თბილისის იუსტიციის სახლთან მრევლმა და სასულიერო პირებმა დღეს აქცია გამართეს.
ისინი ელექტორნული პირადობის მოწმობების ალტერნატიული უჩიპო ბარათებით ჩანაცვლებას ითხოვდნენ.
დღევანდელი აქცია შუადღის 13 საათზე დაიწყო.
იუსტიციის სახლთან მისულს თვალში მომხვდა ხატების კუთხე, სადაც სასულიერო პირები და მრევლი ხელმოწერებს აგროვებდნენ.
"ჩვენ უკვე დიდი ხანია აქ ვართ შეკრებილები. ვმართავთ სადღეღამისო აქციებს, რომ დაშვებული იქნას პირადობის ალტერნატიული მოწმობები. ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ ელექტრონული მონები. დღეს შევიკრიბებით აქ, რის შემდეგაც გავემართებით იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით და მოვითხოვთ, რომ იუსტიციის მინისტრმა კომპეტენტური პასუხი გაგვცეს ჩვენს მოთხოვნებზე", - ამბობს ზაზა ნანობაშვილი. მისივე თქმით, უკვე 100 000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული.
დაახლოებით ერთ საათში აქციის მონაწილეები საპატრიარქოსკენ მსვლელობით დაიძრნენ და საპატრიარქოს სამდივნოს კათოლიკოს-პატრიარქისა და სინოდისადმი მიწერილი ოფიციალური მიმართვა გადასცეს.
"ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევასა და მის ელექტრონულ ზომბირებას ეხება, საქართველოში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს და ეკლესიამ ამ უსამართლო ქმედებაზე თავისი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს", - წერია მიმართვაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდისადმი მიმართვაში ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ "მართლმადიდებლური ქვეყნების გარდა, ევროპის უამრავმა ქვეყანამ განაცხადა პროტესტი კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე: საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ... უცხოელმა ექსპერტებმა კი ეს პროცესი შეაფასეს, როგორც "ადამიანის უფლებების შემლახველი ტოტალური კონტროლი."
შეგახსენებთ, რომ "მართლმადიდებელთა კრებულის" ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქცია ბოლოს 2013 წლის სექტემბერში თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა მოთხოვნის წერილით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge