცა მაღაზიაში შევდივარ ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვარ, ვგრძნობ, ვიღაც მაკვირდება და ასეთ დროს ძალიან ვიბნევი, ვკომპლექსდები. ვფიქრობ: - ვაიმე, რატომ მიყურებს-მეთქი? ადამიანები მიღიმიან, ყველასგან და­დებითი განწყობილება იგრძნობა.

- სერიალში გამოჩნდი თუ არა, ბევრმა რუსკა მაყაშვილს შეგადარა, რამდენიმე დღის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს რუსკამ სერიალი დატოვა. რეალურად, რა ხდება?

- ზოგს ჩემი ცხვირის მიმართაც "რაღაცნაირი" დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ მაღელვებს (იცინის). არ ვიცი, ასე მხოლოდ საქართველოში ხდება თუ უცხოეთშიც ანალოგიური სიტუაციაა, მაგრამ მსახიობის შეფასება ცხვირის ზომის მიხედვით, ნამდვილად მიუღებელია. რუსკა უნიჭიერესი ადამიანია და მიხარია, რომ ჩვენს სერიალშიც მონაწილეობს. "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ სტატუსს რაც შეეხება, არ ვიცი, რა ხდება. არა მგონია, ეს ყველაფერი რუსკას დაეწერა, რადგან ფაქტია, რომ ის სერიალიდან არავის გაუშვია და თავადაც არ წასულა. უბრალოდ, არიან პერსონაჟები, რომლებიც სერიალში ხან შემოდიან, ხან - არა. რამდენიმე სერიის წინ პაუზა ჰქონდა, შემდეგ კი ეკატერინე (რუსკას პერსონაჟი) ისევ დაბრუნდა. თანაც, ერთი პერიოდი, თავად რუსკას არ ეცალა - გასტროლზე იყო...

მესამე წელია, რადიოში ვმუშაობ - წამყვანი ვარ. ამ ამპლუაში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. მსმენელები ყველაზე მეტად მიყვარს! ძალიან თბილი ადამიანები არიან. საოცარი გულშემატკივრობა, მოფერება, მხარში დგომა იციან. სერიალის ჩაწერაზე ხშირად დადიან, ჩემი წარმატება უხარიათ... რადიოს წამყვანობა ის საქმეა, რომელსაც თავს არ დავანებებ!

ოჯახი

- სახლში 5 ქალი ვართ: მე, ბებია, დედა, და და ჩემი ძაღლი - ლულუ. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ოჯახში ერთადერთი მსახიობი ვარ და აბსოლუტურად მთელი სანათესავო მგულშემატკივრობს. ოჯახის წევრები ერთ გუნდად შეკრული ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. შინ მისვლა ყოველთვის მიხარია. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კლუბსა თუ ბარში წასვლას, სახლში ყოფნას ვამჯობინებ, რადგან ოჯახის წევრებთან კარგ დროს ვატარებ.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- ბევრჯერ. როცა შეყვარებული ვარ, საშინელი და აუტანელი ვხდები.

- რატომ, თამუნასავით ეჭვიანი ხარ?

- (იცინის) დოზირებულად ეჭვიანი ვარ. როცა კონკრეტული ადამიანი ჩემ მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი არ არის, ეჭვები მაშინ მიჩნდება. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნაკლი და მეც მაქვს ჩემი "ფხიკები".

- ურთიერთობის დანგრევის მიზე­ზი ოდესმე, შენი ეჭვიანობა ყოფილა?

- არა. უბრალოდ, ჯერ უამრავი რაღაც გროვდება, მერე კი ურთიერთობა თავისთავად ინგრევა.

- ისეთი სერიოზული რომანი თუ გქონია, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრა?

- კი, მაგრამ მაშინ, როცა შედარებით პატარა ვიყავი. როცა 25 წელს გადააბიჯებ, მერე ფიქრობ: - რა დროს დაოჯახებაა? მაგრამ სხვები არ გასვენებენ და გეკითხებიან: არ თხოვდები? როდის უნდა გათხოვდეო?.. "არ თხოვდები" რას ნიშნავს? თუ მომინდება, გავთხოვდები და გაგაგებინებთ. ჯერ ერთი, შესაფერისი კანდიდატურა არ არის და მეორეც: არ მომწონს სტერეოტიპი, რომ გოგო აუცილებლად, 25 წლამდე უნდა დაოჯახდეს და შვილი ჰყავდეს. შვილი კარგია, მაგრამ ადამიანმა ოჯახი მაშინ უნდა შექმნას, როცა ამისთვის მზად იქნება.

დასვენება, გართობა

- წიგნის კითხვა, ფილმების ყურება მიყვარს. ვინაიდან ლეპტოპი არ მაქვს და კომპიუტერს ლოგინში ვერ წავიღებ, ამიტომ საძინებელ ოთახში მყოფს წიგნის კითხვა მირჩევნია. როცა მეგობრები დასასვენებლად მივდივართ, წიგნები თან მიგვაქვს. ერთდროულად, ერთსა და იმავე ნაწარმოებს ვკითხულობთ, შემდეგ კი ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. კლუბებში მხოლოდ ზაფხულობით და თანაც - საზღვარგარეთ ყოფნისას მივდივარ, რადგან აქაურ კლუბებში არსებული სიტუაცია არ მომწონს: უცხოეთში უფრო მეტად გაერთობი, იქ "სხვა" თვალით არ შემოგხედავენ. ყველა ერთობა, საერთო გუნდი იქმნება და ყველაფერი "ფლეშმობს" ემსგავსება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება