რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში

რუსის მიერ შექმნილი "პატარა საქართველო" სოჭში

"ხშირად მეკითხებიან: რუსეთ-საქართველოს შორის არცთუ ისე კარგი დამოკიდებულებაა და შენ ასე ძალიან რატომ გაინტერესებს საქართველოო? - კი, მაგრამ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ?! ერთი ჩვეულებრივი რუსი ვარ, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველების გარემოცვაში გაატარა... მე იარაღს არ ვაგროვებ, არც ტანკები მყავს და არც ავტომატები მიწყვია სახლში. პოლიტიკით არასდროს მიცხოვრია და ეს სფერო არც მაინტერესებს. მე საქართველო მიყვარს და ყველაფერ ქართულს ვაგროვებ. სახლში გასული საუკუნეების "პატარა საქართველო" მაქვს, რადგან მიყვარს ეს ქვეყანა თავისი ხალხით, წარსულით, კულტურით, ტრადიციებით და ამ სიყვარულის გამოხატვას ვერც პოლიტიკა დამიშლის და ვერც - კონკრეტული პიროვნებები", - ამბობს შუახანს მიღწეული "ქართველომანი" (როგორც ამას თავად აღნიშნავს), ვიქტორ ანისიმოვი.

ის ახლა სოჭში, ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში ცხოვრობს. მან ისეთი სახლი აიშენა, რომელიც ძველი ქართული ტაძრისთვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გალამაზებული და მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად იქ გადავიდა... მას ქართველ ხალხთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს და ცხადია, მისგან ასეთი საქციელი გასაკვირია...

ბატონი ვიქტორი თავად დაგვიკავშირდა, საკუთარი გატაცების შესახებ გვიამბო და წლების განმავლობაში დაგროვილ-შექმნილი "პატარა საქართველოს" ფოტო და ვიდეომასალაც მოგვაწოდა...

- ბავშვობა სოჭელ ქართველებთან ერთად გავატარე და ალბათ მაშინ "მოვიწამლე" თქვენი სიყვარულით. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში, განსაკუთრებით, "თბილისობას" მიყვარს თქვენთან სტუმრობა. ამ დღესასწაულს ქუჩაში ვატარებ და "ჩემი" თბილისის ხედების ცქერით ვტკბები. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ძველი ნივთების გამოფენები ეწყობა, რომელთა შეძენა-დათვალიერებაც ჩემი სისუსტეა. თბილისიდან შინ ყოველთვის დატვირთული და რაც მთავარია, ბედნიერი ვბრუნდები. საქართველოში მიღებული დადებითი ემოცია მომავალ "თბილისობამდე" მიმყვება ხოლმე...

- როგორც ვიცი, ხშირად ამბობთ, რომ საქართველოს სიყვარული მემკვიდრეობით გადმოგეცათ...

- თქვენი ქვეყანა ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ და ყოველ ზაფხულს, არდადეგებზე საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში ჩამოვდიოდით. სკოლის ასაკში, სტუდენტობის პერიოდშიც და შემდგომაც, ქართველების სამეგობრო წრე მყავდა. საქართველოში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ყველაფერი ქართული ჩემთვის მშობლიურივით ახლობელია... ახლანდელ თავისუფლების მოედანზე ხშირად ვიკრიბებოდით. განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა სამი ძმა: შალვა, ზურა და ირაკლი ბაბუხადიები. სამწუხაროდ, მათ შორის ერთ-ერთი აღარ არის ცოცხალი... ახალგაზრდობაში, ავტორალითაც ვიყავი გატაცებული. იმ წლებში სპორტის ეს სახეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, მაგრამ მე და ჩემი თბილისელი, ჩემსავით თავზე ხელაღებული მეგობრები "გაძრომას" მაინც ვახერხებდით... ჩემი არალეგალური "ტრენერიც" ქართველი იყო, გვარად ხმელიძე. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებას ტკბილ მოგონებად შემორჩა. ჩემი სიყრმის მეგობრები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ - ზოგი სოჭში ჩამოვიდა საცხოვრებლად, ზოგიც - მოსკოვში, ზოგი თბილისში დარჩა, ზოგი კი სამწუხაროდ, ამქვეყნად აღარ არის... 10 წელი ძალოვან სტრუქტურაში ვიმუშავე და იქაც, ჩემი მეწყვილე ქართველი იყო. დედას ის ბიჭი საკუთარი შვილივით უყვარდა და მასაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედაჩემთან... არ ვიცი, ეს მართლა ბედისწერამ დაწერა ასე თუ ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხდა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, - ალბათ მეც ქართველად უნდა დავბადებულიყავი-მეთქი...

- ამჟამად სოჭში, ქართველებით დასახლებულ სოფელში ცხოვრობთ, არა?

- დიახ, ასეა! წლების წინ, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის დროს, თანამშრომლებს აგარაკებს ურიგებდნენ და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგე, რომ მე მიწის ნაკვეთი ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში მომცეს... ქართველი მეზობლები მყავს და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად აქ გადმოვედით.

- ქართულად ლაპარაკი თუ შეგიძლიათ?

- "საყველპუროს" რომ ეძახით, ისეთი ქართულით ვსაუბრობ, მაგრამ ენის არცოდნა, ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარულში ხელს ნამდვილად არ მიშლის... როგორც საქართველოში, ისე სოჭში, ყველამ იცის ჩემი გატაცების შესახებ და "ქართული სამყაროს" შექმნაში მეგობრებიც მეხმარებიან. ვაგროვებ ყველაფერ ქართულს: ძველი თბილისის ფოტოებს, საუკუნეების წინ სოჭში მცხოვრები ქართველების პორტრეტებს, რომლებიც ამ ქალაქს აშენებდნენ; ფირფიტაზე ჩაწერილ ქართულ ფოლკლორს და ქალაქურ სიმღერებს (რასაც მთელი ბავშვობა ვუსმენდი), უძველეს ნივთებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ყველანაირ ჭურჭელს, არყის სახდელ ქვაბს, დოქისა და ფიალების ნატეხებსაც კი. სხვათა შორის, ამ საქმეში ქართველების გარდა, სომეხი მეგობრებიც მეხმარებიან...

- როგორც ვიცი, სახლში თონე გაქვთ...

- დიახ, და ეს თონე სპეციალურად საქართველოდან ჩამოყვანილ ქართველ ოსტატს გავაკეთებინე. მე და ჩემი მეუღლე პურს სახლში ვაცხობთ. სხვათა შორის, ჩემი სახლი ძველ ქართულ ტაძარს წააგავს. როგორც ქართულ სოფლებში, მეც ცალკე მაქვს სამზარეულო, სადაც შუაცეცხლზე ქართულ კერძებს ვამზადებთ. მისი ბანერი, ქართული წარწერით "დუქანი", თბილისში დავამზადებინე და ზედ ძველი თბილისის ფონია, ქალაქელი კინტოებია გამოსახული...

- მზარეულობა გამოგდით?

- საკმაოდ კარგი მზარეული ვარ. კარგად ვიცი მწვადისა და ხინკლის მომზადება... სხვათა შორის, ჭურჭელიც ძველქართული გვაქვს. ეზოში მაქვს ჭა, საიდანაც წყალს ვიღებთ. ერთი სიტყვით, შინ "პატარა საქართველო" მაქვს.

- ქართულ ღვინოსაც აყენებთ?

- ეზოში მოშენებული მაქვს ვენახი. "ხვანჭკარასა" და "ალექსანდროულის" ჯიშის ყურძნისგან ქართული, უფრო სწორად, კახური ტექნოლოგიით ვაყენებ ღვინოს... მოსავალი არც ისე ბევრია, მაგრამ სუფთად ვამზადებ და კარგი ღვინო გამომდის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეგობრებს მოსწონთ. აქ, სოჭში, არის ღვინის ქარხანა, რომლის უფროსი ქართველია და მას ხშირად ვესაუბრები თქვენებური ღვინის სპეციფიკაზე. როდესაც ჩემი ქართველი მეგობრები ჩემთან სტუმრად მოდიან, თუ კარგი ამინდია, ეზოში ვიკრიბებით, თუ არა და, შუაცეცხლთან ვშლით სუფრას, ვქეიფობთ. ზოგჯერ პლასტუნკელი ქართველი მეზობლებიც გვსტუმრობენ...

- თბილისში ჩამოსვლას მხოლოდ "თბილისობას" ახერხებთ ხოლმე?

- ბოლო დროს, ძირითადად, ასეა! სხვათა შორის, "თბილისობის" შემდეგ მცხეთას, კახეთს, რაჭას ვსტუმრობ... დიდი ხანია, ქართულ არღანზე ვოცნებობ. წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ვერსად გადავეყარე. ბოლოს, როცა თბილისში ვიყავი, "მშრალ ხიდზე" გავიარე და იქ ვიპოვე. იქვე მიმასწავლეს ავლაბრელი მოხუცი ოსტატის სახლი, რომელმაც ჩემი არღანი შეაკეთა. როდესაც ამ ოსტატს ჩემი გატაცების შესახებ მოვუყევი, ბაბუამისის უძველესი ფოტო მაჩუქა, რომელზეც ულვაშიანი ქართველი ყალიონით ხელშია გამოსახული. როდესაც გახარებულმა საჩუქარი მანქანაში ჩავდე, გაოცებული მიყურებდა (იღიმის).

- აუცილებლად უნდა გკითხოთ რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე...

- (მაწყვეტინებს) ინტერვიუს დასაწყისშიც გითხარით, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც მათი ურთიერთობები მაინტერესებს... ისე კი, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია. სიტუაციის არევაში დანაშაული ორივე მხარეს მიგვიძღვის, მაგრამ ვის მეტი და ვის - ნაკლები, ამას ისტორია გაარჩევს. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. მე მესმის იმ გაღიზიანებული ქართველების, რომლებიც რუსებზე ბრაზობენ, მაგრამ მე, ერთმა უბრალო რუსმა, რომელსაც უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარს საქართველო, რა დავაშავე? მთელი ცხოვრება ვაკეთებდი "ქართულ მუზეუმს", სხვა არაფერი შემიძლია და ეს არის ჩემი წილი სიყვარული, პატიების თხოვნა, მოფერება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და საბედნიეროდ, პასუხადაც იმავეს ვიღებ. ასე ვცდილობ, ამოვავსო ის ნაპრალი, რომელიც პოლიტიკამ გააჩინა ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობაში. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკოსების გამო, საყვარელი ადამიანები დაკარგო ან შეიძულო. ისინი ხომ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჰოდა, ჩვენც ჩვენი უნდა გავაკეთოთ. მე არ შემიძლია, რაკეტა ან ტანკი დავამზადო, რათა მერე ვებრძოლო იმ ადამიანებს, რომლებიც შუღლსა და სიძულვილს თესავენ.

- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ რამე.

- მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ისინი მეხმარებიან, ყველაფერში მხარში მიდგანან და ჩემთან ერთად იზიარებენ საქართველოს სიყვარულს. ჩვენ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები ვართ და ადამიანურ სიყვარულს ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია